Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა


ბიშკეკის სასამართლომ 11 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე.

პატიმრობასთან ერთად კორუფციისათვის მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ მიუსაჯა ქონების კონფისკაცია და ჩამოართვა სახელმწიფო ჯილდოები.

პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის ითხოვდა 15-წლიან პატიმრობას. 63 წლის ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს სამართალდარღვევას.

ატამბაევის მიერ 2013 წელს შეწყალებული კრიმინალური ავტორიტეტი აზიზ ბატუკაევი ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყოვნებლად გაემგზავრა რუსეთში. სამშობლოში იგი მსჯავრდებული იყო ყირგიზი დეპუტატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობაში.

ატამბაევი 2019 წლის 9 აგვისტოს დააკავეს დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ. შეტაკების დროს დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, 79 - დაიჭრა. მთლიანობაში დაშავდა 170 კაცი.

ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც ატამბაევის გარდა ფიგურირებს 13 ბრალდებული.

ისინი არ აღიარებენ დანაშაულს და აცხადებენ, რომ მათი საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

63 წლის ატამბაევი პირველია ყირგიზეთის პრეზიდენტებს შორის, ვისაც პატიმრობა მიესაჯა. სასამართლო სხდომაზე მან უარი თქვა საბოლოო სიტყვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG