Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძეს არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მის კოლეგას, ანა დოლიძეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს. ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როდესაც ანა დოლიძეს, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებისკენ მოუწოდეს.

„სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი. „თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. პოსტში მან ანა დოლიძის ინტერესთა კონფლიქტზე ვრცელი განმარტება გააკეთა და ჩამოთვალა 3 ძირითადი შეზღუდვა, რაც, მისი შეფასებით, ანა დოლიძეს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევს:

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

ნაზი ჯანეზაშვილისთვის ასეთ ფონზე ბუნებრივია ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებას უჩნდება ანა დოლიძის მიერ დაფუძნებული მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. „თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა (რაც ჩემთვის არადამაჯერებელია), მაშინ, საინტერესოა, რა პროექტები აქვთ და რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას. თუ ასე არ არის, საინტერესოა, რომელი წყაროდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია?“, - კითხულობს ნაზი ჯანეზაშვილი

2. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა ამისა, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ჩვენი, როგორც წევრების საქმიანობის ხელშეწყობა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეროგატივაა და არა კერძოდ ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული თანამშრომლის.

ანას და მისი ორგანიზაციის საჯარო აქტივობებიდან კარგად ჩანს, რომ მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას აქვს ოფისი, ჰყავს სტაფი (პრესსამსახური), ამასთან, თავად ანა, როგორც ორგანიზაციის ოფიციალური თავმჯდომარე, მენეჯმენტს უწევს მოძრაობის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვას,- აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი

3. ვინაიდან ანა დოლიძე არის მოძრაობის „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა, შეფასებული იქნას როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა:

“საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი”. თანაც იმ დროს, როდესაც მისი მოძრაობის წესდებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აკისრია“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

სამოქალაქო სექტორმა 16 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებულია ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, "ხალხისთვის" არა პოლიტიკური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG