Accessibility links

ფეხბურთელის სიკვდილი - გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს


შსს-ში გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიუხედავად, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარშემო, სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა და ვერსია ჩნდება. რა მოხდა ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე? როგორ გაგრძელდა მოვლენები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ტრასაზე? როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში? ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ბრალდებული ან ბრალდებულები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ისევ ბუნდოვანია და მხოლოდ მოწმეებისა და ადვოკატების ფრაგმენტული მონათხრობის შედეგად ცდილობს მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სურათის აღდგენას.

შსს-ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ უწყება რამდენიმე საგამოძიებო ვერსიას განიხილავს, სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 143-ე მუხლით, ანუ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იყო აღძრული, დაემატა კიდევ ერთი, 126-ე, ძალადობის მუხლი, საქმეში დამნაშავე გამოკვეთილი არ არის და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

23 ივნისს, შსს-ში გაკეთებული განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ადვოკატებისა და მოწმეების ბუნდოვანი და არასრული ვერსიები

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა 22 ივნისს, არაგვში იპოვეს. მისი კვალი 18-19 ივნისის ღამეს, მცხეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი აგარაკიდან იკარგება, სადაც ის 35-40 თანატოლთან ერთად, მეგობრის დაბადების დღეზე იყო და სადაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი და მასში მონაწილე პირების ვინაობა, ამ დრომდე უცნობია. აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებას, კიდევ ერთი დაპირისპირება უკვე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოჰყვა.

გიორგის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა 19 ივნისს, დილის 7 საათისათვის შეიტყო. როგორც ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, გიორგის დედა დაახლოებით ღამის პირველი საათისათვის, ტელეფონით ელაპარაკა და „ბავშვის გადმოცემით, ისეთი არაფერი ხდებოდა“:

„უკვე 7 საათის ფარგლებში დარეკეს და მოიკითხეს გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული. აი, აქედან დავიწყეთ პოლიციის ჩართვა საგამოძიებო მოქმედებებში“.

გიორგის მეგობრის, გუკას ვერსია

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი, მისი მეგობარი, გუკა ამირხანაშვილი და მათი კიდევ ერთი მეგობარი, აგარაკზე დაწყებულ კონფლიქტს თავს არიდებენ, ტოვებენ წვეულებას და ტაქსის გასაჩერებლად გზაზე გამოდიან. გზაზე გამოსულ ახალგაზრდებს ეწევათ მანქანა, სადაც, სავარაუდოდ, კონფლიქტში მონაწილე პირები სხედან. მანქანა ჩერდება, საიდანაც გადმოსული პირები, გიორგისა და გუკას მეგობარს სახეში ურტყამენ. გიორგი და გუკა სხვადასხვა მიმართულებით გარბიან. გუკა ხედავს, რომ გიორგი „ჩასახვევში“ ჩარბის, თვითონ „ხევში ვარდება“. თუმცა, მანქანაში მყოფი პირები გუკა ამირხანაშვილს ხევში პოულობენ და ის ამ პირებს მანქანით მიჰყვება თბილისამდე. ფიქრობს, რომ ამასობაში მისი მეგობრები, გაქცევას მოასწრებენ. ამ ვერსიას გუკა ამირხანაშვილი თავის მეგობარს ტელეფონით უყვება. საუბრის ჩანაწერს ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს, რასაც მალევე სოციალურ ქსელში გუკა ამირხანაშვილის პროტესტი მოჰყვება და ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის არ მიუცია:

"ხალხო ამ სიუჟეტში მე ეს კომენტარი არ მიმიცია ჟურნალისტისთვის ეს ბიჭი ვისაც მე ველაპარაკებოდი არის ჩემი ძველი მეგობარი და კარგად ჩანს რომ არ ვსაუბრობ ოფიციალურად და დეტალურად და ძალიან გთხოვთ ნუ აკეთებთ ასეთ დასკვნებს უბრალოდ სირცხვილია !!!"


გუკას მიერ ნახსენებ მანქანაში მსხდომი პირების ადვოკატის ვერსია

სწორედ გუკა ამირხანაშვილის ჩვენება გახდა მიზეზი იმისა, რომ 23 ივნისს, მცხეთის პოლიციაში ხელმეორედ დაიბარეს ორი მოწმე, იმ ავტომობილის მძღოლი და მისი კიდევ ერთი თანმხლები პირი, რომელთა შესახებაც, გუკა ამირხანაშვილი მეგობარს ტელეფონით ელაპარაკა.

ამ ეტაპზე, მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არც გიორგი შაქარაშვილისთვის და არც მისი მეგობრებისთვის, არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ. როგორც ის ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაიბარა. თბილისიდან აგარაკზე ექვსი პირი ჩავიდა:

„ეს ის საბედისწერო მანქანაა, რომლის გამოც ბიჭებმა გაქცევა სცადეს. მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შეეშინდათ ამ მანქანის, რომ მძღოლმა ცოტა უხეშად დაამუხრუჭა, რადგან, თავისიანებს ეძებდნენ და ეგონათ, რომ ეს ბიჭები იყვნენ ისინი, ვისაც ეძებდნენ. როცა შაქარაშვილი და მისი მეგობრები მიხვდნენ, რომ ეს პირები უცხოები იყვნენ და თან ამ საქმით იყვნენ დაინტერესებულები, გაიქცნენ, დარჩა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა. ის არ გაიქცა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა ამ ბიჭს უთხრეს, რომ არანაირ ჩხუბს და კონფლიქტს არ აპირებდნენ და მოდი, თბილისში წაგიყვანთო. ეს ბიჭიც გამოყვა თბილისში. თუმცა, ახლა ეს ახალგაზრდა ამბობს, რომ ჩემზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, თორემ უცხო მანქანაში რატომ ჩავჯდებოდიო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იქ ჩავიდნენ სიტუაციის განსამუხტად, ესენი შედარებით წლოვანები არიან, დაახლოებით 25-26 წლისები. ამ პირებს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ და არავისთვის მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა, არავის შეხებიან ხელით. რამდენიმე მანქანა ფიგურირებს ამ საქმეში და ეს არის ბოლო მანქანა,რომელიც აგარაკზე მივიდა. ეს არის საბედისწერო შეხვედრა გარდაცვლილთან. სავარაუდოდ, მას რომ ეს მანქანა არ დაენახა, არ გაიქცეოდა. ამ მანქანაში მყოფ პირებს არ დაუნახავთ სად გაიქცა გიორგი, არც არავინ გაჰკიდებია მას“.

ალექსანდრე კობაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სპორტსმენები არიან, თუმცა, მისი თქმით, მოწმეებს არ სურთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და ის არ აკონკრეტებს სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლები არიან მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. მისივე თქმით, სწორედ ამ პირებს მოიხსენიებენ მედიაში ე.წ. ნახალოვკელებად.

გადაგდებული პერანგი - ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის ვერსია

კიდევ ერთ ვერსიას გიორგი შაქარაშვილის საქმის გარშემო, რადიო თავისუფლებას უყვება საქმის ერთ-ერთი მოწმის, 19 წლის ახალგაზრდის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი.

მოწმის სტატუსით გამოკითხული ახალგაზრდის მონაყოლით, მოვლენები 18-19 ივნისის ღამეს, მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე დაახლოებით ასე ვითარდება.

წვეულებისათვის ნაქირავებ აგარაკზე, სადაც ახალგაზრდები მეგობარი გოგოს დაბადების დღეს აღნიშნავენ, 19-20 წლის, დაახლოებით 35-40 ახალგაზრდა იკრიბება. ნაწილი იცნობს ერთმანეთს, ნაწილი არა. დაბადების დღეზე იმყოფება გიორგი შაქარაშვილიც.

ადვოკატი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რამდენიმე მეგობართან ერთად წვეულებაზე თბილისიდან მოგვიანებით ჩადის. მისი თქმით, აგარაკზე მყოფი ახალგაზრდები მათ უკვე ნასვამები ხვდებიან. ახალგაზრდები წვეულებას უერთდებიან. რამდენიმე ხანში, ეზოდან ესმით ხმაური, გადიან გარეთ და ხედავენ, რომ წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩხუბობს.

მზია ქასრაშვილმა 22 ივნისს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მისი მეგობრები ჩხუბს გაერიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და თბილისში წამოვიდნენ.

თუმცა, 22 ივნისს, გვიან ღამით, მზია ქასრაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი პირი კვლავ დაიბარეს გამოკითხვაზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად შემთხვევის ადგილზე წაიყვანეს.

23 ივნისს, მზია ქასრაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გამოძიებას ის გადაგდებული პერანგი აჩვენა, რომელიც მას აგარაკზე დაწყებული დაპირისპირებისას ტანზე შემოახიეს:

„გავედით შემთხვევის ადგილზე და დავათვალიერეთ ტერიტორია. ეს თქვენ, ჟურნალისტებს, ნამდვილად არ გაინტერესებთ და არ გეხებათ. პერანგშემოხეული ბავშვი რომ ნაგავში აგდებს პერანგს, ეს რაში გაინტერესებთ. ამ პერანგის ამოღება იყო და მეტი არაფერი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა და ეს ინფორმაცია თქვენ არაფერს გაძლევთ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში კონფლიქტი იყოფა პირველ და მეორე ჩხუბად. მოდით, პირველ ჩხუბს დავარქვათ „ბავშვების ჩხუბი“. ამ ჩხუბში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაუზიანდა პერანგი და მშობლებს რომ არ შეემჩნიათ სახლში, გაიხადა და ჩააგდო ნაგავში. აგარაკზე არ გადაუგდია ეს პერანგი, სხვაგან გადააგდო. ტერიტორიას ვერ დაგისახელებთ. სწორედ იმ ადგილას მივედით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გამოძიებას მიუთითა, სად ჩააგდო პერანგი“.

მზია ქასრაშვილის თქმით, აგარაკზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მისი მეგობრები და იუბილარი, მიდიან ლისზე მდებარე ერთ-ერთი მეგობრის სახლში, რათა იქ განაგრძონ დაბადების დღის აღნიშვნა. შესაბამისად, მათთვის უცნობია, რა მოხდა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო გზაზე.

ადვოკატის თქმითვე, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც ის ვერ დაადასტურებს, აგარაკზე, თბილისიდან ჩადის ახალგაზრდების კიდევ ერთი ჯგუფი და იქ კვლავ გრძელდება დაპირისპირება:

„როგორც ახალგაზრდების კიდევ ერთი ჯგუფი ყვება, მას შემდეგ, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მისი მეგობრები, იუბილართან ერთად წამოვიდნენ თბილისში, აგარაკზე დარჩენილი ახალგაზრდებიც უნდა წამოსულიყვნენ და მათ შეერთებოდნენ ლისზე, თუმცა, სწორედ ამ დროს, აგარაკზე ჩავიდა მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ მათთვის უცნობი პირები და ახალგაზრდებს დაუწყეს ცემა. სწორედ ამ მანქანით ჩამოსული ადამიანები, ე.წ. ნახალოვკელების ჯგუფი, არიან ამ ბიჭების გამანადგურებლები. ახალგაზრდების ეს ჯგუფი ყვება, რომ კონფლიქტში ჩართულმა ახალგაზრდებმა თბილისიდან ჩამოიყვანეს მათზე უფროსი პირები. მათ შეიწირეს ეს საცოდავი და ალალ-მართალი ბიჭი“.

ადგილობრივი მწყემსის ვერსია

ამ ვერსიას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ადგილობრივი მწყემსი ამბობს, რომ მოისმინა ახალგაზრდების საუბარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბიჭი მდინარე არაგვში კლდიდან გადავარდა:

“გავაჩერეთ მანქანა, გადავიდა გასასვლელადო და გადავარდა კლდიდანო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ აბა სად იყო მანახეო”, - ეუბნება მწყემსი „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე, არ იკვეთება 19 წლის ფეხბურთელის აგარაკზე დაწყებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი.

რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გუკა ამირხანაშვილის მონათხრობს, რომ მათ საავტომობილო გზაზე მანქანით დაეწივნენ აგარაკზე დაწყებულ კონფლიქტში მონაწილე პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ამ საქმეში მსგავსი გარემოებები არსებობს, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.

გამოიკვეთა თუ არა საქმის ამ ეპიზოდში ჩართული პირების დანაშაულის ნიშნები, რაკიღა გუკა ამირხანაშვილი ყვება, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვლადიმერ ბორცვაძე ჟურნალისტებს პასუხობს:

„მოგეხსენებათ, რომ გამოძიება რთული პროცესია და არ შეიძლება გამოძიება ერთ დღეში დასრულდეს. ამ საქმეზე ჩასატარებელია კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია დამატებით ათეულობით მოწმე, ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა, შესაბამისად, ერთ დღეში და ორ დღეში, გამოძიება შედეგს ვერ დადებს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებს სტანდარტს კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“.

მირიან ნიკოლაძის თქმით, რაკი საქმეს კიდევ ერთი, ძალადობის მუხლი დაემატა, სავარაუდოა, რომ გამოძიებას ამის საფუძველი ნამდვილად გაუჩნდა:

„მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, მთელი ეს დღეებია ვცდილობთ, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას. პირიქით, ჩვენი ვერსიებით ვამარაგებთ და გამოძიებაც ყოველდღიურად ყველაფერს ამოწმებს, ამას საკუთარი თვალით ვუყურებ. ამიტომ, რა დრო სჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხს, ეს ძიების საგანია. მე ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს დრო საკმარისი ამისთვის და უახლოეს პერიოდში მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას (ვინმეს დაკავების შესახებ). ეს რთული სათქმელია, რადგან როცა ადამიანმა არ იცი საქმის გარემოებები, კონკრეტული მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ ეს დრო მეტია და დროის გაწელვასთან გვაქვს საქმე თუ არ გვაქვს, ეს ძალიან რთული სათქმელია. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ექსპერტიზის შემდგომ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული დანაშაულის კვალი, ცხადია, ჩვენი პოზიცია გვექნება კვალიფიკაცის დამძიმებასთან დაკავშირებით".

რაც შეეხება კითხვას, აღენიშნება თუ არა გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები, ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე, რთულია ლაპარაკი იმაზე, თუ როდისაა ეს დაზიანებები მიყენებული.

ამ კითხვაზე პასუხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უნდა გასცეს. გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნით, ლაბორატორიული კვლევები დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG