Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენითაც მიიღებენ


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ავტორი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენითაც უპრობლემოდ დაამტკიცებენ.

ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ კობახიძემ მედიას უთხრა, რომ კენჭისყრამდე ხმები დათვლილი ჰქონდათ და იცოდნენ, რომ 116 დეპუტატის მხარდაჭერა არსებობდა, თუმცა, ერთი მათგანი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრო: „დარწმუნებული ვართ, რომ ორშაბათს 116 ხმით დამტკიცდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე“.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერ ყველა დეპუტატს: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას“.

კობახიძის შეფასებითვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, უხეშად დაარღვიეს 8 მარტის შეთანხმება. ირაკლი კობახიძემ ამ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მოუწოდა, შეთანხმება შეასრულონ და მომავალ ორშაბათს დაგეგმილ კენჭისყრაზე მივიდნენ. თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, მათ გარეშეც ცვლილებები უპრობლემოდ გავა:

„აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა ამას არა აქვს. ისინი უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საკუთარ შეთანხმებას, საკუთარ სიტყვას, მათ შორის, ელჩების წინაშე დადებულ პირობას. ეს არის, ბუნებრივია, მათთვის ძალიან საზიანო. ჩვენთვის ეს არის, ბუნებრივია, მომგებიანი, თუ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ზიანს მიაყენებენ საკუთარ ინტერესებს. ეს არის მათი არჩევანი“.

დღეს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი. მას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

21 ივნისს, პირველი მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა. მათ შორის ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოითხოვენ პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა, რომლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ისევ წინასწარ პატიმრობაშია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ 2019 წლის ნოემბერში დაკავებული, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG