Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთი „მინიმალური დანაკარგით“ გამოდის ეპიდემიური ვითარებიდან, განსხვავებით აშშ-ისგან


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყანა „მტკიცედ“ და „მინიმალური დანაკარგებით“ გამოდის კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციიდან, განსხვავებით აშშ-ისა, სადაც, მისი აზრით, „მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა დგას ჯგუფური, პარტიული ინტერესები“.

თავისი მოსაზრება რუსეთის ლიდერმა გამოთქვა ტელეარხ „როსსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან გამართული პირველი ვრცელი საუბარია კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ - პირველზე. ამასთან, აშშ მოსახლეობით სულ მცირე ორჯერ აღემატება რუსეთს.

პუტინის თანახმად, რუსეთში მინისტრები და რეგიონების მეთაურები „ერთ გუნდად შეკრული“ მუშაობენ, ხოლო აშშ-ში საქმე სხვაგვარადაა: პრეზიდენტი ერთს ამბობს, გუბერნატორები კი სხვას.

რუსეთის ლიდერის ამ განცხადების ფონია ეპიდემიის თაობაზე რუსეთის ოპერატიული შტაბის ახალი მონაცემები. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID-19-ის დაავადებული 119 პაციენტი გარდაიცვალა.

შაბათის სტატისტიკასთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსეთში უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.

ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა ასევე აშშ-ში პოლიციის მხრიდან ძალმომრეობისა და რასიზმის წინააღმდეგ დაწყებულ გამოსვლებს, რაც, კრემლის ლიდერის აზრით, „ღრმა შიდა კრიზისზე“ მეტყველებს. რაც შეეხება აშშ-ში პროტესტებს და არეულობებს, ამის მიზეზად პუტინი მიიჩნევს პოლიტიკურ ბრძოლას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG