Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებებისკენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივნისს


როგორ აირჩევა 2020 წლის პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. ცვლილებებზე ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის წევრების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან შეთანხმდა. ამ პროექტის მიხედვით, 77-დან 120-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი.

კანონპროექტის კანონად გადასაქცევად მისი კიდევ ორი მოსმენით მიღებაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ცვლილებების პროექტის მიხედვით, ყველა მსგავსი შემთხვევა ამ წესებით დარეგულირდება.

პარლამეტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნებზე მიიღებს ხმათა მინიმუმ 1 პროცენტს, ბლოკების შემთხვევაში მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს ბლოკმა, რამდენი სუბიექტიც არის მასში გაერთიანებული.

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. პარლამენტში მოხვდება პარტიის იმდენი დეპუტატი, რა (მთელი) რიცხვიც ამ ფორმულის შედეგად მიიღება.

ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლითაც წელს ახალ პარლამენტს ავირჩევთ, წაიკითხე გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დადასტურებული შემთხვევა - 906

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 755

კარანტინში - 2710

სტაციონარში - 269

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 906-მდე გაიზარდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას მერე ოპოზიცია მის გათავსიუფლებას ითხოვს და გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

გუშინ გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ გიორგი რურუას საკითხზე შეუთანხმებლობის გამო არ დაესწრო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების ნაწილია, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

ესპანეთში დასრულდა COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა

ესპანეთში COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა „ელ პაი“ ავრცელებს.

ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოაცხადა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ექვსჯერ გაგრძელდა.

20 ივნისს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ტელემიმართვისას, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეპიდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულება ნიშნავს, რომ ავტონომიური რეგიონები კვლავ მიიღებენ სრულ ძალაუფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობამდე ჰქონდათ, ასევე მოიხსნება შეზღუდვა რეგიონებში მოგზაურობაზე. დღეიდან იხსნება საზღვრები შენგენის ზონის ქვეყნებისთვის.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა მოგზაურმა უნდა გაიაროს აეროპორტებში სამმაგი კონტროლი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ესპანეთში კორონავირუსის შედეგად, 28 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის მსხვერპლთა ოჯახები სამართალს ითხოვენ

კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა ზრდას განაგრძობს. დღემდე დაავადებამ გამოიწვია 465 ათსი ადამიანის სიკვდილი, უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრა, ეკონომიკა ქაოსში აღმოჩნდა.

ჭირისუფლები - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებმაც დააგვიანეს მოქმედება, ან სადაც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული მეთოდები ეჭვებს ბადებს - პასუხს მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც, მათი აზრით, თავი ვერ გაართვეს კრიზისს.

მსოფლიო მოწმეა პირველი სასამართლო პროცესებისა მთავრობების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალს სდებენ უმოქმედობაში ან არასწორ გადაწყვეტილებებში. და საქმე ისე გამოიყურება, რომ სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებსაც უჩივიან, უფრო და უფრო ასუსტებენ საკარანტინო ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება პანდემიის მეორე ტალღის გაჩენის შიში.

ერთ ევროპულ ქვეყანაში პროკურორებმა პრემიერ-მინისტრი დაკითხეს პანდემიაზე მთავრობის თავდაპირველ რეაქციასთან დაკავშირებით. მეორეგან მოქალაქეებმა სასამართლოში უჩივლეს მინისტრთა კაბინეტს, რომელმაც, მათი თქმით, გამოიწვია „ადამიანთა სიკვდილი უგულებელყოფის გამო“. ხოლო იქ, საიდანაც დაიწყო პანდემია, სასამართლოში საჩივარი შეიტანეს და რესტიტუციას ითხოვენ, როგორც ირწმუნებიან, ინფექციის გავრცელების მიჩუმათებისთვის.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რამდენიმე სასამართლო საქმეს. ისინი ნათელყოფს, რას მოიმოქმედებენ რიგითი მოქალაქეები სამართლის აღსადგენად, როცა, მათი აზრით, ხელისუფალთა მცდარი გადაწყვეტილებები ადამიანთა სიკვდილს იწვევს. წაიკითხე მეტი.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები საუბრობენ 20 ივნისის მოვლენებზე - რა ხდებოდა 20 ივნისს? - რას მიაღწიეს 1 წლის თავზე? - რა ფასი ჰქონდა ამ აქციებს? - რას გეგმავენ ახლო მომავალში?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG