Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა გიორგი რურუა


თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლაბა „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შესახებ და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ მოსამართლე არ უნდა ისროდეს აბსტრაქტულ, უშინაარსო ფრაზებს: „მიიმალება, ჩაიდენს დანაშაულს და ა.შ.“ როგორც რურუას ინტერესების დამცველიგანმარტავს, „მოსამართლე კონკრეტულ გარემოებებზე უნდა უთითებდეს, საიდან გამომდინარეობს ეს რისკი, მაგრამ ცხადია, ვერ მიუთითებენ ასეთ გარემოებებზე, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობდა არანაირი საფუძველი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების. აქამდე თუკი თეორიულად ასაბუთებდა ბრალდების მხარე საკუთარ პოზიციას, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში უნდა ყოფილიყო თურმე იმიტომ, რომ მას შეიძლება, რამე ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, ახლა უკვე ყველა მოწმე დაკითხულია და ფიზიკურად ვერავისზე ზეწოლას ვერ მოახდენდა გიორგი რურუა“.

პროკურორი ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ დღეს, 11 ივნისს დასრულდა გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოკვლეული და დაკითხულია 34 მოწმე. ასევე გამოკვლეულია სამი ობიექტის ვიდეოჩანაწერები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები - ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მაყუჩი, გიორგი რურუას ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულის ტანსაცმელი.

„ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარემ ნამდვილად დაადასტურა წარდგენილი ბრალდება: 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) და 381-ე მუხლის (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა) პირველი ნაწილი“, - თქვა პროკურორმა.

ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ კვლავაც არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. „სასამართლოს მხრიდან გაზიარებული იქნა აღნიშნული არგუმენტი და ბრალდებული დატოვა პატიმრობაში“, - დასძინა მან.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ. მმართველი პარტიისგან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას მოთხოვდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი.

მსჯავრდებული პოლიტიკოსები - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

პრეზიდენტის შეფასებით, უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG