Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან


საქართველოს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით უყრის კენჭს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს. პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

21 ივნისს, პირველი მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა. მათ შორის ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოითხოვენ პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა, რომლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ისევ წინასწარ პატიმრობაშია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ 2019 წლის ნოემბერში დაკავებული, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრისას „ევროპული საქართველოს“ გარეშე დაფიქსირდა 116 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისად, მოლოდინი აქვთ, რომ მეორე მოსმენის დროსაც ასე მოხდება.

ცვლილებებს მხარს უჭერენ ფრაქციები "დამოუკიდებელი დეპუტატები" და "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" და უფრაქციო დეპუტატების ნაწილი.

პირველი მოსმენით კენჭისყრისას ხმა წინააღმდეგ მისცა ხუთმა დეპუტატმა - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და დავით ჭიჭინაძემ, "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილმა წევრმა, ემზარ კვიციანმა და დმანისი-წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში, 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად ერთი სესიის განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.

XS
SM
MD
LG