Accessibility links

კორონავირუსის მკაცრმა ზომებმა მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა


მაშინ, როცა მრავალი ქვეყანა ამსუბუქებს ან აუქმებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოღებულ მკაცრ საკარანტინო ზომებს, ახალი სამეცნიერო კვლევები ნათელყოფს, რომ თავდაპირველმა აკრძალვებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

კრიტიკოსები კვლავაც ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვები თავის მხრივ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს. ესაა, მაგალითად, სხვა ავადმყოფობების მკურნალობის შეფერხება COVID-19-ზე კონცენტრირების გამო, თვითმკვლელობების რიცხვის აშკარა ზრდა, ოჯახური ძალადობა, უმუშევრობა, სიღატაკე, შიმშილი.

მკაცრი შეზღუდვების სხვა უარყოფით მხარეებს შორისაა ეკონომიკური უთანასწორობის ზრდა, განათლების პროცესის შეფერხება, მომავლისადმი საზოგადოების რწმენის მოშლა.

კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების დროულად შემოღება სწორი გადაწყვეტილება იყო ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

დღემდე გრძელდება იმაზე კამათი, თუ რამდენად სწრაფად უნდა გაუქმდეს აკრძალვები ეკონომიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

მაგრამ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარებულმა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების დროულად შემოღება სწორი გადაწყვეტილება იყო ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

ერთ-ერთი კვლევა, რომლის შედეგები ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევრებმა ჩაატარეს. მათი შეფასებით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა, რომლებიც 4 მაისამდე მოქმედებდა, 3 მილიონამდე ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს ევროპის 11 ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და შვედეთში.

მეორე გამოკვლევა, რომელსაც კალიფორნიის უნივერსიტეტში ატარებდნენ ბერკლიში, ფოკუსირებული იყო ადგილობრივ, რეგიონულ და სახელმწიფო დონეებზე „არაფარმაცევტულ ჩარევაზე“ ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში.

ამ გამოკვლევის შედეგებსაც ჟურნალი Nature-ი აქვეყნებს. მან აჩვენა, რომ ამ ექვს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოტივით შემოღებულმა საკარანტინო ზომებმა ხელი შეუშალა საერთო ჯამში დაახლოებით 530 მილიონი ადამიანის ინფიცირებას.

ამ გამოკვლევის წამყვანმა მეცნიერმა, სოლომონ სიანმა, განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა გლობალურმა ზომებმა „დროის მოკლე მონაკვეთში მეტი სიცოცხლე გადაარჩინა, ვიდრე ოდესმე მანამდე“.

მეცნიერთა თქმით, შემზღუდავი ზომების გარეშე COVID-19-ის გავრცელების ტემპი ადრეულ ეტაპზე დღეში 38% იქნებოდა.

„დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ საგრძნობლად და ძირეულად შეანელა ეს ზრდა“, ნათქვამია კვლევაში.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა გლობალურმა ზომებმა დროის მოკლე მონაკვეთში მეტი სიცოცხლე გადაარჩინა, ვიდრე ოდესმე მანამდე.
სოლომონ სიანი

ამავე კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ზომა სხვადასხვანაირად მოქმედებს სხვადასხვა ჯგუფში. მაგრამ, მათი თქმით, სრულიად აშკარაა, რომ ამ პანდემიის დროს გამოყენებული შემზღუდავი ზომების პაკეტები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის იძლევა უფრო ფართო, უფრო სასარგებლო შედეგებს, რომელთა უკეთ გაზომვაც არის შესაძლებელი.

ახლი კვლევების დასკვნები მთელ რიგ ქვეყნებში ეხმარება ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის გადაწყვეტაში, როგორ გააგრძელონ სვლა. განსაკუთრებით ახლა, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიის ახალმა კერებმა იჩინა თავი.

მასობრივი ლოცვით შეშფოთებული როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის ქვეყანაში მკაცრი ზომები იქნება შემოღებული, თუკი მოსახლეობა განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების დარღვევას.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი
ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი

მას მერე, რაც ირანმა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო საკარანტინო ზომების შემსუბუქება, უკანასკნელ კვირებში კვლავ შეინიშნება როგორც ინფიცირების ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აპრილთან შედარებით.

როჰანიმ ამის გამო ბრალი დასდო მოგზაურებს, რომლებიც დაავადებას ავრცელებენ დაბალი რისკის პროვინციებში.

მან შეშფოთება გამოხატა მასობრივი ლოცვის თაობაზე, რაც ახლახან განახლდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იმამ რეზას სალოცავში.

„თუკი არ იქნება თანამშრომლობა, იძულებული ვიქნებით, აკრძალვები ხელახლა შემოვიღოთ“, თქვა როჰანიმ და დასძინა, რომ ამკრძალავი ზომების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ „ბიზნესებმა ფუნქციონირება განაგრძონ“.

შვედეთის მოდელმა არ გაამართლა

კორონავირუსის პანდემიაზე შვედეთის პასუხს გამონაკლისად მიიჩნევდნენ მარტ-აპრილში. იქ უარი თქვეს მკაცრ საკარანტინო ზომებსა და ბიზნესების დახურვაზე.

მაგრამ ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ამ ქვეყანაში მაღალი იყო ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებლები და ის სკანდინავიის სხვა ქვეყნებზე ბევრად უარესად გაუმკლავდა ამ დაავადებას.

ხალხი სტოკჰოლმში, ღია ცის ქვეშ მოქმედ რესტორანში.
ხალხი სტოკჰოლმში, ღია ცის ქვეშ მოქმედ რესტორანში.

მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი, რომელიც არის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაკლებად მკაცრი მიდგომის ავტორი, თავიდან კრიტიკულად იყო განწყობილი ევროპის სხვა ქვეყნებში შემოღებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმების მიმართ.

3 ივნისს კი ტეგნელმა Sveriges Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი მიდგომა მცდარი იყო და რომ COVID-19-ს ძალზე ბევრი შვედი ემსხვერპლა.

თუ ამ დაავადებასთან კვლავ გვექნება საქმე და ზუსტად იმდენი გვეცოდინება მის შესახებ, რაც დღეს, ვფიქრობ, შუალედური გზა უნდა ავირჩიოთ შვედეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიდგომებს შორის.
ანდერს ტეგნელი

„თუ ამ დაავადებასთან კვლავ გვექნება საქმე და ზუსტად იმდენი გვეცოდინება მის შესახებ, რაც დღეს, ვფიქრობ, შუალედური გზა უნდა ავირჩიოთ შვედეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიდგომებს შორის“, თქვა ტეგნელმა.

მეორე ტალღა მოდის?

ეკონომიკის კვლავ გახსნის პროცესში სერიოზული საფიქრალია ის, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღა დაიწყოს, რაც კვლავ გვაიძულებს მკაცრი საკარანტინო ზომების დაბრუნებას.

„მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს უკვე დამთავრდა, დაბეჯითებით უნდა უკუვაგდოთ“, განაცხადა ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარმა სემ ფლექსმენმა. „ჩვენ ამ პანდემიის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით“.

მკვლევრების აზრით, არსებობს იმის ძალიან რეალური საფრთხე, რომ აკრძალვების მოხსნის შედეგად, ზაფხულის განმავლობაში ან ადრეულ შემოდგომაზე, შეიძლება დაიწყოს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომელსაც პარიზში უდევს ბინა, აცხადებს, რომ მომავალი წლის პროგნოზი „ერთობ ბუნდოვანია“ პანდემიის გამო, რომელმაც „გამოიწვია ყველაზე მწვავე ეკონომიკური რეცესია თითქმის უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში და უზარმაზარ ზიანს აყენებს ხალხის ჯანმრთელობას, სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას“.

ამ გაურკვევლობის გამო უკანასკნელ ეკონომიკურ პროგნოზში OECD უპრეცედენტო ორმაგ მიდგომას იყენებს, მისი თქმით, „ორი თანაბრად შესაძლებელი სცენარის“ აღსაწერად. ამ ორიდან ერთ-ერთია ინფექციის მეორე ტალღა, რომელიც 2020 წლის ბოლომდე დაიწყება, მეორე სცენარით კი - მეორე ტალღის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

ბევრი ექსპერტის თქმით, აკრძალვები და სოციალური დისტანცირება უნდა განვიხილოთ არა როგორც ამომრთველი, რომელიც ან ჩართულია, ან - გამორთული, არამედ როგორც გადამრთველი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უფრო მოვუმატოთ ან მოვაკლოთ.

ენტონი ფაუჩი
ენტონი ფაუჩი

„შეუძლებელია რაიმე სიზუსტით იმის პროგნოზირება, რა შეიძლება მოხდეს“, განუცხადა შესაძლო მეორე ტალღის შესახებ „ამერიკის ხმას“ აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა მთავარმა ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ.

„ერთადერთი, რაც ვიცით, რომ მოხდება, ისაა, რომ ინფექცია იქნება ღარიბებს შორის და იქნება ზამთარში“, თქვა ფაუჩიმ. „ეს ვიცით იქიდან, რომ ვირუსი ასე გადამდებია. ის უცებ ვერ გაქრება პლანეტიდან“.

მეორე ტალღა არ არის გარდაუვალი. ჩვენ შეგვიძლია მისი თავიდან აცილება, თუ სწორად მოვიქცევით.
ენტონი ფაუჩი

„ეს ასე იქნება მიუხედავად იმისა, გვექნება თუ არა მეორე ტალღა შემოდგომაზე“, თქვა მან. „ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ ჩვენს უნარსა და ჩვენს ეფექტიანობაზე, შევძლოთ ამ ახალი შემთხვევების გამოვლენა, იზოლირება და მათი კონტაქტების პოვნა. თუკი ჩვენ ამას ეფექტიანად გავაკეთებთ, შევძლებთ მეორე ტალღის თავიდან აცილებას. მეორე ტალღა არ არის გარდაუვალი. ჩვენ შეგვიძლია მისი თავიდან აცილება, თუ სწორად მოვიქცევით“.

როცა ფაუჩის ჰკითხეს, ხომ არ ნიშნავს ამერიკის ზოგიერთ შტატში COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამოჩენა იმას, რომ შემაკავებელი ზომები ნაჩქარევად გაუქმდა, მან თქვა: „ვერ ვიტყვით, რომ ყველას ერთნაირად შეიძლება მივუდგეთ“.

„ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს... მაგრამ თუკი ამას მაინც გააკეთებთ, რასაც არ გირჩევთ, იზრუნეთ იმაზე, რომ გეკეთოთ პირბადე და ის მთელი ხნის განმავლობაში არ მოიხსნათ“ ხალხში.

მკაცრი ზომების გაუქმება და ხელახლა შემოღება

სომხეთი არის ისეთი ქვეყნის მაგალითი, რომელიც საკმაოდ სწრაფად გამოვიდა მკაცრი საკარანტინო რეჟიმიდან, მაგრამ იძულებული გახდა, კვლავ მიეღო ზომები დაავადების ახალი კერების გაჩენის გამო.

ერევანში მდებარე კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული კომპლექსი დროებით საველე ჰოსპიტლად გადაკეთდა.
ერევანში მდებარე კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული კომპლექსი დროებით საველე ჰოსპიტლად გადაკეთდა.

ქვეყანაში პანდემიის საპასუხოდ პირველად 16 მარტს შემოიღეს საგანგებო ვითარება.

მკაცრი ზომები სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა და აპრილის შუა რიცხვებში სომხეთმა ეტაპობრივად დაიწყო ეკონომიკის გახსნა. მაშინ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ განაგრძობდა ზრდას.

4 მაისს, როცა COVID-19-ით დაავადებულთა დადასტურებული რიცხვი 1400-ზე დაბალი იყო, მთავრობამ რესტორნებს უფლება მისცა, შენობების გარეთ მომსახურებოდნენ კლიენტებს.

ერთი კვირის განმავლობაში მაღაზიების უდიდეს ნაწილს კვლავ უფლება მისცეს, გახსნილიყვნენ. გამონაკლისს წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრები და სხვა მსხვილი სავაჭრო დაწესებულებები. მოიხსნა მოგზაურობის აკრძალვა. ამუშავდა ყველა ტიპის ქარხნები და სილამაზის სალონები.

მაშინ ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი გამოთქვამდა შიშს, რომ დაავადებულთა რიცხვმა მალე შეიძლება გადააჭარბოს სომხეთის საავადმყოფოებში პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობებს.

ეპიდემიამ მძიმე ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა, სადაც ინფიცირებული პაციენტების რიცხვი აღემატება საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობას.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტოროსიანმა თქვა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების პირობებში ჯანდაცვის მუშაკებისთვის პრიორიტეტი იქნება „ზომიერი და მძიმე შემთხვევების“ მკურნალობა, ვინაიდან სომხეთის საავადმყოფოებს უნარი შესწევთ, მხოლოდ 3000-დან 4000-მდე COVID-19-ით დაავადებულ პაციენტს უმკურნალონ.

6 ივნისისთვის, როცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 250 გარდაცვლილით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი „მოვალეობაა“, მათ გაანდოს „მწარე სიმართლე“.

მიუხედავად იმისა, რომ სომეხმა მედიკოსებმა სპორტული კომპლექსების გამოყენება დაიწყეს პაციენტების მომსახურების შესაძლებლობების გასაზრდელად, ეპიდემიამ მაინც მძიმე ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა, სადაც ინფიცირებული პაციენტების რიცხვი აღემატება საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობას.

12 ივნისს ფაშინიანის მთავრობამ საგანგებო ვითარება მესამედ გაახანგრძლივა 13 ივლისამდე.

„კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ჩვენი მდგომარეობა ცუდია“, თქვა ფაშინიანმა თავის გამოსვლაში. „გულახდილი ვიქნები. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამ რიცხვებით“.

ფაშინიანმა, რომელმაც მეუღლესა და სამ შვილთან ერთად გადაიტანა კორონავირუსის ინფექცია და კვლავ გამოჯანმრთელდა, თქვა, რომ ის 13 ივნისს მანქანით მივიდა სამსახურში და „მანქანის ფანჯრიდან ხედავდა, რომ ხალხი განაგრძობდა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დარღვევას“.

ამჟამად სომხეთში კვლავ შემოიღეს საჯარო სივრცეში პირბადეების აუცილებელი ხმარება.

აკრძალულია ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება, მათ შორის, საოჯახო ღონისძიებები. მთავრობას შეუძლია დახუროს ბიზნესები, რომლებიც არღვევენ ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების მკაცრ რეგულაციებს.

მიუხედავად ამისა, სომხეთში საწარმოების უდიდესი ნაწილი განაგრძობს მოქმედებას, სამოქალაქო ტრანსპორტი კვლავ მუშაობს და განახლდა სკოლამდელი ბავშვების მეცადინეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG