Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერებს ითვლის


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უმრავლესობის 92 დეპუტატი დაუჭერს მხარს. მისივე განმარტებით, არსებობს რესურსი იმისთვის, რომ პარლამენტში 117 ხმაც კი მოგროვდეს პირველი მოსმენით კენჭისყრისთვის, რომელიც 21 ივნისს არის დაგეგმილი. ეს საკითხები საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე განიხილეს.

"ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, მათ უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა დამატებით ხმებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კონსულტაციები კონსტიტუციური კანონის კენჭისყრამდე უმრავლესობის დეპუტატებს შორის "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკითხს კენჭს უყრიან.

უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე კიდევ ერთხელ დაზუსტდება დეპუტატთა განწყობები. მისი სიტყვებით, მაჟორიტარ დეპუტატებს "სიურპრიზები არ ახასიათებთ" და საკონსტიტიციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

მისი განცხადებით, როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებობდნენ და ხმის მიცემას არ აპირებდნენ, ამის თაობაზე წინასწარ აცხადებდნენ.

2019 წლის შემოდგომაზე დიმიტრი ხუნდაძე ჩაუდგა სათავეში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფს, რომელმაც ხმა არ მისცა თავად უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. მოგვიანებით, ხუნდაძემ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვა.

დღეს მოქმედი სისტემით, პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული წესით აირჩევა.

„ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით კი:

• არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით;

• პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;

• იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს;

• ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს;

• კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით;

• 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება:

ყველა კვალიფიციური პარტია;

ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო;

ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო;

• 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ აპირებენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო". ისინი აცხადებენ, რომ რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მისი, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".

მსჯავრდებულები უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული რურუას საქმეს კი ამჟამად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG