Accessibility links

გაბუნიას შესაძლო მკვლელობის გეგმა - გვარამია მოითხოვს მასალების მაქსიმალურად გასაჯაროებას


„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე. როგორც გვარამია ამბობს, საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი განსხვავდება იმისგან რაზეც თავად საუბრობს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვა მიზეზით დააკავეს ის, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი, უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, ამ არხის და არამხოლოდ ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის და არამხოლოდ ჟურნალისტიკის, ამ ქვეყნის ზოგადად გამორჩეული სახის, ფიგურის, მოქალაქის ლიკვიდაციას, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ თავის დროზე, ამაზე რამზან კადიროვის გამონათქვამებიც გვახსოვს და ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არამხოლოდ.

რაც ჩვენთვის არის ცნობილი, იმას მოგახსენებთ. ჩვენი წყაროს ცნობით, კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან ინფორმაცია ცნობილი გახდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე“, - თქვა გვარამიამ.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ, რის გამოც ტელეარხმა გააძლიერა მისი დაცვა. „არ დაგიმალავთ, რომ ვიფიქრეთ, ეს არის [საქართველოს] ხელისუფლება. ყველა ჩვენს წამყვან სახეს უთვალთვალებს ხელისუფლება, ჩემი დაწყებული გაბუნიათი გაგრძელებული და სხვებით“, - დაამატა გვარამიამ.

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად. „ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როცა გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვის“, - ვარაუდობს გვარამია და საქმის საქართველოს სამართალდამცველებისთვის გადმოგზავნას კორონავირუსის გამო კონტროლის მოშლას უკავშირებს.

როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ამის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერეს გიორგი გაბუნიას დაცვა. ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, თუმცა გვარამიას ცნობით, მან ზომები მიიღო.

„იმთავითვე გეტყვით, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პრვოკაციად. მიუხედავად ამისა, გააძლიერა მაინც (რაც მისასალმებელია) კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე. საბოლოო ჯამში დაკავებულ იქნა ეს მოქალაქე, როგორც უკვე გითხარით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ რეალური მიზეზით.

ჩვენთვის დიდად გასაკვირი ეს არ არის, იმიტომ, რომ ეს კარიბჭე საქართველოსი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არ არის კონტროლირებადი“, - მიიჩნევს გვარამია.

ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მიადგება „მთავარი არხის“ ნებისმიერ თანამშრომელს, ნიკა გვარამია პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას. ის მოუწოდებს საქართველოს და უკრაინის სამართალდამცავებს მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის.

სუს-მა სპეცოპერაცია თბილისში 12 ივნისს ჩაატარა. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს, რომლის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მალევე გაბუნიას სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააპროტესტეს, სადაც არხიდან მისი წასვლა და მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, - აღნიშნა პუტინმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG