Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის უწყებისა და მისი უფროსის იმიჯის დაკნინება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუტების დასუსტება წარმოადგენს, როგორებიც არიან ეკლესია, ჯარი, პოლიცია.

„მათთვის ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მნიშვნელოვანი გავლენების მქონე აზრის ლიდერები და ინდივიდები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების, დისკრედიტირების მცდელობის კამპანია, რომელსაც, მისი თქმით, დეზინფორმაციის ტირაჟირების კამპანიის სახე აქვს:

„რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმებსაც იძენს, სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარის შეძენის საკითხებით მანიპულირებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანი თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითებაა.

მინისტრი ამბობს, რომ ეს კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში თავდაცვის ძალების ეფექტიანი რეაგირების კუთხით.

„დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალების და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მიზანია მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი მთავარი იდეის და მიზნის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვისუნარიანობის მოშლას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო საათზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს პარლამენტში.

მინისტრის ანგარიშს არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატები.

XS
SM
MD
LG