Accessibility links

რას აკეთებს და რას აპირებს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო


ახალი ინვესტორი შესარჩევად ტენდერი 2021 წლამდე არ გამოცხადება, მანამდე კი წინა წელთან მილიონით გაზრდილი დაფინანსებით ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო ტენდერისთვის ემზადება.

სააგენტოში განმარტავენ რომ “ტენდერამდე არსებული პერიოდი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ განახლდეს სატენდერო დოკუმენტაცია, მომზადდეს დამატებითი ეკონომიკური კვლევები და გატარდეს მარკეტინგული ღონისძიებები პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიზნით”, უშუალოდ ტენდერი კი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

“მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებისა, ანაკლიის პორტის მშენებლობა რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. შესაბამისად, მუშაობის შეწყვეტა აღნიშნული მიმართულებით არ იგეგმება” - უთხრეს რადიო თავისუფლებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში.

სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს მისი ბიუჯეტი თითქმის ერთი მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით და 3-ჯერ არის გაზრდილი 2017 წლის შემდეგ, როცა ის შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა არც შტატიან და არც შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა მკვეთრად გაიზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება.

სააგენტოს ახალი დებულების მიხედვით, რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრი აწერს, სააგენტოს ხელმძღვანელს უფლება ეძლევა ჰყავდეს ორი მოადგილე. სააგენტოში არ განმარტავენ, რამ გააჩინა ორი მოადგილის საჭიროება ორგანიზაციაში, სადაც არსებობის განმავლობაში შტატიან თანამშრომელთა მაქსიმალური რაოდენობა 3 იყო და მის ხელმძღვანელს ერთი მოადგილე მანამდეც ჰყავდა.

“უახლოეს მომავალში სააგენტო არ გეგმავს ახალი თანამშრომლობის აყვანას, თუმცა წლის ბოლომდე აღნიშნული მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს საჭიროებიდან გამომდინარე” - ამბობენ სააგენტოში.

თანამშრომელთა ანაზღაურების გარდა სააგენტოს ხარჯები ხმარდება , იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას. ჯამში 12 ხელშეკრულება სააგენტოს 3 სხვადასხვა კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვით აქვს გაფორმებული. 2020 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ წელს იურიდიული კონსულტაციებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან გადახდილია 966 114 ლარი. 1 081 391 ლარის იურიდიული მომსახურება შეისყიდა სააგენტომ 2019 წელს. წინა წლებში ამ მიზნით დახარჯული თანხა 150 000-ს არ სცდებოდა (2017 წელი - 117 354 ლარი, 2018 წელი - 149 660 ლარი;).

თითქმის ერთი წლის წინ, 2019 წლის მარტში არსებობდა გეგმა და იმედი, რომლის თანახმადაც, ანაკლიის პორტს პირველი გემი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო.

2017 წლის 23 მარტს შექმნილ “ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს” 2020 წელს 6 თებერვალს ფუნქციები შეეცვალა და თუ მისი ვალდებულება მანამდე მთავრობასა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” შორის დადებული ხელშეკრულების მონიტორინგი (ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა) იყო, ახლა, როცა კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვეტილია, სააგენტოს ახალი ინვესტორიების პოვნა ევალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG