Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალთან ნაპოვნ ნეშტებს პრაქტიკულად იდენტიფიცირებულად აცხადებს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოფელ ტბეთთან ნაპოვნი სამი ნეშტი შესაძლოა, 16 წლის წინ გაუჩინარებული ორი დაღესტნელის და ერთი ცხინვალელის იყოს.

ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთთან სამარხი 8 ივნისს, მიწის დამუშავებისას აღმოაჩინა ადგილობრივმა ფერმერმა და სამართალდამცავებს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ანალიზი ჯერჯერობით არ ჩატარებულა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი დარწმუნებულია, რომ სწორედ დაკარგული დაღესტნელების და ცხინვალელის ნეშტებს მიაკვლიეს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გვამები ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც 2004 წლის 12 იანვარს ჯავის რაიონში დაიკარგნენ. ორი მათგანი დაღესტნელია, 1972 და 1960 წლებში დაბადებულები. მესამე კი ოსია, გვარად მარგიევი, 1985 წელს დაბადებული“, - უთხრა ცხინვალის ტელევიზიას ურუზმაგ ჯაგაევმა.

მისი განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს ტანსაცმლის ნარჩენები, რაც აძლევს საფუძველს ამტკიცოს, რომ სამარხში სწორედ ეს ადამიანები იყვნენ: „არის სხვა ინდივიდუალური ნიშნებიც, რომელთა მიხედვით, ჯერჯერობით დნმ-ს ანალიზის ჩატარების გარეშეც ვასკვნით, რომ ესენი ზუსტად ის ადამიანები არიან“.

ბოლო ორი დღის განმავლობაში დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტბეთთან აღმოჩენილი სამარხი ათ წელზე მეტი ხნისაა და ნეშტებს ძალადობის კვალი ემჩნევათ.

არსებული ინფორმაციით, დაღესტნელებზე, რომლებიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლები იყვნენ და მათ თანმხლებ ცხინვალელზე 2004 წელს ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ რეალიის“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციაში წყარომ უამბო, რომ ამ პირების გაუჩინარებიდან მალევე დააკავეს ორი ადგილობრივი მცხოვრები, თუმცა, ეჭვმიტანილები მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

სოფელ ტბეთთან სამარხის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაპოვნი ნეშტების იდენტიფიკაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების და კომპეტენტური ექსპერტების ჩართვა მოითხოვეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ეგიდით მიმდინარეობს. ორგანიზაციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

„ჩვენი დაინტერესება არის ამ საკითხის მიმართ და თუკი დადგინდება, რომ ეს ნეშტები შეიძლება კავშირში იყოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან, ან 90-იანი წლების კონფლიქტთან, ბუნებრივია, ვეცდებით, რომ ეს გახდეს სამმხრივი მექანიზმის განხილვის საგანი. ჩვენც დავიწყეთ მედიაანალიზი და კონფიდენციალური დიალოგის ფარგლებში ამ საკითხს დავაყენებთ, თუ ოდნავ მაინც გაჩნდება მინიშნება, რომ შესაძლოა, ეს რომელიმე კონფლიქტთან იყოს დაკავშირებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „წითელი ჯვრის“ კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, მაია ქარდავამ.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლები დეტალების გასარკვევად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG