Accessibility links

აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური: გია ვოლსკის შეფასება კადიროვის გამონათქვამებზე


გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ინტერესის საგანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა და ამაში მისი ბუნებრივი მოკავშირე თავისი ქმედებებით არის „ნაციონალური მოძრაობა“. გია ვოლსკი ამბობს, რომ რამზან კადიროვს აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური რიტორიკა აქვს, თუმცა ვერც მის რიტორიკას შეცვლის „ქართული ოცნება“ და ვერც გიორგი გაბუნიასას:

„სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს იმ გრძელ სიაში დანაშაულებების, თვითონ პოზიციის, არსის, ამ ქვეყნის არსის, რომელიც აი, სულ ახლა, ბოლო პერიოდში შეიქმნა. თუნდაც კადიროვის გამონათქვამები - აბრაგულ, ვაჟკაცურ, დიდაქტიკური. ეს თემა არ არის მარტივი და უბრალო“, - აღნიშნავს გია ვოლსკი. მისი თქმით, შეკვეთილი მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია და თუ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის განზრახვა მართლაც დადასტურდა, ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიოვმა „სისულელე“ უწოდა მისი შეკვეთით ქართველ ჟურნალისტზე თავდასხმის გეგმას.

„ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დავალებით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, როდესაც ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. ხოლო თუ დავალება უხმაუროდ უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, მით უფრო, ღრმა უძრაობაში მყოფ თქვენს ქვეყანაში“, - დაწერა თავის „ტელეგრამის“ არხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა.

15 ივნისს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG