Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანის თქმით, საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართული დიპლომატიის წარმატება უწოდა. მისი თქმით, ეს არის ნათელი დასტური, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველო, მეოთხე წელია, აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატს იმისათვის, რომ ქვეყნისთვის, ესოდენ მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნეს მიღებული. დავით ზალკალიანის განმარტებით, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს ყოველწლიურად აქვს რეზოლუციის მხარდამჭერთა უაღრესად პოზიტიური, მზარდი დინამიკა მიანიშნებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე.

„რეზოლუცია მიღებულ იქნა ძალიან მაღალი მხარდაჭერით, როგორც სპონსორების, ასევე მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობის შემცირებით, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი, კიდევ ერთი წარმატება და გამარჯვება", - თქვა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ცნობით, წელს რეზოლუციის თანაავტორი საქართველოსთან ერთად გახდა 45 ქვეყანა მსოფლიოს ყველა რეგიონიდან. რეზოლუციის განხილვის დროს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. საქართველოს შესახებ რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე 2017 წლიდან მიიღება.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ყოფნის შესახებ, ჯერ კიდევ 2013 წელს „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ”საქართველოს ინტერესებშია, მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG