Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: ევროპული საქართველოსა და ოპოზიციის უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოსა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის საქმეებში ვერ ჩაერევა და ვერ იქნება მათ წინა ხაზზე.

ასეთი ამბიცია მიხეილ სააკაშვილის ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება ჰქონდეს, „ეს მისი და მისი პარტიის საქმეა“, - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ:

„ჩვენთვის ეგ საკითხი არ არსებობს საერთოდ და ვერაფერში ვერ ჩაერევა „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში სააკაშვილი“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

იგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დადგება, ოპოზიციაში მიმდინარე კოორდინაციის პროცესებს ძირითადად ვერ დააზიანებს:

„ვერავინ ვერ დააზიანებს, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს. და ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანად დამარცხება არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა და რაიმე სახის მოტივაციის, ან სიბრიყვის, ან პოლიტიკური ეგოიზმის გამო ვინც დააზიანებს, ის გადაიხდის ფასს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე 11 ივნისს გაავრცელა.

XS
SM
MD
LG