Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს დასრულდება


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარლამენტის წინა ტერიტორიის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა ახლა მაქსიმალური ტემპით მიმდინარეობს და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.

დედაქალაქის მერი არ ეთანხმება ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მერიამ მოქალაქეებს საპროტესტო სივრცე წაართვა და მისი მიზანი სწორედ ის იყო, რომ 20 ივნისის აქციაზე პარლამენტის წინ ტერიტორია ჩაკეტილი ყოფილიყო:

„არ მგონია, ახლა მაგას სერიოზული პასუხი სჭირდებოდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ეგ ხომ შეუძლებელია. ჩვენ ეგ წლები ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი პროტესტი გამოხატონ და მათ ამაში ვერავინ ვერ შეუშლის ხელს“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

პარლამენტის წინ ტერიტორია უკვე 5 თვეა შემოღობილია. თბილისის მერიამ 2020 წლის პირველ იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. გამარჯვებული ერთადერთი პრეტენდენტი, „გრინსერვისი“ გახდა.

ტერიტორია 22 იანვრის ღამიდან ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც ძალის გამოყენებით დაშლილი საპროტესტო კარვების ადგილას მოწყობილი საახალწლო საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისათვის განკუთვნილი დახლები აიღეს.

ტერიტორიის მწვანე კედლით შემოღობვის მიუხედავად, 20 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან გახსნა.

სპეცრაზმელების მიერ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG