Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ილაპარაკა საქართველოს და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე


პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებაც ილაპარაკა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია და ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე ის თავს დაესხა საქართველოს“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. მისი თქმით, პოლონეთში ნატოს ძალების, პირველ ყოვლისა, ამერიკელი სამხედროების ყოფნა იმის ნიშანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 პუნქტი სერიოზულად განიხილება და თუ ვინმე პოლონეთზე თავდასხმას გადაწყვეტდა, ეს იოლად არ გამოუვიდოდა. მე-5 პუნქტი ნატოს წევრი ქვეყნების კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.

დუდამ აშშ-ს თხოვა გაზარდოს თავისი სამხედროების რაოდენობა პოლონეთში. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა არ გამორიცხა, რომ პოლონეთში დამატებით ამერიკულ ქვედანაყოფებს გერმანიიდან გადაიყვანენ. დონალდ ტრამპის თქმით, ეს რუსეთისთვის ძლიერი სიგნალი იქნება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები აპირებს გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას.

პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ უახლოეს ხანში გაფორმდება თავდაცვის საკითხებში აშშ-ის და პოლონეთის თანამშრომლობის შეთანხმება.

ანდჟეი დუდას და დონალდ ტრამპის შეხვედრა 24 ივნისს გაიმართა. პოლონეთის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG