Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვულ სააგენტოს ირანის ორი ძველი ბირთვული ობიექტის მონახულება სურს


გაეროს ბირთვული სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი, 2020 წლის 15 ივნისი
გაეროს ბირთვული სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი, 2020 წლის 15 ივნისი

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭომ 19 ივნისს გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც ირანისგან მოითხოვენ, დაუშვას ექსპერტები მის ორ ობიექტზე, სადაც შესაძლოა ბირთვულ კვლევას ეწეოდნენ.

ეს ამ ტიპის პირველი ასეთი რეზოლუციაა 2012 წლის შემდეგ.

რეზოლუცია მოუწოდებს ირანს სააგენტოსთან „სრული თანამშრომლობისა“ და „სააგენტოს მოთხოვნების დაუყოვნებლიც დაკმაყოფილებისკენ“, მათ შორის, „ორ ობიექტზე დაუყოვნებლივ დაშვების“ უზრუნველყოფისკენ. სააგენტოს სურს შეისწავლოს, ამ ორ ობიექტზე 2000-იანი წლების დასაწყისში ხომ არ ეწეოდნენ ბირთვულ კვლევებს, რომელიც არ იყო დეკლარირებული ირანის მიერ.

ირანი ამ ორ ობიექტზე დაშვებას ეწინააღმდეგება, რითაც მზარდ დიპლომატიურ უთანხმოებას იწვევს.

რეზოლუციას 25 ხმა მიემხრო. მისი ინიციატორები იყვნენ საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი, აშშ-ის მხარდაჭერით.

რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, აზერბაიჯანმა, პაკისტანმა, ინდოეთმა, მონღოლეთმა, სამხრეთმა აფრიკამ, ტაილანდმა და ნიგერმა თავი შეიკავეს.
ბირთვულ სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა, ქაზემ ღარიბ აბადიმ განაცხადა, რომ „მისი ქვეყანა გადაჭრით უარყოფს რეზოლუციას და დროულად უპასუხებს მას“.

ირანის ოფიციალური პირების თანახმად, რეზოლუცია ზიანს მიაყენებს თეირანსა და სააგენტოს შორის ურთიერთობას.
ვენაში გაეროს ოფისში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ულიანოვმა ტვიტერით დაწერა, რომ „რეზოლუცია კონტრპროდუქტიული იქნება“, მაგრამ გამოხატა საჭიროება, რომ „ირანმა და სააგენტომ ეს პრობლემა დროულად მოაგვარონ“.
ირანის ბირთვული ობიექტები, რომლებსაც ეხება რეზოლუცია, არ უკავშირდება თეირანის ახლანდელ ბირთვულ პროგრამას. მაგრამ ბირთვული სააგენტრო აცხადებს, რომ სურს იცოდეს, ჩატარდა თუ არა ამ ობიექტებზე სამუშაოები, რომლებიც სწორად იყო დეკლარირებული და აღნუსხულია თუ არა ყველა ბირთვული მასალა.

სააგენტო ადასტურებს, რომ მას კვლავაც აქვს წვდომა და შეუძლია ინსპექტირება ირანის ყველა ბირთვული ობიექტისა, რომლებიც რეგისტრირებულია ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებით.
აშშ-მა შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს განუახლა მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
სამაგიეროდ, ირანი ეტაპობრივად არღვევს სანქციებით დაწესებულ ნორმებს და აცხადებს, რომ მოთხოვნებს სრულად შეასრულებს, თუ შეთანხმების დანარჩენი მონაწილეები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ასევე ჩინეთი და რუსეთი, პირობებს შეასრულებენ. აშშ-ის სანქციები დანარჩენ მხარეებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებას ურთულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG