Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილები 4 კვ. მ პირადი ფართით


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, არის დაწესებულების სიდიდე და მრავალადგილიანი საკნები.

სახალხო დამცველის თანახმად, ამ საკნების უმრავლესობაში მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილები კანონმდებლობით განსაზღვრული 4 კვ.მ პირადი ფართით:

„ამ საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია. ამდენად, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება დიდი დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად გარდაქმნის შესახებ სახალხო დამცველის მიერ წლების წინ გაცემული და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაზიარებული რეკომენდაციის დროული შესრულება“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ასევე დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების გამო სამედიცინო მომსახურების მოცულობის შეზღუდვაზე, სამედიცინო პერსონალის რაოდენობის შემცირებაზე და გამოთქვამს ეჭვს, რომ ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მსჯავრდებულებისთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ზოგადად დადებითად აფასებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილ სიფრთხილეს და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ ზომებს, ასევე იმ ფაქტს, რომ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სახალხო დამცველმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე მონიტორინგი #17 პენიტენციურ დაწესებულებაში აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში განახორციელეს.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის და განსაკუთრებული პირადი გარემოებების გამო დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. მარტის ბოლოდან 780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.

20 მაისიდან განახლდა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის ამანათების გაგზავნა. მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების.

პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში რჩებიან, თუმცა როტაციის პერიოდი 2 კვირამდეა შემცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG