Accessibility links

ორგანიზაციები მთავრობას შშმ პირთა მხარდაჭერის მყარი მექანიზმების შექმნისკენ მოუწოდებენ


საქართველოში მოქმედი 19 არასამთავრობო ორგანიზაცია და შშმ პირთა უფლებების დამცველი აქტივისტები ეხმიანებიან შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს და მიმართავენ მთავრობას, შექმნას შშმ პირთა მხარდაჭერის მყარი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მექანიზმები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა სავალდებულო, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად და ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანი და არასისტემურია. ქვეყანაში დღემდე არ გატარებულა ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონვენციის რატიფიცირებიდან მოკლე ვადაშივე უნდა განხორციელებულიყო - მათ შორისაა, კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება და ამოქმედება, სოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება”, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

უფლებადამცავი ორგანიზაციებისა და ცალკეული სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა უფლებების დაცვის არაპრიორიტეტულობა ნათლად გამოჩნდა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაშიც:

ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განცხადების ხელისმომწერები მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:

  • შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და გადადგას ნაბიჯები „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბების მიზნით;
  • შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში, ჩამოაყალიბოს და აამოქმედოს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო;
  • შშმ პირების საჭიროებებზე დაყრდნობით განავითაროს სათემო სერვისები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • მოახდინოს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შეიმუშავოს და განახორციელოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და უზრუნველყოს ქმედუნარიანობის რეფორმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  • უმოკლეს დროში უზრუნველყოს სოციალური მოდელის შემოღება და ეფექტიანი დანერგვა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს შშმ პირთა მიმართ ამჟამად არსებულ სამედიცინო მიდგომებს;
  • უმოკლეს დროში მოახდინოს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე, მიიღოს ზომები კონვენციის იმპლემენტაციისათვის სხვა ინსტრუმენტების მათ შორის, მარაქეშის შეთანხმების, რატიფიცირების მიზნით;
  • ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყველა შშმ პირის ეფექტიანი მხარდაჭერა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG