Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე შეხვდა ირაკლი შოთაძეს


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად შეხვდა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს. როგორც დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველი ამბობს, შოთაძე მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

ნესტან ლონდარიძე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტია იხსენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მკვეთრი პოზიცია ჰქონდა გენერალური პროკურორობის კანდდატურების შერჩევისას. „მეც ვაფიქსირებდი, რომ არ შეიძლებოდა ის პირი უძღვებოდეს ამ საქმეს, რომელიც იყო სწორედ, იმ ორგანოს სათავეში, რომელიც ყველაზე მთავარი იყო ამ პროცესების მიმდინაროების დროს“, - აღნიშნავს ლონდარიძე და განაგრძობს, - „თუ არა სამსახურებრივი გამოყენებით გარკვეული პირების მიერ საქმის მსვლელობის არასწორი მიმართულებით წაყვანა და საქმეზე გავლენის მოხდენა, ჩვენ არ მივიღებდით ამ შედეგს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში. მთავარ აქცენტად ისევ იმას დავაყენებ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია საქმე დასრულებულად, სანამ არ იქნება გამოვლენილი ის გარკვეული თანამდებობის პირები, რომელთა ქმედებაშიც იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები“.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს, სწორედ, ზაზა სარალიძის მოთხოვნით გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ირაკლი შოთაძე 2020 წლის 18 თებერვალს კვლავ პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელად დაბრუნდა.

კონკურსანტებს შორის ირაკლი შოთაძის გამოჩენას კი ზაზა სარალიძე „ფეისბუკზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, როცა მას არ აქვს გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი, ყოფილი მთავარი პროკურორის დაბრუნებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძისგან „ღირსეულ ნაბიჯებს“ დაელოდება.

XS
SM
MD
LG