Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის სასამართლომ გადადო ყირიმელი თათრების ლიდერის, მუსტაფა ჯემილევის საქმის მოსმენა


მუსტაფა ჯემილევი
მუსტაფა ჯემილევი

რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ყირიმში სასამართლომ გადადო ყირიმელი თათრების ვეტერანი ლიდერისა და საბჭოთა პერიოდის ცნობილი დისიდენტის, მუსტაფა ჯემილევის საქმის მოსმენა მის დაუსწრებლად.

ჯემილევი კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას 2014 წელს.

ქალაქ არმიანსკის სასამართლოში დღეს უნდა დაწყებულიყო ჯემილევის საქმის მოსმენა, მაგრამ სხდომა გადაიდო მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატთა ჯგუფს პროკურატურისგან ოფიციალურად არ მიუღიათ ბრალდების ქაღალდები. ამის შესახებ განაცხადა ჯემილევის ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა.

„დაცვას არ მოეპოვება ინფორმაცია ბრალდების არსზე, იმაზე, თუ ვის გამოძახებას აპირებს პროკურატურა მოწმეების სახით და რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სასამართლოს სხდომაზე. ასეთ პირობებში შეუძლებელია პროცესის დაწყება,“ თქვა პოლოზოვმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აპრილში გამოაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის 76 წლის წევრის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება „რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლად შენახვისთვის, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა, და ტყვია-წამლის უკანონო ფლობისთვის.“

ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ოფისმა დაგმო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ეს ნაბიჯი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

ჯემილევი ყირიმელი თათრების თვითგამოცხადებული შეკრების - მეჯლისის - თავმჯდომარე იყო ყირიმის პრომოსკოვური ხელისუფლების მიერ მის აკრძალვამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG