Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბეჭდ სახელმძღვანელოებთან ერთად, მოსწავლეებს ელექტრონული წიგნებიც ექნებათ, PDF ფაილების სახით


საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განმარტებით, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეთათვის ნაბეჭდ სახელმძღვანელოებთან ერთად, ხელმისაწვდომი იქნება ასევე ელექტრონული წიგნები. გამომცემლობებმა ელექტრონული წიგნების მომზადების მითითება სამინისტროსგან უკვე მიიღეს:

„საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული - PDF ფაილის სახით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს“, - აღნიშნა თამარ დგებუაძემ.

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა. ონლაინშეხვედრა აღნიშნულ საკითხზე მინისტრის მოადგილემ გამომცემლობების წარმომადგენლებთან 22 ივნისს გამართა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანმანათლებლო პროცესი მარტის დასაწყისში შეწყდა და მოგვიანებით ელექტრონულად, ონლაინ გაგრძელდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განახლდება სექტემბერში სასწავლო პროცესი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ სწავლის დაწყება არ გადავადდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.

XS
SM
MD
LG