Accessibility links

„ხელისუფლება არ არის ლოიალური არა მხოლოდ კრიტიკული აზრის, არამედ ნეიტრალური პოზიციის მიმართაც - ამოსავალია სრული საინფორმაციო კონტროლი"


მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი

ვიდრე წინასაარჩევნო მედიაგარემოზე შევუდგებოდით საუბარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში პირის დაკავებას ეხება:

ვიდრე საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ მედიაგარემოსა და საზოგადოების მიერ მის აღქმაზე შევუდგებოდით საუბარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავებას ეხება:

„ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია და იმედია, სახელმწიფო დროულად გამოიძიებს და ყველა არსებულ კითხვას გაეცემა პასუხი, ვინაიდან ეს ცალსახად შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, კონკრეტული ჟურნალისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ ამბავს შეუძლია მოახდინოს გლობალური ეფექტი ქვეყანაზე, დაწყებული უსაფრთხოებით, გარკვეული თემების დაბლოკვით და თვითცენზურის ჩამოყალიბებით. ანუ, ძალიან კომპლექსური მასშტაბი აქვს, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჟურნალისტის სიცოცხლე და ჯანრმთელობა იყოს დაცული და გამოძიებამ დროულად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას“.

გასულ კვირაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები, რომლის ერთი ნაწილი აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა - 71% თვლის, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა „ხანდახან“ (45%) ან „ყოველთვის“ (26%), რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება.

მამუკა ანდღულაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ფაქტია, რომ ხელისუფლება არ არის ლოიალური არა მხოლოდ კრიტიკული აზრის, არამედ ნეიტრალური პოზიციის მიმართ, რადგან მისთვის ამოსავალია სრული საინფორმაციო კონტროლი. მისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებისწინა პერიოდისთვის მოთავისუფლდეს ველი, რომ, სადაც კი ხელი მიუწვდება ხელისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკა მაქსიმალურად გაკონტროლებული იყოს, რომ პირველ რიგში: ა) მისთვის სასურველი ინფორმაცია ვრცელდებოდეს და ბ) თუ გავრცელდა სხვა ინფორმაცია, ალტერნატიული ინფორმაცია შესთავაზონ ან დისკრედიტაცია მოხდეს. ეს არის ძირითადი ამოცანა. ხელისუფლებას რამდენადაც პოლიტიკურად უჭირს, იმდენად უფრო ართულებს მედიაგარემოს და იმდენად უფრო მძაფრად რეაგირებს გამოხატვის თავისუფლებაზე“.

მამუკა ანდღულაძე თვლის, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, მედიაგარემო კიდევ უფრო დამძიმდა, მათ შორის, პანდემიის გამო, თუმცა, არა მხოლოდ:

„თუ გადავხედავთ ბოლო წლების არჩევნებს, 2016 წლის არჩევნების წინ გადაცემების დახურვაც იყო, „რუსთავი2“-ის ამბების დაწყება, საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ნეგატიურ არჩევნებად იყო მიჩნეული. წინა წელს კი, ვიდრე კოვიდი დაიწყებოდა, ტენდენცია იყო ძალიან ნეგატიური, ძალიან საშიში. ეს არა მხოლოდ ე.წ. სამართლებრივი საკითხების დავა იყო, არამედ ტენდენცია იყო - კრიტიკული ხალხის დევნა და ა.შ. - სასამართლო, დაკავება, იგივე აჭარის ტელევიზიის პროცესი. ანუ, ყველაფერი მიდის უარესობისკენ“.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG