Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და სომხეთის სპეციალისტებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს COVID-19-ის საკითხზე


საქართველოს და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის 12 ივნისს გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ძირითადად კლინიკური საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს, თუმცა საუბარი შეეხო ასევე კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებსა და გაიდლაინებს. ისაუბრეს ასევე ტესტირების ალგორითმებსა და პრეპარატებზე, რომლითაც ინფიცირებულებს მკურნალობენ.

„ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, თუ როგორ ხდება კლინიკური შემთხვევების მართვა საქართველოში და ასევე სომხეთში. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სომეხი კოლეგებისთვის საინტერესოა საქართველოს მიდგომების გაცნობა და იმ სტრატეგიების დეტალურად შესწავლა, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა შეეკავებინა ვირუსის გავრცელება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოზიტიურად აფასებს სომხურ და ქართულ მხარეებს შორის შეხვედრის გამართვის ფაქტს და აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, რომლებიც მათ შორის 13 ივნისიდან დაიწყება:

„განსაკუთრებით იმ გაგებით, რომ სომხეთში ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა და სწორედ ის, რაზეც ხვალ იქნება საუბარი, პირდაპირ შეეხება ეპიდემიის ჩარჩოებში მოქცევას და იმის დაძლევას, რაც იქ ხდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 11 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთს, სადაც კორონავირუსის გამო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, საქართველო სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 612 ახალი შემთხვევით გაიზარდა და 15 281 შეადგინა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 258 ინფიცირებული.

12 ივნისის შუადღის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 843 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 697 განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა. დილის მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 5 შემთხვევაში ვირუსის გადადების წყარო ვერ დგინდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG