Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი 4 მილიონი დოლარი გირაოთი გაათავისუფლეს


რობერტ ქოჩარიანი
რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასა და მექრთამეობაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 4 მილიონი დოლარი გირაოთი.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამჟამად ქოჩარიანი ერევნის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადის.

ქოჩარიანს 1998-2008 წლებში ეკავა სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობა. ორი წლის წინ ის დააპატიმრეს 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. მაშინ ქოჩარიანი ემზადებოდა არჩევნებში გამარჯვებული სერჟ სარქსიანისთვის უფლებამოსილებების გადასაცემად. კანდიდატ ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, ერევანში საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს. ხელისუფლების მიერ მრავალათასიანი გამოსვლების დარბევისას 10 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაიჭრა.

დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოვლენების დროს ტერ-პეტროსიანის საარჩევნო შტაბის წევრი იყო. 2010 წელს ფაშინიანს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით. 2011 წელს ის ამნისტიით გამოვიდა ციხიდან.

2018 წელს დაპატიმრების შემდეგ რობერტ ქოჩარიანი ორჯერ გაათავისუფლეს და კვლავ დააკავეს. ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის მსხვერპლია ახალი ხელისუფლებისა, რომელსაც „მართლმსაჯულების სისტემა ემსახურება.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG