Accessibility links

თავდაცვის მინისტრი: პირველად ახალი ქართული პროდუქტებით ხდება მომარაგება ჯარის


საქართველოს შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგების შესახებ ილაპარაკა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სტუმრობისას.

„პირველად (უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ) ახალი ქართული პროდუქტებით ხდება მომარაგება ჯარის. ეს არის ხორცპროდუქტები და სხვა პროდუქტები. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი პროდუქტით ხდებოდეს ჩვენი ჯარის მომარაგება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სჭირდება წარმოება ადგილზე“, - ამბობს ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრმა თავისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდიც გაიხსენა. „ჩემი დამოკიდებულება, მოგეხსენებათ, როგორი იყო და არის ქართული წარმოების განვითარების მიმართულებით. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩემი შექმნილია, ჩემს დროს შეიქმნა თავის დროზე, 2014 წელს. მე, როგორც მინისტრი, მაქსიმალურად მხარს დავუჭერ ქართული პროდუქტების შეტანას და მომარაგებას“, - თქვა მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია დააჯარიმა 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებული პარტიის გამო. დაჯარიმების საფუძველი გახდა პროდუქტზე ჩატარებული ექსპერტიზა.

გასული წლის ნოემბერში რადიო თავისუფლების გადაცემა „თავისუფლების მონიტორში“ გავიდა სიუჟეტი, ქართული ჯარის უხარისხო ხორცით მომარაგების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG