Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების კანონის დეტალებმა შეშფოთება გამოიწვია


ანტისამთავრობო გამოსვლები ჰონგ-კონგში. 2020 წ. მაისი.
ანტისამთავრობო გამოსვლები ჰონგ-კონგში. 2020 წ. მაისი.

ჩინეთმა გამოაქვეყნა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების შესახებ კანონის დეტალები, რამაც შეშფოთება გამოიწვია დასავლეთის მთავრობებსა და საფინანსო-ცენტრის პროდემოკრატიულ მოძრაობაში.

ამ დეტალების თანახმად, რომლებიც ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუამ გამოაქვეყნა, ჰონგ-კონგში შეიქმნება ეროვნული უშიშროების კომისია, რომელსაც ქალაქის ლიდერი კერი ლამი ჩაუდგება სათავეში. კომისიას ზედამხედველობას გაუწევს პეკინი, რომლის მიმართაც იქნება ეს ორგანო ანგარიშვალდებული.

ეროვნული უშიშროების შესახებ კანონი ითვალისწინებს ჰონგ-კონგში პოლიციისა და პროკურატურის ახალი სტრუქტურების შექმნას, რომელთა მიზანი იქნება აღკვეთონ „გამოყოფა, სახელმწიფო ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა, ტერორისტული საქმიანობა და უცხო და გარე ძალებთან გარიგება ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით.“

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ მაისში მიიღო კანონი, რომელიც გვერდს უვლის ჰონგ-კონგის კანონმდელობას.

კანონის მიღებას წინ უძღოდა მასობრივი, ხშირად ძალადობრივი, პროდემოკრატიული გამოსვლები. შარშან მილიონობით ადამიანი გავიდა ქუჩებში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჰონგ-კონგის მზარდი კონტროლის გასაპროტესტებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG