Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: პირობები არ შესრულებულა, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ


„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს მანამ, სანამ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, კერძოდ, არ გათავისუფლდება „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა.

როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი სიტყვებით, ბოლომდე უნდა შესრულდეს ის ხელშეკრულება, სადაც წერია, „მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

20 ივნისს ცნობილი გახდა "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს პირველი მოსმენით კენჭისყრაში იმ პირობით, თუ ამის შემდეგ ხელისუფლება შეასრულებს პირობას და გაათავისუფლებს გიორგი რურუას. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ევროპული საქართველო" პროცესს გამოეთიშება.

19 ივნისს, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს „ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებების სრულად მიღება“.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, 21 ივნისს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG