Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრ გახარიას და სენატორ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


სენატორი დევიდ პერდიუ
სენატორი დევიდ პერდიუ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა ამერიკის ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სენატორს, დევიდ პერდიუს.

პრემიერ-მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ სენატორთან ისაუბრა ორ დიდ ერს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მზარდ დინამიკაზე საქართველო-ამერიკის პარტნიორობაში, რომელიც არასდროს ასეთი ძლიერი არ ყოფილა. გიორგი გახარია წერს, რომ საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა და დიდად აფასებს კონგრესის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გახარიას და სენატორ პერდიუს საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას თავდაცვის და უსაფრთხოების და ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებებით.

სენატორმა პერდიუმ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების მხარდაჭერა გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო დონეზე - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გაუარესებულ მდგომარეობაზეც. მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით.

გიორგი გახარიამ აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და COVID-19-თან ბრძოლის მიზნით გამოყოფილი დაფინანსებისთვის, რაც, მათ შორის, „ლუგარის ლაბორატორიის” და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერას მოიცავს.

XS
SM
MD
LG