Accessibility links

ეზუგბაიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განცხადება


ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკური დირექტორი ამრინა ეზუგბაია ეხმაურება ბოჭორიშვილის კლინიკის გამგეობის თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ თავად უწევთ ყველა პაციენტთან დამოუკიდებლად გამკლავება, დაცვისა და სამართალდამცავების დახმარების გარეშე.

როგორც მარინა ეზუგბაიას განცხადებაშია ნათქვამი, მაკა სოლოღაშვილის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ა.წ. 9 ივნისს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნმა მაკა სოლოღაშვილმა მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“.

სინამდვილეში ოთხ COVID კლინიკას - რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არა ჰყავთ არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, „არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად“, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქ-ნი მაკა. არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა ა.წ. 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა ა.წ. 26 თებერვალს. ქ-ნი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადექვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში”, - აცხადებს ეზუგბაია.

კლინიკური დირექტორის ვერსით, „სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა. ვერც ქ-ნ მაკას კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოვება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა - ბ-ნმა ლევან გაფრინდაშვილმა გაუწია მათ დახმარება საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სწორედ ბ-ნმა ლევანმა მოახერხა შესულიყო კომუნიკაციაში აღნიშნულ პაციენტთან და გადასცა იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქ-ნ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს“.

მაკა სოლოღაშვილმა 9 ივნისს თქვა, რომ მათი სამი თანამშრომელი პაციენტებისგან დაინფიცირდა. როგორც სოლოღაშვილმა განმარტა, მათ თავად უწევთ ყველა პაციენტთან დამოუკიდებლად გამკლავება, დაცვისა და სამართალდამცავების დახმარების გარეშე.

„​კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ „დარჩი სახლში", მივცე თუ არა „პლაქვენილი" - ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თავად მედპერსონალისთვის. ეს არის ცხოვრების სტილი, როცა შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა - ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ.

ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, რომელთაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. არ გვეკარებოდა არავინ რისკების გამო, არცერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ის, რომ დაინფიცირდა სამი პერსონალი", - განაცხადა სოლოღაშვილმა, თუმცა ყველა დეტალი არ განმარტა, კონკრეტულად რა ვითარებაში დაინფიცირდნენ ექიმები.

სოლოღაშვილმა დაამატა, რომ ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა მათი ექიმი COVID - 19-ით დაინფიცირებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG