Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გაიმართა პანდემიის გამო გადადებული გამარჯვების დღის აღლუმი


რუსეთში 24 ივნისს გაიმართა პანდემიის გამო გადადებული, გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმი, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში დანიშნული რეფერენდუმის წინ, რომელმაც მისი ძალაუფლებაში ყოფნა შესაძლოა დიდი ხნით გაახანგრძლივოს.

აღლუმი, რომლითაც მეორე მსოფლიო ომში, 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხება აღინიშნება, ტრადიციულად 9 მაისს იმართება ხოლმე. წელს პუტინს ამ ღონისძიების 24 ივნისისთვის გადადება მოუწია კორონავირუსის პანდემიის გამო.

აღლუმში მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის 14,000-მდე სამხედრომ, 200-ზე მეტმა ისტორიულმა და თანამედროვე სამხედრო მანქანამ და 75-მა თვითმფრინავმა. სამხედროთა უმეტესობა რუსეთიდან იყო, თუმცა აღლუმში ასევე მონაწილეობდნენ ჯარისკაცები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, მონღოლეთიდან, სერბეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან.

წითელ მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში, პუტინმა განაცხადა: "შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რა ბედი ეწეოდა მსოფლიოს, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა".

აღლუმს არ დაესწრნენ ბევრი ქვეყნის ლიდერები. საფრანგეთის, ჩეხეთის, ხორვატიისა და ჩინეთის პრეზიდენტები აპირებდნენ 9 მაისის აღლუმზე დასწრებას, თუმცა ღონისძიების გადადების შემდეგ გეგმა გააუქმეს. აღლუმს დაესწრნენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, სერბეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ლიდერები, ისევე, როგორც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები და ბოსნიის მულტიეთნიკური პრეზიდენტის პოსტის ბოსნიელი სერბი წარმომადგენელი, მილორად დოდიკი.

XS
SM
MD
LG