Accessibility links

რეგიონები

„სალამს“ქვემო ქართლის სოფლებში ბარიერებს უქმნიან

სოფელ სადახლოში 22 ივნისს ჩასულ პლატფორმა „სალამის“ მოხალისეებს არ უთმობენ სივრცეს, რომ დაეხმარონ სამთავრობო საიტზე რეგისტრირებაში საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურდაკარგულ თვითდასაქმებულებს, რომლებსაც ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მიღება სურთ.


პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელნურ ალისოიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფელ სადახლოში, სადაც პლატფორმის წევრები ამჟამად იმყოფებიან, „გაურკვეველი ადამიანების“ მითითებით, მოხალისეთა მიმართ ისეთსავე დამოკიდებულებას ამჟღღავნებენ, როგორიც იყო 21 ივნისს სოფელ ნაზარლოში.

არ გვითმობენ სივრცეებს, რომ დავდგათ ჩვენი მაგიდა, ტექნიკა და შევძლოთ ადგილობრივი მოსახლეობის რეგისტრაცია“, - თქვა ელნურ ალისოიმ.

მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც სამსახურდაკარგულ თვითდასაქმებულებს (და არამხოლოდ) საშუალება აქვთ სპეციალურ ვებგვერდზე გაიარონ რეგისტრაცია და გაგზავნონ განაცხადი, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღონ. რადგან ვებგვერდი მხოლოდ ქართულენოვანია, სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს ეზღუდებათ ამ ონლაინსერვისით სარგებლობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, „სალამმა“ გადაწყვიტა, ქვემო ქართლის 22 სოფელში ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობას - კომპანსაციის მიღების მსურველებს - დაეხმაროს ონლაინრეგისტრაციაში.


სამოქალაქო პლატფორმის მოხალისეებს პირველი გასვლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ჰქონდათ. ორგანიზაციამ 21 ივნისს სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ არ მისცეს მათ მუშაობის საშუალება:

„[დილის] 10 საათზე მივედით ნაზარლოში, დავიწყეთ სოფელში ცენტრალური ლოკაციის მოძებნა, სადაც ბევრ ადამიანს მოვემსახურებოდით და უსასყიდლოდ დავარეგისტრირებდით. შევარჩიეთ ადგილიც, გავშალეთ მაგიდები, კომპიუტერები, პრინტერიც (მუშაობისთვის გვჭირდება ელექტროენერგიის წყარო). პირველი მოქალაქეც მოვიდა. გვიკეთია პირბადეები, ხელთათმანები, ვიცავთ დისტანციას. მოსულ მოქალაქეს ხელზე სადეინფექციო ხსნარი შევთავაზეთ, გამოვართვით მისი პირადობა და დავიწყეთ მუშაობა. ცოტა ხანში ადამიანი, რომელმაც სიხარულით მიგვიღო საკუთარ სივრცეში, მოვიდა და გვეუბნება, რომ უნდა წავიდეთ, ადგილს ვერ დაგითმობთო. არც გვაცალა პირველი მოქალაქის დარეგისტრირება. ვერაფერს მივხვდით, მაგრამ დავემორჩილეთ მის ნებას”.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სოფელში შესაბამის სივრცეს, დაახლოებით, 4 საათს ეძებდნენ და ყველგან უარს ეუბნებოდნენ. მათივე თქმით, ბარიერების მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ აქციას და შეცვლიან „იმ ადამიანების პრივილეგირებულ მდგომარეობას, რომლებიც ძალიან ხშირად საკუთარ პოზიციას და თანამდებობას უსამართლოდ იყენებენ“.

ყველა ახალი ამბავი

ჯგუფმა „გავიგუდე“ გამაფრთხილებელი აქცია გამართა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან

ეკოლოგიურ ჯგუფ „გავიგუდეს“ აქტივისტებმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან აქცია გამართეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადების გამო.

დავითაშვილის განცხადების თანახმად, საგაზაფხულო სესიაზე ვეღარ მოესწრება გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება. „გავიგუდეს“ ლიდერმა, ნიკოლოზ მუსერიძემ, 9 ივლისს, აქციის წინ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სახელმწიფო უწყებებმა პირობა დაარღვიეს, რადგან ცვლილებები საგაზაფხულო სესიის დროს უნდა მიეღოთ.

„დღეს გამაფრთხილებელ აქციას გავმართავთ, რომელსად დიდი ხმაური და საპროტესტო მოძრაობა მოჰყვება“, - თქვა ნიკოლოზ მუსერიძემ. - „ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ვმუშაობდით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე. ვითხოვდით საგაზაფხულო სესიაზე მის მიღებას. ამას დაგვპირდა მინისტრი დავითაშვილი, პარლამენტი, მთავრობა, მაგრამ ასე არ მოხდა“.

ეკოაქტივისტები ცვლილებების სასწრაფო წესით მიღებას ითხოვენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 9 ივლისს განაცხადა, რომ კანონპროექტთა პაკეტი დასამტკიცებლად გავა საშემოდგომო სესიაზე:

ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ, ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც, ვფიქრობ, შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორებადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბებები ზღვრულ ნორმებთან შედარებით. ასე რომ, თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესსაქმიანობებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ კანონპროექტების პაკეტმა განსაზღვრა და რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად იყო მთავრობაზე წარდგენილი. იმედია, ოპერატიულად მოხდება ამ დოკუმენტების განხილვა და საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც ევროპული პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ თვეში მთავრობაში დაარეგისტრირა კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელსაც გარემოსდაცვით რეგულაციებში შემოაქვს ახალი პრინციპი - „დამბინძურებელი იხდის“.

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, კანონპროექტს, რომელიც რუსთაველი ეკოაქტივისტების უშუალო ჩართულობით შემუშავდა, შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის თანახმად, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, ზიანის თანხა, განსხვავებით დღევანდელი რეგულაციებისგან, მთლიანად მოხმარდება ამ ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს.

გარემოს დაცვითი დეპარტამენტის ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის, თქმით, მთავრობაში დარეგისტრირებული იყო, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ამკაცრებს გარემოს დაბინძურებისთვის ფინანსურ სანქციებს იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის,
მაგრამ მთავრობამ კანონპროექტების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკან დაუბრუნა „ტექნიკური ხარვეზების“ გამოსასწორებლად.

აქციამ მოგვიანებით „ჯეოსთილთან“ გადაინაცვლა.

რუსთაველები ტყე-ჭალის გადარჩენას ცდილობენ

რუსთავის მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ გააუქმებს დასახლებასთან არსებულ ტყე-ჭალაში ინერტული მასალების მოპოვების ნებართვებს.

რუსთავის მჭიდროდ დასახლებული მე-19 მიკრორაიონი მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში მდებარეობს. საცხოვრებელი კორპუსები ტრიალ მინდორზეა გაშენებული, ზოგიერთი კერძო სახლი კი ტყე-ჭალას ესაზღვრება. ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ინერტული მასალების მოპოვება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ტყესაც ისევე გაანადგურებს, როგორც ეს მარცხენა სანაპიროზე სოფელ გაჩიანთან მოხდა.

კახა თუთბერიძე, რომელმაც მოსახლეობის წერილი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, ამბობს, რომ ტყე-ჭალაში მონიშნულია სამი საკადასტრო ტერიტორია, სადაც, საერთო ჯამში, 24 ჰექტარზე ინერტული მასალების მოპოვებას აპირებენ. რუსთავის ამ უბნის მცხოვრებნი მომპოვებელი კომპანიების დასახელებასთან ერთად, მათთვის ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ კომპანიებს შეუჩერდეთ ლიცენზია [ინერტული მასალების მოსაპოვებლად]. შესაბამისად, ტყე-ჭალა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად. ეს აუცილებელია, რადგან შეიძლება მომავალშიც მსგავსი პრობლემა შეიქმნას და ჩვენც ანალოგიურად მოგვიწიოს ხელახლა ბრძოლა“.


ტყე-ჭალის მარჯვენა მხარეს მოსაჭრელი ხეები უკვე მონიშნულია. ამოღებულია გრუნტის ნიმუშებიც. ამაში რადიო თავისუფლება თავად დარწმუნდა, როცა დასახლების რამდენიმე ბინადართან ერთად ტყე-ჭალაში შევიდა. ვაჟა თოთლაძე დარწმუნებულია, რომ ხეები ლიცენზიის მქონე კომპანიებმა მონიშნეს.

„პირადად არ მინახავს, მაგრამ ბიჭებმა ნახეს ჭალაში ჩამოსული კომპანიის თანამშრომლები. უთქვამთ, კარიერი უნდა გაკეთდესო. აქ რომ კარიერი გაკეთდეს, ქალაქმა რაღა ქნას? ტყე რომ წაგვართვან, დავიღუპებით“.

დასახლების კიდევ ერთი მცხოვრები, დავით მიროტაძე, გვეუბნება, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ინერტული მასალების მოპოვებამ უკვე გამოიწვია ტერიტორიის დაჭაობება.

„ზემოდან მოყოლებული, რამდენ ადგილზეც ამოიღეს ბალასტი, ყველგან დადგა ტბა და ჭაობი. კოღოების ბუდეა. გაუბედურებულია იქაურობა. ერთი პატარა ნაჭერია დარჩენილი, მართლა ოაზისია რუსთავში. სხვაგან გვაქვს რამე? ერთი პარკი გვაქვს და ამოყოლებაზეა ტყე. ესეც თუ წაგვართვეს, რა გვეშველება? როგორ უნდა ისუნთქოს ხალხმა?“

რუსთავის მე-19 მიკრორაიონის მცხოვრები გიზო კვიჟინაძე ამბობს, რომ ტყე-ჭალის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოჩნდა კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს.

„ამდენი ახალგაზრდობა, ამდენი ბავშვები, ქალები თუ იყვნენ ჩვენს უბანში, ვერ წარმოვიდგენდი. ვირუსის გავრცელების დროს ტყეში ჩამოდიოდნენ ბავშვები, ქალები, დიდი, პატარა... ასეირნებდნენ დილა-საღამოს. ასწლოვანი ხეების განადგურება დღევანდელ დროს თუ შეიძლება, არ ვიცი“.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე ხელმისაწვდომი დოკუმენტების მიხედვით, მტკვრის ჭალაში ინერტული მასალების მოპოვებისთვის გამოყოფილია სამი ტერიტორია. ერთ-ერთი გაცემულია კომპანია „აკფ“-ზე, რომელიც სამუშაოებს სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ტყეში აწარმოებს. როცა რადიო თავისუფლება ტერიტორიაზე შევიდა და ამ კომპანიის შესახებ იკითხა, იქ მყოფი სამი ადამიანიდან ერთ-ერთმა, რომელიც გელად გაგვეცნო, გვითხრა, რომ სამუშაოებს კომპანია „ემ-სი-ემი“ ეწევა და შესაბამისი ნებართვაც აქვთ. საჯარო რეესტრის ვებსაიტზე ასეთი კომპანია არ იძებნება. რესპონდენტმა ისიც თქვა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რომელზეც მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობა მიუთითებს, ლიცენზიას არ ფლობენ. დასახლების მცხოვრებთ კომპანიის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. ისინი სახელმწიფო უწყებებისგან პასუხს ელოდებიან და ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.

თორნიკე რიჟვაძის პირველი გოლი - აჭარის ტელევიზიას სამთავრობო პროპაგანდისთვის აკრიტიკებენ

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფეისბუკგვერდით რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გატანილი გოლის ამსახველი კლიპი გავრცელდა. საზოგადოებისა და ჟურნალიტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების რეკლამაში ადანაშაულებს, ტელევიზიის ხელმძღავნელობა სარედაქციო მიკერძოებას ვერ ხედავს.

ცხრაწამიან დამონტაჟებულ ვიდეორგოლში კადრები შენელებულია, გამოსახულებას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მიჰყვება. სათაური კი ასეთია: „ბათუმის ახალ სტადიონზე თორნიკე რიჟვაძემ პირველი გოლი გაიტანა“.

ეს ვიდეორგოლი თავდაპირველად „ფოტოამბების“ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა. ეს გვერდი ძირითადად პოლიტიკური შინაარსის მასალებს აქვეყნებს. “ფოტოამბების“ სტატუსები, როგორც წესი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დადებით, მის ოპონენტებს კი კრიტიკულ კონტექსტში წარმოაჩენს.

რამდენიმე დღის წინ გავაშუქეთ თორნიკე რიჟვაძის მიერ გატანილი გოლი ბათუმის სტადიონზე, თუმცა როგორაა ეს სტადიონი აშენებული, რამდენჯერ შეიცვალა ხელშეკრულება და ტენდერის პირობები როგორ მოერგო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ინტერესებს, ამაზე კითხვები არ დასმულა...
მალხაზ რეხვიაშვილი

თორნიკე რიჟვაძის მიერ გოლის გატანის ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე უცვლელად გავრცელდა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კომენტარებში მკითხველების ნაწილი კლიპს იწონებს და წერს, რომ სწორედ ასე გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ შემოდგომის არჩევნებზე, ნაწილი კი მიუღებლად მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირის სარეკლამო კლიპის გავრცელებას.

“რატომ მისვამთ, საერთოდ, ამ კითხვას? რა სამთავრობო პროპაგანდა? გოლი რომ გაიტანა, ეს სამთავრობო პროპაგანდაა? სოციალურ ქსელში პოპულარული ვიდეო იყო და აიტვირთა. რა მოხდა? რამე ანტისახელმწიფოებრივი გავიდა? რამე რუსული პროპაგანდა გავიდა ვებგვერდზე და ფეისბუკგვერდზე?” - ეუბნება აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი, რადიო თავისუფლებას.

საკადრო და სარედაქციო ცვლილებები

2019 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დასკვნაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მოხსენიებულია როგორც “ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება” და, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მაუწყებელმა პოლიტიკური აქტივობები დაბალანსებულად, მიუკერძოებლად გააშუქა.

ეუთოს ამ შეფასების შემდეგ მაუწყებელში საკვანძო საკადრო ცვლილებები მოხდა: მაუწყებლის დირექტორად გოგა კოხრეიძე აირჩია მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით მყოფმა სამმა წევრმა. მალევე ამ ცვლილებიდან, ტელევიზიიდან სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, პოზიცია შეუცვალეს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, მის მოადგილეს და რამდენიმე ჟურნალისტს. მათ შორის, ვინც საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორეს ონლაინ სამსახურის უფროსი, სოფო ჟღენტია, რომელიც ამბობს, რომ მიუკერძოებელი მედია ასეთ ვიდეორგოლებს არ უნდა ავრცელებდეს.

„ასეთ ვიდეოებს პრ სამსახურები ავრცელებენ, როცა ცდილობენ პოლიტიკოსის პოზიტიურად წარმოჩენას. ასეთი შინაარსის ვიდეო არ უნდა მოხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ. თუ ვიდეო პოლიტიკოსზე კეთდება, მისი შინაარსი საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. ბევრი ფაქტი, მათ შორის ეს ვიდეოც, ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენა მიზანმიმართულად ხდება, ეს კი აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ცვლილებების შედეგია“, - ამბობს სოფო ჟღენტი, რომელიც დღეს ისევ მაუწყებლის თანამშრომელია, თუმცა, მეოთხე თვეა, რაც მას სარედაქციო პოლიტიკასთან შეხება აღარ აქვს. სოფოს მოვალეობა ახლა ტელევიზიის ვებგვერდზე პროგრამების განთავსებაა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ სვამს კრიტიკულ კითხვებს, რაც ძალიან თვალშისაცემია. მაგალითად, გასულ კვირას როგორ გააშუქა სარფის საბაჟოზე მიმდინარე საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიამ? ეს სხვა მედიებმა ლაივში, დაახლოებით, დღის 1 საათზე ჩართეს, რომელსაც სხვადასხვა გვერდზე 1000-მდე მნახველი ჰყავდა. მოგვიანებით ვითარება დაიძაბა და აქციის მონაწილეებმა სცადეს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა. ჩვენს გვერდზე კი ჯერ კიდევ არ იყო ამის შესახებ ამბავი დადებული, არც ფეისბუკლაივი ჩაირთო. 3 საათზე კი საინფორმაციო გამოშვებაში ეს ამბავი გავიდა მე-16 წუთზე“, - ამბობს სოფო ჟღენტი

“დაოკდით!” - ვინ ტოვებს პოზიციებს

სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ლაპარაკობს მაია მერკვილაძეც. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორია.

დირექტორის გადაწყვეტილებით, თებერვალში იგი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ახალ პოზიციაზე გადაიყვანეს „რადიო აჭარაში“. მას დღეს საინფორმაციო პოლიტიკის შექმნასთან კავშირი აღარ აქვს. მაია მერკვილაძე ერთ-ერთი იყო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებიდან, რომელიც გოგა კოხრეიძის ჯერ კიდევ დირექტორად არჩევამდე ამბობდა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრები და პოლიტიკური თანამდებობის პირები აჭარის მაუწყებლის შინაარსს ღიად აკრიტიკებენ და აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

„მე მაშინ ვამბობდი, რომ მაუწყებელში უნდოდათ კრიტიკული აზრის ჩახშობა და ტელევიზიის პროპაგანდის იარაღად გამოყენება. ვიტყვი, რომ კრიტიკული აზრი ტელევიზიაში ძალიან შესუსტებულია. მაგალითად, თორნიკე რიჟვაძის კომენტარი, როდესაც მთავრობის თავმჯდომარემ მოშიმშილე აქტივისტზე თქვა, რომ იგი დასუსტების [ გახდომის] მიზნით შიმშილობს, არ იქცა თემად, თუმცა თემად იქცა ის, თუ როგორ გაიტანა მან გოლი. თორნიკე რიჟვაძის მოშიმშილეზე ნათქვამის ამბად არქცევა კრიტიკული სიტყვის გაქრობაა და ვიდეორგოლი არის პროპაგანდის გაჩენა მაუწყებელში. ამ ორი მაგალითით შეიძლება ითქვას, რომ რის საშიშროებაც არსებობდა ტელევიზიაში, უკვე მოხდა“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

გასულ წელს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, პირდაპირ ეთერში კრიტიკული კითხვები დაუსვა, მისგან პასუხად მიიღო: „დაოკდით“. ახალი მენეჯმენტის პირობებში თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, რომელმაც გასულ წელს ბათუმში მყოფ ბიძინა ივანიშვილს კრიტიკული კითხვები დაუსვა. ივანიშვილმა აჭარის ტელევიზია მაშინდელ „რუსთავი ორს“ შეადარა, ჟურნალისტს საქციელი დაუწუნა და დამშვიდებისკენ მოუწოდა. მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა, აგრეთვე, აჭარის ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი, ფეისბუკსტატუსის გამო, რომლითაც იგი თეონა თურმანიძეს გამოესარჩლა.

“შეგვიძლია ვნახოთ, ახლა რას და როგორ ვაშუქებთ. რამდენიმე დღის წინ გავაშუქეთ თორნიკე რიჟვაძის მიერ გატანილი გოლი ბათუმის სტადიონზე, თუმცა როგორაა ეს სტადიონი აშენებული, რამდენჯერ შეიცვალა ხელშეკრულება და ტენდერის პირობები როგორ მოერგო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ინტერესებს, ამაზე კითხვები არ დასმულა. ნახეთ, როგორ გადის აჭარის ტელევიზიით, მაგალითად, „საავტომობილო გზების“ მიერ გამოგზავნილი პრ მასალა. ტექსტი კადრს მიღმა იგივეა, რაც პრ სამსახურის მიერ გამოგზავნილ პრესრელიზში წერია“, - ამბობს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი.

გასული წლის 3 დეკემბერს, მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებების კომენტირებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა:

“ჩემს საქმეში ჩარევას თავი უნდა დაანებოთ. თუ გინდათ, ისე ვისაუბროთ, კომენტარს კი არ ვიძლევი ამ თემაზე”.

მას შემდეგ გოგა კოხრეიძე რადიო თავისუფლების მკითხველებისთვის განმარტებებს აღარ აკეთებს, მათ შორის არც ვიდეორგოლის გაშვების თემაზე.

მიმდინარე წლის დასაწყისში აჭარის ტელევიზიის 80-მდე ჟურნალისტმა სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ალტერნატიული პროფკავშირი შექმნა. მათი ნაწილი მაუწყებლის დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, საქმეს ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა. სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ნაწილმა მაუწყებელი საკუთარი სურვილით დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კოხრეიძეს 11 ჟურნალისტი ედავება შრომითი უფლებების დარღვევას, 2-მა კი პროკურატურაში შეიტანა საჩივარი, რომლითაც დირექტორის მიერ განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვს.

მეთერთმეტე აიპი გორში

გორი

გორის მერიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კიდევ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის თხოვნით მიმართა. გორის მუნიციპალიტეტში ათი აიპი უკვე მუშაობს, მერია კი მეთერთმეტეს ქმნის.

ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილმა ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების წინ კიდევ ერთი აიპის შექმნა ხელისუფლებას მხარდამჭერების დასაქმების და ამით ადმინისტრაციული რესურსის გაზრდის შანსს აძლევს, ეს ყველაფერი კი გორის ბიუჯეტის ხარჯზე ხდება. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, დავით მახნიაშვილი, მიიჩნევს, რომ ახალ აიპში დასაქმებულ ადამიანებს ხელისუფლება საარჩევნოდ აამუშავებს.

საკრებულოს სხდომაზე ახალი აიპის შექმნას მხარს არ დაუჭერს “ნაციონალური მოძრაობა”. “მოძრაობის” წევრ ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, უკვე მოქმედი აიპები დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან ხელფასების სახით კოლოსალური თანხა იხარჯება. მისი აზრით, ყველაზე მასშტაბური აიპი, კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული, მნიშვნელოვან შედეგს ვერ აჩვენებს.

გორის მუნიციპალიტეტის მეთერთმეტე აიპი მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის საკითხებით იქნება დაკავებული. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დასაქმდება. პროექტი საკრებულოში რამდენიმე დღეში შევა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტრანსპორტის სააგენტოს შექმნა აუცილებლობით არის გამოწვეული, რადგან ქალაქს ავტობუსები აჩუქეს და ამ ტრანსპორტს მოვლა და მართვა სჭირდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ელზა მიქელაძე, არ ამბობს, აიპებში რამდენი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მოსახლეობას გარკვეულ სერვისებს სთავაზობენ, თუმცა, მისი თქმით, ამ აიპების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 17 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

გორის 38-მილიონლარიანი ბიუჯეტიდან ნახევარი აიპებზე იხარჯება, აქედან დიდი ნაწილი სახელფასო ფონდია. დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. უკვე ცნობილია, რომ მეთერთმეტე გაერთიანების შექმნას მმართველი პარტია, უმრავლესობით, საკრებულოში მხარს დაუჭერს, ოპოზიცია კი ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზეც გააპროტესტებს.

თეატრების კორონავირუსით დამძიმებული ცხოვრება

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

საქართველოში თეატრებს კორონავირუსის საფრთხისგან დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით მიეცათ ახალი სპექტაკლების მოსამზადებლად მუშაობის უფლება. მსახიობებმა განსაზღვრული გრაფიკით უნდა გაიარონ რეპეტიცია, რომელიც სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს.

მაყურებლისთვის თეატრების გახსნის დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები.

ქუთაისში სამი სახელმწიფო თეატრია. მათგან ყველაზე მეტ - 800 - მაყურებელს იტევს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი. ახალი წესით, რომელიც 5 კვადრატულ მეტრზე ერთი მაყურებლის განთავსებას გულისხმობს, თეატრში სპექტაკლზე დასწრებას 200-მდე მაყურებელი შეძლებს. თეატრში აუცილებელია თერმოსკრინინგიც, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება. სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს სპექტაკლის ხანგრძლივობაც და წარმოდგენა ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე უნდა ჩატარდეს.

სეზონის დახურვას, ალბათ, შევთავაზებთ მაყურებელს არა თეატრში, არამედ ღია სივრცეში.
სულხან გოგოლაშვილი

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სულხან გოგოლაშვილი ამბობს, რომ მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვით თეატრი ფინანსურად ძალიან ზარალდება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების გათვალისწინებით, თეატრი თავისი რეპერტუარიდან მხოლოდ 2-3 სპექტაკლის თამაშს შეძლებს. სულხან გოგოლაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ თეატრი დამატებითი შემოსავლის გარეშე დატოვა, რადგან დასმა მონაწილეობა ვერ მიიღო საზღვარგარეთ დაგეგმილ ფესტივალში და არც შიდა გასტროლი ჰქონია. რთული სიტუაციის მიუხედავად, თეატრში მონოსპექტაკლის რეპეტიციები განახლდა.

„ახლა ვმუშაობთ პროექტზე და სეზონის დახურვას, ალბათ, შევთავაზებთ მაყურებელს არა თეატრში, არამედ ღია სივრცეში“, - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

ახალი წესების გამო მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება 440 მსმენელზე გათვლილ ქუთაისის ოპერის თეატრშიც, სადაც იმაზე მსჯელობენ, რა ფორმით შესთავაზონ მაყურებელს წარმოდგენები. თეატრმა, შესაძლოა, ღია სივრცე გამოიყენოს. ოპერის თეატრის დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის თქმით, თეატრმა დაკარგა შემოსავალი, რომელსაც საკონცერტო დარბაზის გაქირავებით იღებდა და თანხას სპექტაკლებისთვის იყენებდა. რევაზ ჯავახიშვილის ინფორმაციით, თეატრის ბიუჯეტი სახელფასო ანაზღაურებას და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. თანხა, რომელსაც თეატრი ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სამინისტროსგან პროგრამული დაფინანსების სახით იღებს, საოპერო დადგმებისთვის არასაკმარისია. დირიჟორი ამბობს, რომ ისედაც მიზერულია სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი, შემცირებული მაყურებლის პირობებში კი თანხა კიდევ უფრო უმნიშვნელო გახდება და თეატრს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვაც გაუჭირდება: „თუ შემოსავალი არ იქნა, მოგვიწევს სხვა რესურსის მოძიება. თვითმმართველობის მხარდაჭერის შემთხვევაში, შეგვიძლია გამოვიდეთ ღია სივრცეში კონცერტებით“.

ქუთაისის ოპერის თეატრი
ქუთაისის ოპერის თეატრი
ჩვენი თეატრისთვის ახლა გადარჩენის პერიოდია და არა განვითარების.
ლევან გაბრიჭიძე

ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ინფორმაციით, 6 ივლისიდან თეატრში მონაცვლეობით შეიკრიბებიან 10-10 მსახიობისგან შემდგარი ჯგუფები და ერთმოქმედებიანი ოპერის ახალი მასალის შესასწავლად რეპეტიციებს დაიწყებენ.

დისტანციის დასაცავად საჭირო ფართის სიმცირის გამო, რეპეტიციების განახლების საკითხი გაურკვეველია ქუთაისის თოჯინების თეატრში. სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე ამბობს, რომ თეჯირს მიღმა სივრცე 12 კვადრატული მეტრია და მსახიობებს შორის დისტანციის დაცვა შეუძლებელია. თეატრი, რომლის რეკონსტრუქცია იანვარში დასრულდა, სულ 150 მაყურებელზეა გათვლილი და, ახალი წესით, დარბაზში ყოფნა მხოლოდ 30 მაყურებელს შეუძლია.

„ჩვენი თეატრისთვის ახლა გადარჩენის პერიოდია და არა განვითარების“, - ამბობს ლევან გაბრიჭიძე. თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კორონავირუსისგან დასაცავად შემოღებული წესების სირთულის გამო, თეატრი მაყურებელთან შეხვედრას, სავარაუდოდ, მომავალ სეზონამდე ვერ შეძლებს.

რატომ უთხრა უარი ახმეტის მერიამ პანკისელებს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაზე?

პანკისი

ხმაური იყო დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც პანკისის სათემო ორგანიზაციის მიერ მომზადებული პეტიციის დეტალებს განიხილავდნენ.  

სათემო ორგანიზაცია15 სოფლის სახელით ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს მუნიციპალურ იაფ ტრანსპორტს. ორგანიზაციის წევრ რამზან გორგიშვილის გათვლით, ამ სერვისის დანერგვისთვის 60 ათასი ლარია საჭირო და ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა ადგილობრივ ბიუჯეტს არ უნდა გაუჭირდეს.

პანკისის სათემო ორგანიზაციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს მოუწოდეს, შეკვეცონ საკუთარი ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯები და აიპების ათობით თანამშრომლისთვის გადახდილი ხელფასები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასამუშავებლად თანხები გამოთავისუფლდება.

„მე პირადად არ მგონია, რომ 60 ათასი ლარის მოძიება დიდი პრობლემა იყოს. ელემენტარულად, მათ შეუძლიათ უარი თქვან იმ დამატებით სიკეთეებზე, რასაც ბიუჯეტიდან იღებენ. ასევე, რაღაც აიპები რომ აქვთ დაფუძნებული და იქიდან მუქთად გასცემენ ხელფასებს პენსიასავით, შეუძლიათ ქამრები ამ ნაწილშიც შემოიჭირონ და შემდეგ ეს თანხები მიმართონ საზოგადოებისთვის. ეს იქნება მათგან კარგი საქმე და სარგებელი ხალხისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რამზან გორგიშვილი და მიზეზს განმარტავს, თუ რატომ მივიდნენ ისინი საკრებულოს სხდომაზე.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

პანკისის სათემო ორგანიზაციის წევრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მათ ინიციატივაზე პანკისში დაინიშნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მერიისგან პასუხად მიიღეს უარი განმარტებით, რომ პანდემიის პოსტკრიზისული სიტუაციის ფონზე ახმეტის ბიუჯეტი შემცირდა.

რამზან გორგიშვილს არასწორად მიაჩნია მერიის შეთავაზება, რომ პროექტის განსახორციელებლად ფინანსები დონორებისგან თავად სათემო ორგანიზაციამ მოიპოვოს:

„მერიამ მოგვწერა, პოსტპანდემიის პირობებში ბიუჯეტი შეგვიმცირდა და ჩვენ ვერ ვახერხებთ დაფინანსებასო. ეს არასერიოზული პასუხია, რადგან დღეს საკრებულოშიც თქვეს, რომ მსგავსი ინიციატივები პანდემიამდე პერიოდშიც ყოფილა და მაშინაც არ დააკმაყოფილეს მოსახლეობის მოთხოვნა. მერიამ სათემო ორგანიზაციას შემოგვთავაზა, რომ თვითონვე მოვიძიოთ დონორები... რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ რომელიმე ორგანიზაციამ სცადოს, დონორი მოიძიოს და სატრანსპორტო საშუალება შეიძინოს, მაგრამ მერიის მხრიდან ეს ძალიან არასწორი მიდგომაა“.

ახმეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა, რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა კი გვითხრა, რომ პანკისის ხეობის სოფლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ სჭირდებათ, რადგან, მისი ინფორმაციით, კერძო მიკროავტობუსების განრიგი ისეა განაწილებული, რომ გადაადგილების პრობლემა არ არსებობს:

„პანკისში რომ მოძრაობს ტრანსპორტი, ნეტა ისე მოძრაობდეს სხვა სოფლებში. არ შეიძლება ასე მთლიანად უფასო მომსახურებაზე გადაიყვანო ეს სფერო. მე ვერ გამიგია, საერთოდ, რას ნიშნავს იაფი ტრანსპორტი. გამაგებინეთ... ამ საქმის გაკეთება ფინანსებზეა დამოკიდებული და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა... არ იცით, რა ხდება? მერმა თუ მათ უარი უთხრა, ესე იგი სამართლებრივად უთხრა... ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. პეტიცია არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დააკმაყოფილო მაინცდამაინც“.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

მიუხედავად იმისა, რომ მერია ამ ეტაპზე პანკისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას არ აპირებს, ახმეტის საკრებულოს უმრავლესობა პანკისის სათემო ორგანიზაციის წევრებს დაჰპირდა, რომ მომდევნო სხდომაზე საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პანკისისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშნვის საკითხზე იმუშავებს.

პანკისის სათემო როგანიზაციის წევრების თქმით, მართალია, ხეობაში მგზავრთა გადაყვანა კერძო ე.წ. „მარშრუტკებით“ ხდება, მაგრამ განრიგი მოუხერხებელი და ცვალებადია. მათივე ინფრმაციით, თუკი მგზავრთა საკმარისი რაოდენობა არ მოგროვდა, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული მარშრუტი საერთოდ უქმდება.

სათემო ორგანიზაციაში იმასაც ამბობენ, რომ დუისისგან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს ადგილობრივი სერვისებით სარგებლობა - შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებასა და პროფესიულ განათლებაზე.

რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტი 900 ათასი ლარით შემცირდა

რუსთავის საკრებულოს სხდომა

რუსთავის საკრებულომ 30 ივნისს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს  ადგილობრივი ბიუჯეტის 900 ათასი ლარით შემცირების შესახებ, რამაც  საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია.

დადგენილების პროექტი ეყრდნობა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 600 მილიონი ლარით შემცირდა. საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნანა შატბერაშვილმა, ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებას სეკვესტრი უწოდა.

საკრებულოს მოუწევს ინტენსიური მუშაობა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება საპარლამენტო  არჩევნებამდე ორი თვით ადრე  მოასწროს, რასაც კანონი ითხოვს...
ნანა შატბერაშვილი

„თქვენ აუთვისებელი მილიონი ლარი დააკელით ქალაქს. გილოცავთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას!“, მიმართა ნანა შატბერაშვილმა საკრებულოს უმრავლესობას, რაზეც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფრაქციას პანდემიის შესახებ არაფერი სმენია.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან რუსთავის ინფრასტრუქტურისთვის წლის დასაწყისში, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. შეკვეცილი თანხაც ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარებოდა, მათ შორის 270 ათასი ლარი - გზებისა და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, ხოლო 485 ათასი ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას.
ცვლილებების შემდეგ რუსთავის დაზუსტებული ბიუჯეტი 64 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც, წინა სხდომებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებიც დაასწრეს, განაცხადა, რომ გამოუყენებელი თანხა რეგიონალური განვითარების ფონდში დაბრუნდება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე ამ ფულს დაიბრუნებენ.

„მთავრობაში წარდგენილი გვაქვს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. იმედი გვაქვს, რომ დაგვიფინანსებენ. შეიძლება თანხა 900 ათას ლარზე მეტიც იყოს“, თქვა ლევან კავთიაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს სხდომა
რუსთავის საკრებულოს სხდომა

დღევანდელი სხდომის შემდეგ საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა, ნანა შატბერაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან კავთიაშვილის ოპტიმიზმი არ გაიზიარა. ამასთან, გამოთქვა ვარაუდი, რომ ქალაქის ბიუჯეტი კიდევ შემცირდება და საკრებულოს უმრავლესობა ამისთვის „რაღაცას მოიმიზეზებს“.

„საკრებულოს მოუწევს ინტენსიური მუშაობა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოასწროს, რასაც კანონი ითხოვს“, თქვა ნანა შატბერაშვილმა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტში ცვლილებები კიდევ შევა, მაგრამ არა მისი შემცირების ხარჯზე. ამასთან, მან დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს რუსთავის ბიუჯეტს ადგილობრივი მოსაკრებლის სახით, დაახლოებით, მილიონი ლარი დააკლდა.

ბათუმმა ისევ თბილისს მიბაძა

ბიუროს სხდომა

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა, მსგავსს ცვლილებებზე  მსჯელობა დაიწყო აჭარის საკანონმდებლო ორგანოში.

თუ ავტონომიურ რესპუბლიკაში გასულ წელს მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების დროს განიხილებოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ახლა, თბილისის მსგავსად, ბათუმშიც პროპორციულთან მიახლოებულზე საუბრობენ, ამ მოდელით კი 21 მანდატიდან უმაღლეს საბჭოში 3 მაჟორიტარული იქნება. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ:

„საქართველოს პარლამენტის მოდელისგან განსხვავებით, გაცილებით გაუმჯობესებული მოდელია. მოგეხსენებათ, ისედაც ერთი მესამედი პროპორციული იყო, ახლა კი კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 85 %-ზე მეტი გამოდის პროპორციული სიით. გადაწყვეტილება უკვე არსებობს და მას უმრავლესობის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს და არაფერ განსაკუთრებულ მოულოდნელობას არ ველით“.

ახლა იმავეს აკეთებენ აჭარის შემთხვევაში -  მოსახლეობის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე ცდილობენ პროპორციული საარჩევნო სისტემა შეცვალონ შერეული საარჩევნო სისტემით. ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური...
გია აბულაძე

მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭს 1 ივლისს პლენარულ სხდომაზე უყრიან. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკითხი გასული წლის შემოდგომაზე მომზადდა, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებით“ წარმოდგენილი უმრავლესობა თბილისში პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის მოდელის შეცვლას ელოდებოდა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით იქნება, 30 კი მაჟორიტარული. ამათგან აჭარიდან საქართველოს პარლამენტში 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება: ერთი ბათუმში, ერთი ქობულეთსა და მახინჯაურში და ერთიც მაღალმთიან აჭარაში, რომელიც ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს აერთიანებს. სწორედ ამავე ოლქებში აირჩევენ სამ მაჟორიტარს აჭარის უმაღლეს საბჭოში 2020 წლის არჩევნებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები რომ საქართველოს პარლამენტის არჩევის წესის მსგავსი იქნებოდა, ამას არ მალავდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე. იგი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ამაში პოზიტივიც დაინახოს, რადგან აჭარის უმაღლესი საბჭო, გასულ წელს მომზადებული ცვლილებებისგან განსხვავებით, ახლა განიხილავს მომავალ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების ბლოკებად მონაწილეობის შესაძლებლობას:

„ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით ბლოკების შეზღუდვაზე და ეს თითქოს იყო ერთადერთი საჯილდაო ქვა ოპოზიციისთვის. ეს საკითხიც მოიხსნა დღის წესრიგიდან. ახლა კი მაინტერესებს და დიდი მოთმინებით ველოდებით, რას აპირებს ოპოზიცია“.

ოპოზიცია კი არ აპირებს ხვალ პლენარულ სხდომას დაესწროს. დღეს მათი წარმომადგენელი არც ბიუროს სხდომას ესწრებოდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია აბულაძისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო ცვლილებებისას აღარ განიხილავს სრულად პროპორციულ საარჩევნო მოდელს, რომელზეც გასულ წელს მმართველი გუნდი რეგიონში მოქმედ 8 პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას შეუთანხმდა. მომზადებულმა ცვლილებებმა ყველა ეტაპი გაიარა და აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრაზე გასვლას ელოდა, თუმცა საკითხის სხდომაზე გატანა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 14 ნოემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

„ახლა იმავეს აკეთებენ აჭარის შემთხვევაში - მოსახლეობის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე ცდილობენ პროპორციული საარჩევნო სისტემა შეცვალონ შერეული საარჩევნო სისტემით. ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური, იმიტომ რომ უკვე ინიცირებულია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, მოსახლეობასთან ეს კანონპროექტია განხილული და ახლა ხელისუფლება გვთავაზობს მათ კაბინეტებში კულუარულად, მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე, მოხდეს სკამების ე.წ. გადანაწილება, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ“, - ამბობს დეპუტატი გია აბულაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა

ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არც „ევროპული საქართველო“ მიიღებს, რომელსაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთი დეპუტატი ჰყავს. პოლიტიკური პარტიები კი, რომლებიც რეგიონის ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში არ არიან წარმოდგენილი, თუმცა წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობენ, რეგიონში პროპორციულთან მიახლოებულ მოდელს არ ეთახნმებიან. მათ შორისაა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“. მისი ერთ-ერთი წევრი, გია მასალკინი, ამბობს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს აბჭოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და მითითებებს ისევ ცენტრალური ხელისუფლებიდან ელოდება:

„ჩვენ გვქონდა სურვილი და მისი დეკლარირებაც კი გავაკეთეთ, რომ აჭარაში ჩაგვეტარებინა პროპორციული არჩევნები. ამის შესაძლებლობას კანონმდებლობა იძლეოდა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ჩატარდება აჭარაშიც. ამას აქვს თავისი სპეციფიკა. აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატის ადგილია, მოსახლეობა კი 400 ათასამდეა. ამიტომ აქ ბუნებრივი ბარიერი არ გამოდის და 5 პროცენტამდეა. ეს კი კიდევ ერთი სირთულეა“, - ამბობს გია მასალკინი.

საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც 1 ივლისს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან, 14 დეპუტატის ხმა სჭირდება. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით წარმოდგენილი „ქარული ოცნების“ დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას რეგიონში მხარდაჭერა ექნება.

გიდები ყურადღების მიპყრობას ცდილობენ

გიდების აქცია

​​​​​​​„გიდები ქოლგებით - ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!“- ამ სახელწოდების აქცია-ფლეშმობი ქუთაისში გამართეს გიდებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე თვეა, ტურისტებს ვეღარ ემსახურებიან და უმუშევრად დარჩნენ.

20-მდე გიდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, იმერეთის მეფეთა რეზიდენცია „ოქროს ჩარდახთან“ შეიკრიბა და ფერადი ქოლგები გაშალა. ქოლგა გიდების სიმბოლოა და მზრუნველობაზე მიანიშნებს. ქართველი გიდები უნგრელი კოლეგების მიერ ფეისბუკით სპონტანურად დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფლეშმობის ინიციატივა ეკუთვნით გიდებს, რომლებიც ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბნენ და სიმბოლური აქციით სცადეს კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული მსოფლიო ტურიზმის გამოცოცხლება.

ქართველი გიდების მიმართ მხარდაჭერა მთავრობისგან მიმსგავსებულიც არ არის იმ მხარდაჭერასთან, რასაც ევროპულ ქვეყნებში ეხმარებიან გიდებს...
ქეთი უგლავა

ქუთაისში გამართული აქციის მონაწილე თამარ ვაშაკიძე ამბობს, რომ გიდების მიზანია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ყურადღება მიიქციონ და, მეორე მხრივ, ადამიანებს შეახსენონ გიდის მნიშვნელობა. თამარ ვაშაკიძის თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ იპოვოს ოქროს შუალედი, რათა ვირუსმა მოქალაქეებს საფრთხე არ შეუქმნას და, ამავე დროს, მუშაობა შეძლონ ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა:

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ რეგულაციების დაცვით და ველოდებით ქართველ მომხმარებლებს. მნიშვნელოვანია შიდატურიზმის განვითარებაში დაინახონ გიდის მნიშვნელობა“.

„გარდა იმისა, რომ ფინანსურად დავზარალდით, დავკარგეთ საყვარელი საქმე და დადებითი მუხტი, რომელსაც ჩვენი შრომით გავცემდით და ვიღებდით“, - ამბობს გიდი ცირა ხაბუძანია. მისი თქმით, საქართველოში შიდატურიზმის გახსნის მიუხედავად, გიდებისთვის არაფერი შეცვლილა:

„სტაგნაციაა, სრულიად პარალიზებულია სისტემა, რადგან გიდები შიდატურიზმისთვის აქტუალური არ არის, ჩვენთვის შიდატურიზმის გახსნას შეღავათი არ მოუტანია. ეს შეიძლება შეეხოს გადამზიდავ კომპანიებს და სასტუმროებს ან მომსახურების სხვა სფეროებს, მაგრამ ჩვენთვის შიდატურიზმის გახსნით არაფერი იცვლება“.

მსოფლიო გიდების ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული გიდი ქეთი უგლავა 2012 წლიდან უწევს გიდობას საქართველოში ჩამოსულ ინგლისურენოვან ტურისტებს. როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე საქართველოში ტურიზმი სეზონურობით გამოირჩეოდა და გიდები წლის განმავლობაში ძირითადად 7-8 თვის განმავლობაში იყვნენ დასაქმებული, ამ პერიოდში მიღებული შემოსავლით თავი მთელი წელი გაჰქონდათ. დღეს უმუშევრად დარჩენილ გიდს და მის ორ შვილს თავის გატანაში ემიგრაციაში მყოფი დედა ეხმარება:

გიდების აქცია
გიდების აქცია

„ქართველი გიდების მიმართ მხარდაჭერა მთავრობისგან მიმსგავსებულიც არ არის იმ მხარდაჭერასთან, რასაც ევროპულ ქვეყნებში ეხმარებიან გიდებს. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება დაიწყებს გიდების შემჩნევას, რადგან ბევრი გიდი დარჩა საარსებო წყაროს გარეშე და ვერ მიიღო ერთჯერადი კომპენსაცია, 300 ლარიც“.

როგორც გიდები ამბობენ, უცხოელმა ვიზიტორებმა ივლისის ტურები გააუქმეს და რადგან ავიამიმოსვლის განახლება 1 აგვისტომდე გადაიდო, ეჭვქვეშ დგას მომდევნო თვეებში დაგეგმილი ვიზიტებიც.

შუა გზაზე მიტოვებული თითქმის მილიონიანი პროექტი კახეთში

სოფელი შრომა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, თითქმის მილიონიანი პროექტი, წელიწად-ნახევარია, მიტოვებულია.

სოფლებში შრომასა და კავშირში, ორკილომეტრიან მონაკვეთზე, სანიაღვრე და სარწყავი წყლის არხების მოსაწესრიგებლად სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია შპს „ტექნომშენ ჯგუფმა“ დაიწყო, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამუშაოები მიატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თხრილების გამო ხშირია ავარიები, რომლებსაც მსხვერპლიც თან სდევს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ იხოცება პირუტყვი. იქ მცხოვრებლები ყველაზე დიდ საფრთხედ სანიაღვრე არხებისთვის გათხრილი ორმოებიდან ამოშვერილ ლითონის კონსტრუქციებს ასახელებენ.

„რამდენიმე დღის წინ ამ თხრილებში პატარა ტრაქტორი გადავარდა და იქ მჯდომები გადარჩნენ. ამ ორმოებში ძროხაც ჩავარდა და მოკვდა. ეს ადგილი ბაყაყებისა და გველების ბუდეა“,- ამბობს სოფელ შრომაში მცხოვრები ნოდარ თანდილაშვილი.

სოფელი შრომა
სოფელი შრომა

კიდევ ერთი ადგილობრივის, ლუიზა შუბითიძის, თქმით, „2019 წელს თხრილებში ავტომობილი გადავარდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“.

სანიაღვრე და სარწყავი წყლის არხების მოსაწყობად პირველი ტენდერი, დაახლოებით, ორი წლის წინ გამოცხადდა. ამისთვის საგზაო დეპარტამენტმა 978 562 ლარი გამოყო. ტენდერი „ტექნომშენ ჯგუფმა“ მოიგო, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტიდან წავიდა. ამ კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხოდ ტოვებენ.

ჯონდო მდივნიშვილი
ჯონდო მდივნიშვილი

ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დარჩენილ სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც შპს „მექანიზატორი 2005“-მა მოიგო. მდივნიშვილს არ აქვს ინფორმაცია, შეჩერებულია თუ არა სამუშაოები, თუმცა ირწმუნება, რომ პროექტი შემოდგომაზე დასრულდება.

„ამ პროექტს - შესრულებულ სამუშაოებსაც და შესასრულებელსაც - დასჭირდა ექსპერტიზა, იმისათვის რომ ახალი შემსყიდველი მოძიებულიყო. შემდეგ იყო სატენდერო პერიოდი. დღეის მდგომარეობით, არის ახალი კონტრაქტორი, რომელიც სამუშაოებს ასრულებს“.

გიორგი ენუქიძე
გიორგი ენუქიძე

სოფელ შრომაში პრობლემებს იცნობს ადგილობრივი ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიორგი ენუქიძე, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ენუქიძის თქმით, „ის, რომ ამ მასშტაბის პროექტი 2 წელი მიტოვებულია, ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. ჩვენ, უკვე წლებია, ვამბობთ, რომ ლაგოდეხში პროექტები უხარისხოდ სრულდება“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

თბილისი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მიმდინარე პროექტში რომ ხარვეზებია, ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებენ საავტომობილო გზების უწყებაში. უწყების წარმომადგენელ ვაჟა ადამიას თქმით, კომპანია „მექანიზატორი 2005“-ს პანდემიის პირობებში სამუშაოები შეჩერებული ჰქონდა და ის მაისის თვეში განაახლა, თუმცა, ადამიას თანახმად, მუშაობის ტემპი დაბალია და მათ სამშენებელო კომპანია გააფრთხილეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ხელშეკრულებას შეუჩერებენ და დააჯარიმებენ. ადამია გვეუბნება, რომ პირველი კომპანია ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მთლიანი თანხის 1 პროცენტით დაჯარიმდა.

დაუსრულებელი პროექტი სოფელ შრომაში
დაუსრულებელი პროექტი სოფელ შრომაში

„მუშაობის დროს, სამწუხაროდ, დაბალი ტემპია, რაზეც კომპანია წერილობით რამდენჯერმე გავაფრთხილეთ... კომპანიის წარმომადგენელი გვპირდება, რომ ხალხს დაამატებს და ტემპს მოუმატებს. თუ ასე არ მოხდა, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს, როგორც პირველი კომპანიის შემთხვევაში მოხდა. შპს „მექანიზატორი 2005“-ს ამჟამად არც ერთი თეთრი არ აქვს მიღებული“.

კომპანია „მექანიზატორი 2005“-ში რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება კომპანია ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. კონტრაქტის თანახმად, კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად დრო 13 ოქტომბრამდე აქვს, მანამდე კი ადგილობრივ მცხოვრებლებს სიფრთხილე მართებთ, რომ შესაძლო სავალალო შედეგები თავიდან აიცილონ.

მომთაბარე მეცხვარეები - ახალციხის სოფლების თავსატეხი

მომთაბარე მეცხვარეების მიერ დაზარალებული ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა მესამე წელია ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი და იგივე პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ სთხოვს. სოფლების წარმომადგენლები დღეს მხარის რწმუნებულს შეხვდნენ და მისგან ჯერჯერობით მხოლოდ დაპირება მოუსმინეს.

ვალესა და მიმდებარე სოფლების მკვიდრთა თქმით მიწები, რომელსაც ადგილობრივები საძოვრებად და სათიბად იყენებენ, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მეცხვარეებმა გაუნადგურეს. ისინი ცხვარსა და საქონლეს ამ მიწაზე აბალახებდნენ. საუბარია დაახოლებით 12 ათას სულ ცხვარსა და პირუტყვზე.

სოფელ ჯულღას მკვიდრი პარუირ დურგალიანი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა ზამთარში საქონლის საკვების გარეშე დარჩა.

"ჩვენ სადაც ვთიბავდით, ის ადგილი ახლა ასფალტივით არის. რა მოვთიბოთ და რა ვაჭამოთ საქონელს? სულ გაფუჭებულია საძოვრები და სათიბები. მწყემსებმა საქონელი დაახლოებით სამი კვირის წინ შემოიყვანეს, ცხვარი კი ორი კვირის წინ. ერთი დღეში 30 ჰექტარს აფუჭებენ. იქნებ ისე მოგვარდეს საქმე, რომ არც ისინი დარჩნენ უკმაყოფილო და არც ჩვენ".

მიწები სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა წლებია ადგილობრივები სათიბად იყენებენ. გარდა ამისა, ფარამ დააზიანა სოფლების სასმელი წყლის სისტემაც. სოფელ წინუბნის მკვიდრი ჰაიკ ალექსანიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

"ახალციხის მთავრობაში მეუბნებიან, რომ პასუხი ხვალ ექნებათ, თუ როგორ უნდა მომიგვარდეს პრობლემა. სათიბებია მთლიანად გაფუჭებული, არადა ეს იყო ზუსტად მთელი სოფლის იმედი. სამი სოფლის სათიბებია გაფუჭებული, გარდა ამისა, ვალის შედარებით ნაკლებად, მაგრამ წინუბნის და აბათხევის მოსახლეობის დასალევი წყალი ტალახივით მოდის, რადგან საქონლის გამო დახურეს".

ამ პრობლემით, დაახლოებით 60-მდე ფერმერი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა და მხარის რწმუნებულთან შეხვედრა მოითხოვა. ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივების ნაწილს დახურულ კარს მიღმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ჟურნალისტები შეხვედრაზე არ დაუშვეს.

"ადგილობრივ მოსახლეობას საძოვრების პრობლემა შეექმნა, დახმარებას გვთხოვენ, მივეცით პირობა, რომ დღესვე დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი მაცხოვრებლების ინტერესი იქნეს გათვალისწინებული. აქვე დაისვა ის საკითხი, რომ მწყემსებმა დააზიანეს სარწყავი და სასმელი წყლის სისტემაც. წყლის პრობლემის დროულად მოგვარების ბრძანება მერმა უკვე გასცა. საუბარია ოთხ ფარაზე, დაახლოებით 4 000 სულ ცხვარსა და 1 000 სულამდე საქონელზე" - განმარტავს ბესიკ ამირანაშვილი.

შეხვედრის დასასრულს გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქმეზე სამართლებრივი პროცედურები დაიწყება. მსგავსი პრობლემა მოსახლეობას მესამე წელია ექმნება, თუმცა არასდროს დამდგარა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან, ალტერნატიულ გამოსავალს ადგილობრივი ხელისუფლება არც მეცხვარეებს სთავაზობს.

რუსთავის საკრებულოს „პარტიზანული“ სხდომები

რუსთავის საკრებულო

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეკომენდაციების შემსუბუქების მიუხედავად, რუსთავის საკრებულო აგრძელებს  საკითხების დახურულ სხდომებზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.

რუსთავის თვითმმართველობის შენობის იმ ნაწილის შესასვლელ კარებზე, სადაც ადგილობრივი საკრებულოა განთავსებული, გამოკრულია გამაფრთხილებელი წარწერა: „მოქალაქეთა შესვლა არ შეიძლება“. შენობის ხსენებულ ნაწილში, განსხვავებით მერიისთვის დათმობილი ფლიგელისა, არც ჟურნალისტებს უშვებენ, რასაც უზრუნველყოფენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ამბობენ რა, რომ მიღებული აქვთ ზეპირი მითითება, თანხმობის გარეშე შენობაში არავინ შეუშვან. კონკრეტულად ვისგან აქვთ მიღებული მითითება, ვერ დაასახელეს, ამიტომ რადიო თავისუფლებას პრესსამსახურთან დაკავშირება ურჩიეს. პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ითვალისწინებენ სამთავრობო რეკომენდაციებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ამავე მიზეზით, დღევანდელი, 23 ივნისის, სხდომაც საგანგებო რეჟიმში ჩატარდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არსებობს საკრებულოს შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილება და დასაბუთება.

რუსთავის საკრებულოს სხდომა
რუსთავის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის გამო ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ შეკრებას უძღვებოდა, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხების დახურულ რეჟიმში განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ამჯერად თავად, ერთპიროვნულად, მიიღო და საბუთად ეპიდემიოლოგების განცხადებები მოიყვანა.

„დადგენილება და კანონი არაფერ შუაშია. შესაბამის რეკომენდაციებს ყოველდღე ვისმენ ეპიდემიოლოგებისგან, რომ [ეპიდემიის] ახალ ეტაპს ველოდებით... სხვადასხვა ქვეყანაში ხომ მოხდა [კორონავირუსის ახალი აფეთქება]?. ტელევიზორს არ უყურებთ? გამოდის გამყრელიძე, სხვა ეპიდემიოლოგები, [ეპიდემიის] ახალ ეტაპს ველოდებით და თავს გაუფრთხილდითო. მთელ მსოფლიოშია პანდემია. მე არ მინდა, საკრებულოს წევრები 15 დღით ისევ მოხვდნენ კარანტინში, თორემ დასამალი არაფერი გვაქვს, აქ არის პოზიციაც, ოპოზიციაც“, - თქვა დავით რეხვიაშვილმა. მან დასძინა, რომ საკრებულოს არც იმის საშუალება აქვს, ჟურნალისტებს სხდომის წინ ტესტირება უტაროს, რადგან თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის.

„საგანგებო მდგომარეობა თუ გაუქმდა, რატომ კრძალავენ, მაგალითად, ტაქსიში მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომას? 15 დღე რომ არ გავუფრთხილდით ერთმანეთს, ამიტომ ვიყავით კარანტინში“, - თქვა რეხვიაშვილმა, რომელმაც იგულისხმა მიმდინარე წლის მარტში მომხდარი ფაქტი, როცა რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი COVID-19-ით დაავადდა და ამის გამო საკრებულოს წევრები ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება საკრებულოს ასეთ რეჟიმში მუშაობა, დავით რეხვიაშვილმა უპასუხა, რომ „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მდგომარეობა იქნება კორონავირუსის გავრცელების მხრივ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“. მან ჟურნალისტებს იქვე ურჩია, რომ თუ საკრებულოს მუშაობაში კანონდარღვევას ხედავენ, შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ.

დღევანდელი სხდომის წინ რადიო თავისუფლებამ საკრებულოს რამდენიმე წევრს მიმართა კითხვით, იცოდნენ თუ არა, რომ სხდომები ჟურნალისტებისთვის დახურულია, და რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.

რუსთავის საკრებულო
რუსთავის საკრებულო

საკრებულოს უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციის „რუსთავის განვითარებისთვის“ წევრმა, კობა ჩალაძემ, თქვა, რომ არ იცის, რატომ არ აძლევენ ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლებას, ან მუშაობს თუ არა წარმომადგენლობითი ორგანო დახურულ რეჟიმში.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით კაპანაძემ კი განაცხადა, რომ „საკრებულოს არც ერთ სხდომაზე დახურულ რეჟიმში მუშაობის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა“.
მან ხაზი გაუსვა საკრებულოს სხდომათა დარბაზის სიმცირეს, თუმცა, კაპანაძის თქმით, კანონში ცალსახად წერია, რომ სხდომები უნდა იყოს ღია.

„საკრებულოს წევრები ვიცავთ 2-მეტრიან დისტანციას. ისე კი, კარგი იქნება, თუ გამოიძებნება შესაბამისი ტერიტორია, სადაც დავეტევით ჩვენც და ჟურნალისტებიც“, - თქვა დავით კაპანაძემ. მან გაიხსენა საგანგებო მდგომარეობის დროს რუსთავის თეატრის დარბაზში ჩატარებული ერთ-ერთი სხდომა.

რუსთავის საკრებულოს სხდომა
რუსთავის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს დღევანდელი მუშაობის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებამ ჰკითხა ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, დააყენეს თუ არა ღია სხდომების ჩატარების შესახებ საკითხი, რაზეც გვიპასუხეს, რომ ასეთი წინადადება არ დაუყენებიათ.

„სხდომები უნდა იყოს საჯარო. მთავარია, მედიაც ეპიდემიოლოგების მოთხოვნების შესაბამისად დავუშვათ და დაიცვან წესები, რომელსაც ვიცავთ ჩვენ, საკრებულოს წევრები. საუბარია დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებაზე“, - თქვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტი, გიგა ჩიხლაძე, ამბობს, რომ ეპიდემიის მიზეზით საკრებულოს სხდომების დახურვა სამართლებრივად ბუნდოვანია და უფრო არაფორმალური გადაწყვეტილებაა.

„ჩვეულებრივ მოქმედებს თვითმმართველობის კოდექსი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება, რომლებიც საჯაროობის საფუძველია და დახურული სხდომისთვის აწესებს წინაპირობებს. ეს არის ისეთი საკითხის განხილვა, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა ტიპის არასაჯარო ინფორმაციას“, - თქვა გიგი ჩიხლაძემ. „სრულიად დაუშვებელია, როცა არაფორმალური გზით აწესებ მნიშვნელოვან შეზღუდვას და გვერდს უვლი მნიშვნელოვან საკანონმდებლო პრინციპს, საკრებულოს საჯაროობას“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის, თქმით, ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ამა თუ იმ დონის საჯარო დაწესებულებამ, ერთი მხრივ, საჯაროობა შეინარჩუნოს და, მეორე მხრივ, თავიდან აიცილოს კორონავირუსის გავრცელების რისკი. გიორგი მშვენიერაძემ ერთ-ერთ ასეთ საშუალებად სოციალურ ქსელებში საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაასახელა.

„მაგრამ როცა ამას არ აკეთებენ, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უწყებები ბოროტად სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და მათი რეალური მოტივია არა COVID-19-თან ბრძოლა, არამედ საჯაროობისთვის თავის არიდება“, - თქვა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ.

როგორც თვითმმართველობის საკითხების ექსპერტმა მაგდა პოპიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანა განსაკუთრებულ ვითარებაში ცხოვრობს, ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომების საჯაროობა უნდა უზრუნველყოს.

„სხდომების ტრანსლირება მინიმუმ ონლაინრესურსებით უნდა მოხდეს, ან რუსთავის საკრებულომ, სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოთა მსგავსად, მონახოს დიდი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დისტანციის დაცვით შეკრება“, - თქვა მაგდა პოპიაშვილმა.
მისივე აზრით, რამდენადაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და სახელმწიფო უწყებებიც გარკვეული წესების დაცვით მუშაობას უბრუნდებიან, რუსთავის საკრებულოს მიერ პანდემიის მიზეზით სხდომების საჯაროობის შეზღუდვა არაპროპორციული ნაბიჯია.

როდის აღდგება გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა

რუსთავის რკინიგზის სადგური

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ ამ ეტაპზე მზად არ არის, უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე, სარკინიგზო ტრანსპორტისთვის შემუშავებული რეგულაციების გამო.

„საქართველოს რკინიგზიდან“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდაბნიდან თბილისამდე საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა აღდგება, როცა შესაძლებელი გახდება ხსენებული რეგულაციების დაცვა.

15 ივნისიდან რკინიგზის ხუთ მაგისტრალურ მიმართულებაზე განახლდა სამგზავრო გადაყვანები.

„ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები. ყველა ამ რეგულაციას აკმაყოფილებენ ის მატარებლები, რომლებმაც აღადგინეს მუშაობა. „საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად განახორციელებს ყველა იმ პროცედურას, რომლის მიხედვით მატარებლებში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შესრულება. შესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება სხვა რეისების განახლება“, უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზაში“, რომლის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის.

გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მატარებლით, რომელიც დღეში ერთ რეისს აკეთებდა, სარგებლობდნენ როგორც გარდაბნელები და რუსთაველები, ასევე რკინიგზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებნი. მატარებლის მოძრაობა შეწყდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.

საგულისხმოა, რომ პანდემიამდე მოძრავი მატარებლის შემადგენლობა ვერ უპასუხებს ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ რეგულაციებს. მაგალითად, სამგზავრო ვაგონებში არ იყო სველი წერტილები. ახლად დადგენილ წესებს ვერც რკინიგზის სადგურის შენობა უპასუხებს, სადაც შეჩერებულია მოსაცდელი დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უცხოელი ტურისტების მოლოდინში - პესიმიზმიდან ფრთხილ ოპტიმიზმამდე

ბათუმის სანაპირო

მას შემდეგ, რაც მაისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება უსაფრთხო „მწვანე დერეფნების“ შესაქმნელად და პირველი სახელმწიფო, საიდანაც კორონავირუსის პანდემიისას საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება, ტურისტულმა სააგენტოებმა ისრაელთან მუშაობა დაიწყეს. მათ შორის კომპანია „აჭარა ტურმა“. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი პირველი აღარ იქნება ამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.

„უკვე დანიშნული იყო ისრაელიდან პირდაპირი ფრენები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელში გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია დაიძაბა. ბოლო ხანს არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა. ამიტომ, როგორც საქართველო, ისე ისრაელი თავს იკავებენ პირდაპირი ფრენების აღდგენისგან. ეპიდემიოლოგები დააკვირდებიან სიტუაციას და რეალური სურათი გვექნება 15 ივლისისთვის“, - გვითხრა „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ.

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

ეს კომპანია 1 აგვისტოდან აპირებდა ევროპიდან ტურისტების მოზიდვასაც. ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ლიეტუვის და ესტონეთის კომპანიებთან მიღწეულიც იყო შეთანხმება პირდაპირ ავიარეისებზე, თუმცა აქაც კითხვის ნიშნები გაჩნდა:

„რამდენად იქნება ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე საქართველოში? ამ ვირუსმა გვაჩვენა, რომ წინასწარ, გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცის დაგეგმვა არაეფექტურია. მოკლევადიან პერსპექტივაში შეგვიძლია დავინახოთ, რა შეიძლება მოხდეს ერთი კვირის შემდეგ. დღევანდელი სიტუაცია არ გვაძლევს იმის მოლოდინს, რომ ყველაფერი ისე დასტაბილურდება, რომ რეალურად გვექნება უცხოეთიდან ფრენები. განსაკუთრებით ტურისტული ჩარტერები. სამწუხაროდ, მოლოდინი არის ის, რომ წელს საქართველოში უცხოელი ტურისტი არ იქნება“.

ახლა გვიკავშირდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან. ძალიან ბევრი გვირეკავს უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყველა ელოდება გზების გახსნას.
ნათია დოლიძე

COVID-19-ის პანდემიის პირობებში აჭარაში ძირითად მიმართულებად შიდა ტურიზმი გამოცხადდა. კერძო სექტორის ნაწილმა საქართველოს მოქალაქეების გადახდისუნარიანობა გაითვალისწინა. მათ შორის 4 და 5 ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა, სადაც წინა წლებში უცხოელები სჭარბობდნენ. ბათუმში ერთ-ერთი პოპულარული, ბუტიკის ტიპის სასტუმროს მენეჯერი ნათია დოლიძე გვეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 15%-იანი ფასდაკლება აქვთ და მიუხედავად იმისა რომ უსაფრთხოების ახალი ნორმების დაცვამ დამატებითი ხარჯი მოითხოვა, ნომრების ფასი არ გაუზრდიათ: „ხშირად გვირეკავენ და ჯავშნიან კიდეც“.

ნათია დოლიძის ინფორმაციით, მათ სასტუმროს უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც უკავშირდებიან: „ძალიან უნდათ სტუმრობა. სულ გვწერენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ივლისიდან ჩამოვლენ. ისრაელიდან გვქონდა ჯავშნები, მაგრამ გაუქმდა. ახლა გვიკავშირდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან. ძალიან ბევრი გვირეკავს უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყველა ელოდება გზების გახსნას“.

ისრაელიდან ჯავშნები გააუქმეს კომპანია „მეტრო სიტის“ სასტუმროებშიც. ეს კომპანია ბათუმში რამდენიმე 5 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროს ფლობს. ზოგიერთ მათგანში ახლა საკარანტინო ზონაა. დანარჩენს კი უცხოელი ტურისტებისთვის ამზადებდნენ. „მეტრო სიტიში“ გვითხრეს, რომ მათთან ჩამოსვლის სურვილს ახლაც გამოთქვამენ თურქეთის მოქალაქეები. კომპანიის წარმომადგენელი დიანა ბერიძე ამბობს, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან სასტუმროს დაჯავშნაზე დიდი მოთხოვნაა მკაცრი წესების მიუხედავად:

ქვეყნებთან საზღვრების გახსნა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკების საგანია. მთლიანადაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმ ქვეყნებში, საიდანაც ვიზიტორები უნდა მივიღოთ.
თინათინ ზოიძე

„ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ტესტი ჩატარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ. რა თქმა უნდა, ეს დიდი დაბრკოლებაა დამსვენებლისთვის. ისრაელიდან მაქსიმალური მოთხოვნა იყო ჩვენს სასტუმროებზე. ყველა თვის ჯავშანი გვქონდა, რაც გაუქმდა. ასეთივე მოთხოვნაა თურქეთიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან დაიწყებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე გვეუბნება, რომ საზღვრების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:

„ქვეყნებთან საზღვრების გახსნა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკების საგანია. მთლიანადაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმ ქვეყნებში, საიდანაც ვიზიტორები უნდა მივიღოთ. ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. რთული წელი გვექნება და ამაზე ყველა ვთანხმდებით. პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყნის შიგნით უსაფრთხო მოგზაურობა უნდა დავასტიმულიროთ. ხოლო თუ მეზობელ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის მართვის კარგ მაჩვენებელს დავინახავთ, საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთი ქვეყნებისთვის საზღვარს გახსნის“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, შარშან რეგიონში 2 200 000 უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა.

ყოფილი „აზოტელები“ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ და საპროტესტო აქციით იმუქრებიან

განაცდურის დაუყოვნებლივ გადახდისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, ქვემო ქართლის აღსრულების ბიუროს 8 ივნისს გადაეცა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულთა კიდევ ერთი განცხადება, ამჯერად 37 ადამიანის ხელმოწერით.

ისინი აღსრულების ბიუროს შეახსენებენ, რომ „რუსთავის აზოტს“ სასამართლოს ყველა ინსტანციაში დავა მოუგეს. აღსრულების ბიუროს ანალოგიური მოთხოვნით 56-მა ყოფილმა „აზოტელმა“ ხუთი თვის წინაც მიმართა. მას შემდეგ ორი მომჩივანი გარდაიცვალა, რამდენიმე სამსახურში დააბრუნეს და განაცდურიც აუნაზღაურეს, ნაწილი კი მხოლოდ თანხის გადახდაზე დათანხმდა.
რუსთავის სასამართლომ 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გააბათილა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტის“ დირექციის 2017 წლის იანვრის ბრძანება 56 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა მაშინ 350 ადამიანი დაითხოვეს, საწარმოს რეორგანიზაციის მიზეზით. არაერთი პროტესტის შემდეგ, „რუსთავის აზოტმა“ უმრავლესობას ორთვიანი კომპენსაცია დაურიგა. მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა უარი კომპენსაციაზე და სამსახურში დაბრუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

პირველ ინსტანციაში ადმინისტრაციული დავის წაგების შემდეგ „რუსთავის აზოტმა“ სააპელაციო სასამართლოში იჩივლა და როცა საქმე იქაც წააგო, უზენაეს სასამართლოს მიმართა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამჟამად აღსრულებას 30-ზე მეტი მომჩივანი ელოდება. მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი, თამარ სურმავა, გვეუბნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც აღსრულების ბიუროსთან, ასევე საწარმოსთან. ადვოკატის ინფორმაციით, მოსარჩელეები, რომლებსაც არც განაცდური აუღიათ და სამსახურშიც არ დააბრუნეს, „რუსთავის აზოტისგან“ შემოთავაზებულ პირობებზე უარს ამბობენ:

„რამდენიმე პირობა შემოგვთავაზეს. სამსახურში აღდგენა, არ ვიცით, როგორ და რანაირად მოხერხდებაო. საწარმომ ისიც თქვა, რომ მიმდინარე წლის 31 მაისის მდგომარეობით დაგროვილ დავალიანებას 7 თვეზე გადავანაწილებთო. ბუნებრივია, არ დავეთანხმეთ, რადგან მოსარჩელეებმა სამსახურში აღდგენაზეც არაფერი იციან და განაცდურის ანაზღაურებასაც 7 თვე ვერ დაელოდებიან“.

„რუსთავის აზოტის“ პირობები მიუღებელია მამუკა იანტბელიძისთვის, რომელიც საწარმოში ელექტრონული

მოწყობილობების კონტროლიორად მუშაობდა. მამუკა იანტბელიძე განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად სამსახურში აღდგენას მოითხოვს, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის

შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებას აპირებს:

„პროტესტის უკიდურეს ზომას უნდა მივმართო... სულ გვპირდებიან - დღეს ხვალ, დღეს ხვალ. გვიმტკიცებენ, ვინც დავაბრუნეთ, დავაბრუნეთ, მორჩა, მეტის თავი არ გვაქვსო. ისიც გვითხრეს, განაცდურს ნაწილ-ნაწილ დაგიფარავთო. სამსახურში აღდგენაზე საუბარიც არ არის“.

მამუკა იანტბელიძე „პროტესტის უკიდურეს ზომაში“ შიმშილობას გულისხმობს.


აქციებით იმუქრება თინათინ მაჩიტაძეც, რომელიც საწარმოში ექთნად მუშაობდა:
„აღმასრულებელს დავემუქრე, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს და პროფკავშირს დაგასევთ-მეთქი. ვუთხარი, დროზე მიიყვანეთ [სასამართლოს] აღსრულება-მეთქი“.

თინათინ მაჩიტაძე
თინათინ მაჩიტაძე

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პაატა შამუგია, ამბობს, რომ დავა მასშტაბურია და სასამართლო გადაწყვეტილება სწრაფად ვერ აღსრულდება.


მისივე თქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოდავე მხარეების მოსარიგებლად, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სისრულეში იქნეს მოყვანილი.

მიტოვებული ჩვილის მომავალი გამოძიების შემდეგ გაირკვევა

რატომ დატოვა დედამ ახალშობილი ქუჩაში - აფექტის გამო, განზრახ, თუ რაიმე სხვა მიზეზით? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. სამართალდამცავებს დედა ჯერ არ დაუკითხავთ. მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო, ქალს საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობენ. კლინიკაში პოლიცილები მორიგეობენ.

ახალშობილი ბიჭი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, 11 ივნისს, ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია გამოიძახეს. ქვემო ბოდბეში მცხოვრები ნანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ბავშვის დედის შესახებ სოფელში არაფერი იციან, რადგან ცოლ-ქმარი ქვემო ბოდბეში ახლახან ჩავიდა: „ცოლ-ქმარი აქაურები არ არიან. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და მწყემსად მუშაობენ. არავინ იცნობს, ვინ არიან და საიდან ჩამოვიდნენ“.

ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილი ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკის“ ბავშვთა განყოფილების ინტენსიური თერაპიის პალატაშია. ექიმების ინფორმაციით, ჩვილს მრავლობითი გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. 12 ივნისის მონაცემებით, ბავშვი დამხმარე ვენტილაციაზეა და წინა დღესთან შედარებით, ფილტვების მდგომარეობა უკეთესია.

ახალშობილის მამა ამბობს, რომ შვიდი წელია ქორწინებაში არიან და შვილი არ ჰყავდათ. კაცს უჭირს იმის თქმა, რატომ დატოვა მისმა

ცოლმა ბავშვი ქუჩაში. უფრო მეტიც, მან ჟურნალისტებს უამბო, რომ ცოლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ქალი ამას მალავდა და ეუბნებოდა, რომ სიმსივნე აქვს, სახსრები ტკივა და ფეხები უსივდება. კაცი ამბობს, რომ მისმა ცოლმა მხოლოდ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღიარა, რომ საპირფარეშოში იმშობიარა.

საქმის მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის კახეთის ცენტრის უფროსი დალი მოსიაშვილი ამბობს, რომ სანამ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, უცნობია ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში დარჩება, თუ ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდება:

„წინასწარ ვერ გეტყვით დედამ რა მიზეზით დატოვა ბავში. რა მდგომარეობაში იყო და რა მოხდა? იყო ფსიქიური მომენტი, აფექტის მომენტი, თუ განზრახ დატოვება. ჯერჯერობით მე პასუხი არ მაქვს. ეს ყველაფერი არის გამოძიების პრეროგატივა. ბიოლოგიურ მშობლებს ყოველთვის აქვთ პრიორიტეტი და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, მშობლებთან. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი ოჯახს არ მოვაცილოთ და თუ ბავშვი გამოდის ოჯახიდან, მაშინ ვეძებთ იდეებს, რომ ოჯახი გავაძლიეროთ და ბავშვი ისევ უკან დაბრუნდეს. ყველანაირი გზა მოიძებნება გამოძიების დასრულების შემდეგ“.

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს „სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად“. თუკი ქალს ამ დანაშაულს დაუმტკიცებენ, 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამერიკის ელჩი გორში

ელჩმა მოისმინა ინფორმაცია ოკუპაციის ხაზთან შექმნილი ვითარების შესახებ. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, მთელი დღე გორში გაატარა. მისი ელჩად დანიშვნის შემდეგ ეს იყო პირველი გასვლა რეგიონში, თუ არ ჩავთვლით მანამდე სოფელ ოძისში ოკუპაციის ხაზთან მისვლას და ადგილზე ვითარების გაცნობას.

ელჩი დილითვე შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია ოკუპაციის ხაზთან შექმნილი ვითარების შესახებ.

კელი დეგნანმა გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილსა და შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ქალაქსა და რეგიონზე COVID-19-ის პანდემიის გავლენა, მოახლოებული არჩევნების სამზადისი და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხები განიხილა. ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ და მთავარი სასაუბრო თემა აქაც ბორდერიზაციის პრობლემა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მცოცავი ოკუპაციის გავლენა იყო.

წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალში კი ელჩი ადგილობრივ მოხალისეებს შეხვდა. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ადგილობრივ თემებს COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაეხმაროს. წითელი ჯვრის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მედიის წარმომადგენლებს, პირველ რიგში, შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ მომზადებული ანგარიშის შეფასება აინტერესებდათ, რაზეც ელჩმა უპასუხა:

„არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა შტოს წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას ქვეყანასთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლისა და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - კელი დეგნანმა იქვე განმარტა, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ, აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამოწვევების დროს ამერიკული დახმარება ფასდაუდებელია ორგანიზაციისა და იმ ბენეფიციარებისთვის, ვინც ისარგებლა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებით.

კელი დეგნანს გორში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებლებიც ელოდნენ, რომლებმაც მისი ყურადღების მიპყრობა ტრანსპარანტებით სცადეს. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს სოფლის სტადიონთან მდებარე მიწის ნაკვეთი რუსულ კომპანიაზე გაასხვისოს და მოსახლეობის უკმაყოფილებას არაფრად აგდებს.

რუისელებმა პროტესტი ადრეც არაერთხელ გამოთქვეს და ამ ტერიტორიის სოფლის საკუთრებაში დატოვება მოითხოვეს.

რუისის მცხოვრები ანა ბალიაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ უკვე შეაჩერა სტადიონის გასხვისების საკითხი, მაგრამ ადგილობრივი მერია და საკრებულო ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაფორმებით ცდილობს რუსული კომპანიის ინტერესების დაცვას.

რუისელებს საელჩოს წარმომადგენლები გაესაუბრნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ვიზიტის დასასრულს ამერიკის ელჩმა მოინახულა გორის ციხე და გაეცნო გეგმებს, რომელიც USAID-ის დახმარებით გორის ციხის ისტორიის ცოცხალ ძეგლად გადაქცევას ითვალისწინებს.

შიდა ტურიზმი იხსნება - როგორ ემზადებიან და რა მოლოდინები აქვთ კახეთში

სიღნაღი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შიდა ტურიზმისთის ტურისტული სექტორი 15 ივნისს გაიხსნება. სწორედ ორშაბათს, 15-ში, ელოდებიან პირველ ადგილობრივ ვიზიტორს ლაგოდეხში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩაატარეს. გაწმენდილი და გასუფთავებულია ნაკრძალში სხვადასხვა მარშრუტით მიმავალი ტურისტული ბილიკები. საყოველთაოდ აღიარებული რეკომენდაციების შესრულება - პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა - მოუწევთ იმ ვიზიტორებს, რომლებიც ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული გამოფენის დათვალიერებას გადაწყვეტენ. დახურულ სივრცეში ერდროულად მხოლო 5 ვიზიტორი შეძლებს შესვლას.

გიორგი სულამანიძე
გიორგი სულამანიძე

„15 ივნისს ყველა დაცული ტერიტორია იხსნება საქართველოს მასშტაბით!. ჩვენვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.ეს ძირითადად ეხება დახურულ სივრცეებში დაშვებას.ვიზიტორთა ცენტრში ერთდროულად5-ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება.იქნება ტემპერატურის კონტროლი. მათ უნდა გამოიყენონ პირბადეები. ადგილზე გვაქვს დეზობარიერი. ვიდრე კარანტინი გამოცხადდებოდა, ჩვენთან, დაახლოებით, 2 000ვიზიტორი იყო და შემდეგ უკვე დაიხურამიმღები ცენტრები“.

შიდა ტურიზმის დასაწყებად ემზადებიან „სიყვარულის ქალაქად“ წოდებულ სიღნაღშიც, სადაც ძირითადი დატვირთვა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე მოდის. შალვა მინდორაშვილს ქალაქში მექსიკური რესტორანი აქვს. კორონაპანდემიამდე მისი სტუმრებიდან 90 პროცენტი უცხოელი იყო, ამიტომ მეპატრონე შიდა ტურიზმზე დიდ იმედებს ვერ ამყარებს:

შალვა მინდორაშვილ
შალვა მინდორაშვილ

„ნამდვილად გვინდა ვიმუშაოთ, რადგან თანხები აღარ გვაქვს, რომ ჩვენი თავი შევინახოთ, მაგრამ რას იზამენ ეს შიდა ვიზიტორები, არ ვიცით. მით უმეტეს, რაიონში ჩამოვლენ თბილისიდან? არ ვიცით, რა იქნება.სრულიად ბედს მინდობილები ვიქნებით და რა მოხდება, არ ვიცით. ადგილობრივი ვიზიტორები თუ გადახდისუნარიანი არ არიან, ისინი არც მექსიკურ რესტორანში შევლენ და არც ქართულში. ძალიან ბევრი დაწესებულება არ მუშაობდა, გარდა სახელმწიფო სამსახურებისა, და ისე გამოდის, რომ სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების იმედზე უნდა ვიყოთ“.

მართალია, 15 ივნისიდან ტურიზმი იწყებს მუშაობას, მაგრამ, როგორც ირკვევა, ორშაბათიდან ყველა ტურისტული ობიექტი არ გაიხსნება. მაგალითად, თელავის ისტორიული მუზეუმი. მუზეუმის ხელმძღვანელის, გურამ ურჩუხიშვილის, თქმით, მას კულტურის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია ობიექტის გახსნის ნებართვა. ის ვარაუდობს, რომ მუზეუმი მუშაობას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორები დაიშვებიან.

აპირებენ თუ არა კახელები შიდამოგზაურობას მას შემდეგ, რაც ტურისტული სექტორი გაიხსნება? ჩვენ რამდენიმე მათგანს აზრი ვკითხეთ. გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების რისკები ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი მოგზაურობისგან თავს შეიკავებენ, თუმცა რესპონდენტთა ნაწილი გადაჭრით ამბობს, რომ ქვეყნის ტურისტულ ობიექტებს აუცილებლად ეწვევა:

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

„მშიშრები ვართ ქართველები და, მგონი, სამოგზაუროდ ჯერა არავინ წავა. არაფერი გადაგვედოს... ყველაფერს ფიქრობს ამ დროს ადამიანი“;

„ვგეგმავ ლაშქრობებს და, ალბათ, პირველი კახეთის მასშტაბით იქნება. საზღვარგარეთ თავისთავად დაკეტილია საზღვრები, კორონას ალბათობაც არის, მაგრამ ეს ვერ შეაკავებს ტურიზმის მუშაობას“.

„ჯერჯერობით თავს შევიკავებ და შემდეგ მოვლენები რასაც გვიჩვენებს, იმის მიხედვით გადავწყვეტ სად დავისვენო“.

საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას აპირებს, თუმცა საზღვარი არ გაიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც რთული ეპიდსიტუაციაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდა ავიარეისებიც 15 ივნისიდან აღდგება. რეისები შესრულდება თბილისი-ბათუმის, ნატახტარი-მესტიისა და ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებით.

ქარიშხლით დაზარალებულები დახმარების მოლოდინში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში 25 ოჯახი, ორ კვირაზე მეტია, სახურავახდილ სახლში ცხოვრობს. დაზარალებულებმა სტიქიისგან დაზიანებულ სახლებს სახელდახელო გადახურვა გაუკეთეს, მაგრამ წვიმის დროს წყალი ოთახებში მაინც ჩადის.

სტიქიის შემდეგ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩასული და მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ დაზიანებული სახლების შეკეთებას მალევე დაიწყებდნენ, თუმცა ამ დრომდე ისინი დახმარებას ელოდებიან. საქაშეთის მცხოვრები მერი, მოგელაშვილი, ერთ-ერთი დაზარალებულია. მისმა ოჯახმა დაზიანებული სახურავი თუნუქის ნარჩენებითა და ცელოფანით დროებით შეაკეთა. მოგელაშვილი ამბობს, რომ ოჯახს არა აქვს საშუალება სამუშაოები საკუთარი ხარჯით ჩაატაროს.

მოგელაშვილების მსგავსად, უსახურავო სახლში 25 ოჯახი ცხოვრობს. დაზარალებულების თქმით, წვიმის წყალი ოთახებში ჩადის, აზიანებს ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. მათი განცხადებით,სტიქიის შემდეგ სოფელში ხელისუფლებიდან აღარავინ გამოჩენილა, დაზარალებულები კი ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ.

სოფელ საქაშეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა. მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, დავით ჩიხრაძე, ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილია 22 ათასამდე ლარი და ეს თანხა დაზარალებულებს ეტაპობრივად საკუთარ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ, ამის შემდეგ კი სახლები თავად უნდა გადახურონ.

სოფელ საქაშეთში ქარიშხალი 22 მაისს იყო, სადაც 25 ოჯახი დაზარალდა, მაგრამ კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახი, გორში, სტალინის ქუჩაზე არსებული კორპუსის მცხოვრებლები დაზიანებული სახურავის სწრაფად შეკეთებას ითხოვენ.გორის მერია ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით, შ.პ.ს. „მოურავთან“ აფორმებს ხელშეკრულებას.

3 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავის აღდგენის სამუშაოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. ამისთვის შპს „მოურავთან“ 10,7 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადება იგეგმება. გორის მერია ახლა შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება თანხმობას.

გასულ კვირას ძლიერმა ქარმა გორში ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა. თუნუქის მასალა ქალაქის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე გადმოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ბოლოს კორპუსის სახურავი 2 წლის წინ შეკეთდა და ის, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანია "მშენებელი-2013"- მა გადახურა. თანხის 10 პროცენტი მოსახლეობამ გადაიხადა, მაგრამ ამ გადახურვამ ძლიერ ქარს ვერ გაუძლო. ორი წლის წინ შესრულებული სამუშაო გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოიწონა და მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა. პროექტის ღირებულება 26 ათას ლარი იყო.

როგორც მერიაში განმარტეს, კომპანია „მოურავი“კორპუსზე სარტყელს შემოავლებს და 2017 წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარი ხარჯით დაიწყებს გადახურვის სამუშაოებს. სპეციალისტების აზრით, კორპუსს სარტყელი რომ ჰქონოდა, ქარი სახურავს ვერ გადახდიდა.

აღნიშნული კორპუსის სახურავი 2013 წლიდან ორჯერ გამოიცვალა და ორჯერვე ქარმა დააზიანა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა ვერც წინა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. მათი თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ესპრობლემა, წლებია, ვერ გვარდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში პროტესტისა და ხმაურის ფონზე

აჭარის საკანონმდებლო ორგანოსთან გარემოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთები გამოფინეს და ბათუმის ქუჩებში თავისუფალი ვაჭრობის ნებართვა მოითხოვეს. ასე დახვდნენ ისინი უმაღლეს საბჭოსთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელსაც ადგილობრივ პარლამენტში საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა. გარემოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩათ მას შემდეგ, რაც ბათუმის თვითმმართველობამ ქუჩებში ვაჭრობა აკრძალა, ალტერნატიული ფართი კი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო, სადაც მყიდველი არავინაა.

„ჩვენ რა ვქნათ? ხომ უნდა ვიარსებოთ? ოჯახები რომ ვარჩინოთ, მოგვცენ უფლება, ნუ დაგვაჯარიმებენ და საქონელს ნუ წაგვართმევენ. სახელმწიფოს ჩვენ სხვას არაფერს ვთხოვთ. 23-ე სკოლასთან, ფალავანდიშვილის ქუჩაზე ვვაჭრობდით. ავტოსადგურში გადაგვიყვანეს, მაგრამ არ ამუშავდა“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე თავიანთი წარმომადგენლის დაშვება მოითხოვეს. ამასვე ითხოვდნენ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მყოფი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ანგარიშის წარდგენის საშუალება არ მისცა, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

უმაღლესი საბჭოს მანდატურებმა დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს დარბაზის დატოვება მოსთხოვეს მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა და შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირებისას ტრიბუნასთან მყოფმა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ელგუჯა ბაგრატიონს შესთავაზა გასულიყო დარბაზიდან და სავარძელი მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილისთვის დაეთმო. ბაგრატიონმა სხდომა დატოვა, აქციის მონაწილე კი უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დაუშვეს. გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილმა დეპუტატის სავარძელი დაიკავა, ხოლო მას შემდეგ, რაც დამსწრეების ადგილას გადაჯდომა შესთავაზეს, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პროტესტი გაიზიარეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათ შორის იყო ასმათ დიასამიძე, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია არ მოუსმენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშს რეგიონალურ პარლამენტში:

„იქ, სადაც არ ისმის ჩვეულებრივი ადამიანების ხმა, ვისაც უნდა ვემსახურებოდეთ, იქ არაა ჩვენი ადგილი. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვქონდა და მზად ვიყავით მთავრობის თავმჯდომარისთვის მოგვესმინა. მზად ვიყავით აგრეთვე დებატებისთვის და პოლემიკისთვის, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცა“, - თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ასმათ დიასამიძემ.

ოპოზიციის პროტესტი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, შეაფასა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შურს.

„ისინი გაბოროტებულები არიან და შურთ ხელისუფლების წარმატების. ჩვენი ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც გააანალიზა პანდემიის შედეგი, იქცევა იმ შურიანივით, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა. პანდემიის შეკავება რომ მოვახერხეთ, ყველას უნდა გვიხაროდეს, ჩვენი ოპოზიცია კი მწყობრიდან გამოვიდა და აპროტესტებენ ყველაფერს - რაც არ მოუსმენიათ და კითხვა არ დაუსვამთ, იმასაც“, - თქვა დავით გაბაიძემ.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ ღია ცის ქვეშ დარჩა

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში, სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ ღია ცის ქვეშ დარჩა. კერძო სახლის მეპატრონემ საწარმოს ადმინისტრაციას შენობა დააცლევინა. ახლა ინვენტარი სახლის ეზოში ალაგია. სოციალური საწარმო, რომლის ისტორიაც 2007 წლიდან იწყება, ახლა საზოგადოების მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სოციალურ საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოებს“ მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კერძო მესაკუთრემ, რომელმაც საწარმოს 3 წლის წინ, როცა შენობა დაეწვათ, ფართი დროებით დაუთმო, ახლა მისი დაცლა მოსთხოვა.

საწარმოს ადმინისტრაცია ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვთ და, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

მაია ბიძინაშვილი, „ნუკრიანის სახელოსნოების“ მენეჯერი, ამბობს, რომ პანდემიის გამო სოციალურ საწარმოს, 4 თვეა, არ უმუშავია და არანაირი შემოსავალი არ აქვთ, რომ დროებითი თავშესაფარი მაინც დაიქირაონ.

„საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული სოციალური საწარმოს მომავალი როგორ უნდა გაგრძელდეს, უკვე ვეღარ ვხედავთ”, - ამბობს მაია ბიძინაშვილი.

როგორც ირკვევა, სხვადასხვა მიზეზით, „ნუკრიანის სახელოსნოები“ უკვე მესამედ დარჩა ოფისის გარეშე. თავდაპირველად სოფლის სკოლის შენობიდან გაუშვეს, შემდეგ მუშაობა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გააგრძელეს, მაგრამ 2016 წელს შენობა დაიწვა. ახლა კერძო მესაკუთრემ მოსთხოვა შენობის დაცლა.

„სოციალური საწარმო, სადაც დასაქმებულია 10-მდე ქალი, ახალგაზრდები სწავლობენ კულტურული ღონისძიებების მართვას, ხდება ფილმების ჩვენება და კიდევ უამრავი რამ, დავრჩით ღია ცის ქვეშ. რომ განახვათ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ყველაფერი გადმოყრილია, უნდა დავცალოთ და არ ვიცით უკვე, რა გზას დავადგეთ და სად მოვახერხებთ მუშაობის გაგრძელებას“.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ 2007 წელს შეიქმნა. საწარმო მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალური სტატუსის ქალების დასაქმებას და ამ გზით მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

საწარმოში კერავენ სხვადასხვა სახის ჩანთებს, ქმნიან კომპოზიციურ ტილოებს, ამზადებენ ეროვნულ და თანამედროვე თოჯინებს, ქსოვენ ფარდაგებს, სიმინდის ფუჩეჩით წნავენ ნივთებს, ნაბადს თელავენ და ბუნებრივი საღებავებით ღებავენ.

საწარმოს გაცხადებული მიზანია, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობა.

სოციალურ საწარმოში ადგილობრივი ქალები არიან დასაქმებული. 2007 წელს შეიქმნა “ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნო“. მიზანია ტრადიციების შენარჩუნება და, იმავდროულად, მისი განვითარება. ადგილობრივმა ქალებმა ხელობის შესწავლის შედეგად მოახერხეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოციალური საწარმოს მენეჯერი მაია ბიძინაშვილი ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ეს ადამიანები ახლა უმუშევრები არა პანდემიის, არამედ შენობის უქონლობის გამო დარჩებიან:

„ქალები, რომლებიც ჩვენთან მუდმივად არიან დასაქმებულები, დამიჯერეთ, რომ ოჯახებს ინახავენ. მათთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი სწორედ სოციალური საწარმოდან მიღებული თანხაა“.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოების“ მენეჯერი ამბობს, რომ სოფელში ადმინისტრაციული შენობის დაწვის შემდეგ დასახლებაში აღარ არსებობს ფართი, რომელსაც დაიქირავებენ და მუშაობას განაახლებენ, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ საკუთარი შენობის შეძენა ან ახლის აშენება, თუმცა ადმინისტრაციას საამისო ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს და საზოგადოების მხარდაჭერის იმედზეღა არიან.

„პირველი რიგის ამოცანაა, რომ სახლი ვიყიდოთ, თუმცა ჩვენ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და მხოლოდ გვერდში დგომის იმედი გვაქვს.ალბათ, მივმართავთ სხვადასხვა ხერხს, რომ ხმა მივაწვდინოთ ყველას.სოციალური საწარმო, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეიქმნა საქართველოში და არის წარმატებული, დღეს უკვე არის დაშლის პირას. ახლა, ღია ცის ქვეშ დარჩენილები, მძიმე დღეში ვართ!“.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოების“ ადმინისტრაციას ახლა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. საწარმოში, რომელიც სოფელში მცხოვრები ქალებისთვის, ახალგაზრდებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის შეიქმნა, იმედოვნებენ, რომ 2007 წელს დაწყებული ისტორია 2020 წელს არ დასრულდება.

„სალამის“ თანადამფუძნებელი: მარნეულელებს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი

პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელი ქამრან მამედლი მიიჩნევს, რომ მარნეულელებს შორის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, დიალოგი უნდა დაიწყოს პოზიციების შეჯერებისა და ერთმანეთის უკეთ გაგებისათვის.

ნ. ნარიმანოვის, ძეგლის ნაცვლად დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის, ხუდიასა, და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის, ძეგლი.
ეპისკოფოსი გიორგი

„მთავარია არა ძეგლები, არამედ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, ერთმანეთის გაგება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ქამრან მამედლიმ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგის, ინიციატივის კომენტირებისას.

3 ივნისს მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოწოდებით, ქალაქ მარნეულში დადგმული ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი ჩაანაცვლონ ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის ძეგლებით.

„მივმართავ მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას - როგორც ქართველებს, ისე აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს. გამოვდივარ ინიციატივით: საბჭოთა იდეოლოგიის, წითელი პირსისხლიანი კომისრის, ნ. ნარიმანოვის, ძეგლის ნაცვლად დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის, ხუდიასა, და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის, ძეგლი, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ძმობის, სიმტკიცის და ერთობის სიმბოლო“, განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

ალბათ, უკეთესია, ადგილობრივმა ეკლესიამ, მარნეულის სასულიერო პირებმა და ხელისუფლებამ - უპირველეს ყოვლისა კი, ხელისუფლებამ  - ხელი შეუწყონ დიალოგის დაწყებას...
ქამრან მამედლი

ქამრან მამედლის თქმით, როგორი კარგიც უნდა იყოს კერძო, ამ შემთხვევაში კი ეპისკოპოსის, ინიციატივა, მასზე ფოკუსირება დაჩრდილავს მთელ რიგ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობას.

„ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით „ორმხრივად“ გაკეთდა მწვავე განცხადებები, რამაც ზედაპირზე განსხვავებული ღირებულებები და ნარატივები გამოიტანა. ალბათ, უკეთესია, ადგილობრივმა ეკლესიამ, მარნეულის სასულიერო პირებმა და ხელისუფლებამ - უპირველეს ყოვლისა კი, ხელისუფლებამ - ხელი შეუწყონ დიალოგის დაწყებას. სასურველია, რომ მარნეულის მოსახლეობა, მისი წარმომადგენლები, კონფესიები და გადაწყვეტილებების მიმღებნი საჯარო თუ დახურულ შეხვედრებე, შეჯერდნენ ძირითად ღირებულებებზე. ეს გააუმჯობესებს ერთმანეთთან კომუნიკაციას“, თქვა პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელმა.

გასული თვის მიწურულს საქართველოს აზერბაიჯანულ თემში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის, ულტიმატუმმა, რომელიც მარნეულიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას უკავშირდება. ამის გამო ძეგლს ის აზერბაიჯანელებიც კი იცავენ, რომლებიც მანამდე მას დიდად არ აფასებდნენ.

ნარიმანოვი საქართველოში დაიბადა. მისი წარსული, დიდწილად, ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება. 1918 წელს გახდა ბაქოს რევოლუციური კომიტეტის წევრი. ბოლშევიკური ოკუპაციის დროს ის აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
მეუფე გიორგის მხარი დაუჭირეს რადიკალურმა ჯგუფებმა მუქარის შემცველი განცხადებებით.

მოგვიანებით სუს-მა ეროვნული შუღლის გაღვივების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სოფელს კოღო შეესია - მოსახლეობა მალარიის საფრთხეზე ლაპარაკობს

ლაგოდეხის სოფელ საქობოში, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მალარიის გავრცელების საფრთხეზე ლაპარაკობენ. მოსახლეობის ნაწილის თქმით, წყალდიდობის დროს ტერიტორიები დაიტბორა, რამაც კოღოს გამრავლება გამოიწვია. ამ სოფელში მწერის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ყოველ წელს ადრე გაზაფხულზე ტარდებოდა, თუმცა წელს ასეთი სამუშაოები არ ჩატარებულა. ვინ და როდის დაეხმარება მოსახლეობას და რამდენად რეალურია ვარაუდი მალარიის შესაძლო გავრცელების რისკებზე?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს. ისინი შიშობენ, რომ სოფლებში, იქ, სადაც მაისის თვეში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ტერიტორიები დატბორა, მალარიის გავრცელება არ დაიწყოს. როგორც სოფელ საქობოში ამბობენ, შიშის საფუძველს აძლევთ კოღოს მომრავლება.საქობოში მცხოვრები მაგდა თავგორაშვილი გვეუბნება,რომ კოღოს სიმრავლის გამო, უკვე ორ კვირაზე მეტია, საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ გამოსვლა, ფაქტობრივად, შეულებელი გახდა. თავგორაშვილის თქმით, საფრთხეში არიან, განსაკუთრებით, მცირეწლოვანები:

„იმდენი კოღოა, რომ უკვე გაუსაძლის პირობებში ვართ! არავინ არაფერს გვეუბნება. მოვითხოვთ, რომ შეწამლონ ტერიტორიები, რათა ნორმალური ცხოვრება შევძლოთ, გავიდეთ სახლიდან გარეთ და ბავშვებიც გავუშვათ ეზოებში. ხალხი უკვე აჯანყებულია!“

კოღოს მომრავლებას უჩივიან საქობოში მცხოვრები სხვა ადგილობრივებიც. მათი განცხადებით, ეს პრობლემა წლის ამ სეზონზე მუდმივად დგას, თუმცა გასულ წლებში შეწამვლითი სამუშაოები დროულად ტარდებოდა და კოღო ვეღარ მრავლდებოდა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ წელს მწერის გასანადგურებლად არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. მოსახლეობის ნაწილის თქმით, სპეციალიზებულ მაღაზიებში კოღოს გასანადგურებლად საჭირო საშუალებები რომ იყიდებოდეს, მზად არიან ტერიტორიები საკუთარი ხარჯითდაამუშაონ.

„გამოკეტილები ვართ ოთახებში, ფარდას ვერ ვწევთ და ფანჯარას ვერ ვხსნით! კოღოებისგან ცოტა ხანში, ალბათ, მალარია გაჩნდება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სოფლის მოსახლეობა. შარშანაც იყო, მაგრამ შეწამლეს და იმდენად აღარ. ახლა თუ არ შეიწამლა, რა მოხდება, არ ვიცი. კოღოების საწინააღმდეგო წამალი რომ იყიდებოდეს, ვიყიდიდით, მაგრამ არც არსად იყიდება.

სოფელში ხალხი საღამოობით და დილაობით ვმუშაობთ მიწის ნაკვეთებში, მაგრამ ახლა ეს საქმეც ვერ გაგვიკეთებია. ვიხოცებით უკვე“.

რამდენად რეალურია მოსახლეობის ვარაუდი მალარიის შესაძლო გავრცელების რისკებზე? საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი სამსახურის უფროსი, ნუნუ ნოზაძე, ამბობს, რომმალარიის გადამტანია კოღო ანოფელესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავარსებობს, მაგრამ

„თუკი დაავადებული ადამიანი არ არის, მალარიის შემდგომი გავრცელებაც გამორიცხულია“. ნუნუ ნოზაძის თქმით, 2006 წლის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მალარიის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ნოზაძისავე თანახმად, წლების წინ სოფლებში ტერიტორიების დამუშავებას მისი უწყება უზრუნველყოფდა, თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

„მალარიის შემთხვევა 2006 წლის შემდეგ აღარ გვქონია. კოღო ანოფელესი ახლაც არის, მაგრამ ის ვერ გადაიტანს დაავადებას, რადგან არ არსებობენ დაავადებული ადამიანები. თუმცა გასაგებია ისიც, რომ შემაწუხებელია და ნებისმიერ შემთხვევაში არასასიამოვნოა კოღოს კბენა“.

სოფელი საქობო
სოფელი საქობო

რატომ არ ჩატარდა კოღოს წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში? ამის გარკვევა გვსურდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა უწყებაში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ამის შემდეგ ლაგოდეხის მერს, ჯონდო მდივნიშვილს, ვკითხეთ, როგორ და როდის დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას.

„მაგას [შეწამვლას] მუნიციპალიტეტი ვერ აკეთებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ხდება ხოლმე მხარდაჭერა და ახლა ვმუშაობთ, პროცედურებს გავდივართ და უახლოეს დღეებში უნდა დავიწყოთ შეწამვლა, ისევე როგორც შარშან შეიწამლა. ჩვენ უწყებისთვის უკვე მიმართული გვაქვს ოფიციალურად“.

როდის ჩატარდება კოღოს წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ლაგოდეხის სოფლებში, კონკრეტული თარიღი არ სახელდება, მოსახლეობა კი ამბობს, რომ იმ დატბორილი ტერიტორიების წამლობა, რომელიც მწერის გავრცელების მთავარი კერაა,გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 2000 წლამდე ლაგოდეხში,მდინარე ალაზანთან ყველაზე ახლოსმდებარე სოფლებში, მალარია მწვავე და გადაუჭრელი პრობლემა იყო. იმ ხანებში მხოლოდ სოფელ ჰერეთისკარში მალარიით 50 ადამიანი იყო დაინფიცირებული.

ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგია რუსთავისთვის

გასულ კვირაში რუსთავის საკრებულოს დახურულ სხდომაზე „რუსთავის მუნიციპალიტეტის ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგია“ დაამტკიცეს, რომელიც 10 წელიწადზეა გათვლილი.

რუსთავის ტერიტორიაზე უსაფრთხო საველოსიპედო სისტემისა და მიმზიდველი ველოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა განიხილება როგორც ქალაქის ზოგადი, ასევე სატრანსპორტო სისტემის განვითარების ნაწილად.

რუსთავში - და არა მხოლოდ რუსთავში - ამგვარ დოკუმენტზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ, ამიტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტები მოიწვიეს. გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი ველომოყვარულების, მერიის სამსახურების წარმომადგენლებისა და საკრებულოს ერთ-ერთი წევრის მონაწილეობით.

შარშანვე შეისწავლეს მანქანების ნაკადი სხვადასხვა ქუჩაზე, დააზუსტეს ტროტუარების სიგანე და სიგრძე, მათი გამტარუნარიანობა. შედეგად, მოამზადეს 70-გვერდიანი ანგარიში, რომელსაც თან ერთვის გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები. თუმცა უცხოელმა ექსპერტებმა რეკომენდაციებში, ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის ადგილობრივ წევრთა შენიშვნებიც გაითვალისწინეს და ყოველი ქუჩისთვის ველობილიკების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს.

სამუშაო ჯგუფის მონაწილე რუსთავის საკრებულოს წევრი და თავადაც ველომოყვარული ამირან ჯანჯღავა ამბობს, რომ საუბარია 30 კილომეტრი სიგრძის ველოსისტემაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოიცავს:

„სტრატეგიის მიღებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ამოცანების გადაჭრა. მაგალითად, ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, როგორ მოგვეწყო ველობილიკი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე. გერმანელებმა რამდენიმე ალტერნატივა შემოგვთავაზეს. ასევეა თოდრიას, კოსტავას, სხვა ქუჩების შემთხვევაში. სამუშაოები ეტაპობრივად უნდა შესრულდეს - პირველ ეტაპზე რომელი მონაკვეთი უნდა გაკეთდეს, მეორე ეტაპზე რომელი და ასე, 2030 წლის ბოლომდე. ველოქსელი ითვალისწინებს სერვისის გამცემი ობიექტებისა და ველომარკეტების გახსნასაც“.

ამირან ჯანჯღავას თქმით, გერმანელების გაანგარიშებით, ველობილიკის მთლიანი სისტემის მხოლოდ დახაზვა, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი ეღირება დღევანდელი კურსით:

„როგორც სამუშაო ჯგუფის წევრს, მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ყოველ წელს ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოვიხმოთ, რომელიც მოხმარდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ ველოკულტურის განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას, ველოქსელის მარკეტინგულად მართვას, რაც სტრატეგიაშიც არის ასახული“.

გარდა ამისა, ჯანჯღავას აზრით, მერიის არქიტექტურის საბჭომ არ უნდა დაამტკიცოს მასთან შესული არც ერთი მსხვილი პროექტი, სადაც არ იქნება გათვალისწინებული თავის ტერიტორიაზე ველობილიკის მოწყობა.

ამირან ჯანჯღავა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00
Direct link

სახიფათო გარემო ველომომხმარებლებისთვის და არამხოლოდ მათთვის

პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ რუსთავის ქუჩებში ველოსიპედისტები მომრავლდნენ. გადაადგილდებიან ბავშვები, ახალგაზრდები თუ შედარებით უფროსი ასაკის ადამიანები. გადაადგილდებიან ავტოსავალ გზებზე, ტროტუარებსა თუ მათ გვერდით გახაზულ წითელ ზოლზე, სადაც დატანილია ველობილიკის სპეციალური ნიშნები.
როგორც ადგილობრივი ველომოყვარულები ამბობენ, არც ერთი მხარისთვის გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ხშირია კონფლიქტური სიტუაცია ფეხით მოსიარულეთა და ველომომხმარებლებს შორის. ეს განსაკუთრებით გახშირდა საგანგებო ვითარების გაუქმების შემდეგ.

ველომოყვარული გიგა ძულიაშვილი, რომელიც, ასევე, სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ცენტრალური გზის გაყოლებაზე არსებული ველობილიკი, რომელსაც ქალაქის შემოსასვლელიდან მერიამდე ვიყენებთ, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.

„ზოგან სკამებია გადმოწეული, ზოგან ცუდი დაგეგმარებაა, ასასვლელ-ჩასასვლელები არ არსებობს, გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთის ადგილები ცუდ მდგომარეობაშია. ეს უნდა მოწესრიგდეს, თორემ... გვირჩევნია გზაზე ვიაროთ უკიდურეს მარჯვენა მხარეს".

გიგა ძულიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00
Direct link

გოგა ჯმუხაძე, ასევე ველომოყვარული და ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, ამბობს, რომ წითელი ზოლით გაყოფილ ტროტუარებზე კონფლიქტებიც ხშირია:

„ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ველომომხმარებლებს გვიწევს ყვირილი, გაფრთხილება, ზარის მიცემა, რომ გზა დაგითმონ. შენიშვნას ხანდახან უსიამოვნო გაგრძელება მოჰყვება ხოლმე, წყევლა-კრულვას გვითვლიან“.

გოგა ჯმუხაძის თქმით, ველომოყვარულებიც სცოდავენ. ბევრმა არც იცის გადაადგილების წესები. მეტიც, წესები პატრულის ბევრმა თანამშრომელმაც არ იცის:

„მაგალითად, აქვს თუ არა ველოსიპედისტს სავალი გზის მარჯვენა ზოლში მოძრაობის უფლება, ეს პატრულის ბევრმა თანამშრომელმაც არ იცის. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა [პატრულის თანამშრომლები] გვიბიძგებდნენ კანონის დარღვევისკენ, როცა გვითითებდნენ, ადით ტროტუარზეო. თუმცა ბევრ ქუჩაზე არის საშუალება, რომ ველოსიპედისტმა უკიდურეს მარჯვენა ზოლში იმოძრაოს, არ აფერხებს ავტომობილების მოძრაობას. უფლებაც გვაქვს და ვალდებულნიც ვართ, არ ვიმოძრაოთ ტროტუარზე, რომ არ დავაბრკოლოთ ქვეითად მოსიარულენი“.

საგულისხმოა, რომ ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიაში გერმანელი ექსპერტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ტროტუარზე ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი ზოლის გაუქმებას ურჩევენ. ასეთის არსებობა საფრთხეა როგორც ველომომხმარებლების, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.

რუსთავში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საცხოვრებელი კორპუსიდან პირდაპირ თბილისში ველოსიპედით მოძრაობენ - სამსახურში სასიარულოდ იყენებენ ტრანსპორტის ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებას.
ერთ-ერთია ირაკლი ციხელაშვილი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს. ამბობს, რომ თბილისში სიარულისას საკუთარ ავტომობილს ველოსიპედს უნაცვლებს ხოლმე. მოძრაობისას ირაკლი ციხელაშვილის აუცილებელი აქსესუარია ველოსიპედისტის ჩაფხუტი, რასაც არ იყენებს ბევრი ადგილობრივი ველომომხმარებელი.

ირაკლი ციხელაშვილის თქმით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა არცთუ უხიფათოა:

„ავტომაგისტრალი უსაფრთხო არ არის, თუმცა გზა ფართოა, ავტომანქანების მძღოლების მხრიდანაც სიფრთხილე შეინიშნება - როცა ხედავენ ველოსიპედისტს, ერიდებიან და სიფრთხილეს იცავენ. ისე კი, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ავტომაგისტრალზე ველომომხმარებლებისთვის ცალკე ვიწრო ზოლია გამოყოფილი, ან მათთვის მეორეხარისხოვანი გზა არსებობს“.

ველომოყვარული გოგა ჯმუხაძე ფიქრობს, რომ მომავალი ველოქსელის საკვანძო უბანი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდი იქნება, რადგან აქ ინტენსიური მოძრაობაა. ხიდზე ავტომანქანების გამტარუნარიანობა პიკს აღწევს, რაც სტრატეგიაზე მომუშავეთა მონიტორინგმაც დაადასტურა.
ამის გამო ველომომხმარებლები ერიდებიან გზაზე სიარულს და სარგებლობენ ხიდის ტროტუარით, სადაც ბევრი ადამიანი ფეხით დადის.

გოგა ჯმუხაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:46 0:00
Direct link

სტრატეგიაზე მუშაობისას გერმანელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ რუსთავის ლანდშაფტი კარგი ნიადაგია ველოკულტურის განვითარებისათვის. ესეც რომ არა, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. თუმცა საკრებულოს მიერ დამტკიცებული სტრატეგია, როგორც მისმა ავტორებმა შენიშნეს, ვერ ჩაანაცვლებს ველოსიპედის ინფრასტრუქტურის შესახებ ეროვნულ კანონმდებლობას, რეგულაციებსა და სტანდარტებს, მაგალითად, სატრანსპორტო კოდექსს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG