Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში წუხელ კორონავირუსისგან 13 პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობა აგრძელებს საგანგებო მდგომარეობას


სომხეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა 612-ით.

12 ივნისის საგანგებო სხდომაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა 13 ივლისამდე გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში დაწესდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის თანახმად, ეპიდემიის განმავლობაში გამოვლინდა დაავადების 15 281 შემთხვევა.

ვირუსმა არ დაინდო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც უკვე განიკურნენ დაავადებისგან.

ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება ერევნის მერი ჰაიკ მარუთიანი. ექიმებმა მას თვითიზოლირების მითითება მას შემდეგ მისცეს, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა მერიის თანამშრომელს, რომელთანაც მარუთიანს კონტაქტი ჰქონდა.

სომხეთში COVID-19-ით გარდაიცვალა 258 პაციენტი.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სომხეთში ძლიერდება შიდა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით.

ოპოზიციური პარტია „გაბრწყინებული სომხეთი“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთავრობის 100%-ით შეცვლა, რადგან ქვეყანა დამარცხდა კორონავირუსთან ბრძოლაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპონენტები „ძირგამომთხრელ საქმიანობაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სომხეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში „მარცხი განიცადა ზუსტად ისე, როგორც მთელმა მსოფლიომ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG