Accessibility links

მეტი სამხედრო ძალა ვარშავას და „მძლავრი გზავნილი“ მოსკოვს


ანჯეი დუდასა და დონალდ ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვარშავამ ოფიციალურად სთხოვა ვაშინგტონს, რომ გაზარდოს ამერიკული სამხედრო ყოფნა ნატოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის, პოლონეთის, ტერიტორიაზე, - ამის შესახებ 24 ივნისს ითქვა პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში ანჯეი დუდას ვიზიტის დროს გაიმართა.

ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე ვარშავასთან შეთანხმების გაფორმება „მძლავრი გზავნილი იქნება რუსეთისათვის“.

აშშ-ის დედაქალაქში რუსეთის საფრთხეზე საუბრისთვის გვერდი არც პოლონეთის პრეზიდენტს აუვლია. 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია, მანამდე კი იგი საქართველოს დაესხა თავსო, - განაცხადა ანჯეი დუდამ, რომელმაც ამერიკული სამხედრო ძალის ყოფნას ევროპის კონტინეტზე ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტი უწოდა.

საქართველოზე თავდასხმით გაღვიძებული იმპერიული ამბიცია

ანჯეი დუდას წინა ვიზიტის დროს თეთრ სახლში, გასული წლის 12 ივნისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო განამტკიცებდა სამხედრო კავშირებს თავის ნატოელ მოკავშირესთან და დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნიდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გასაძლიერებლად რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის არსებობის პირობებში.

ერთი წლის შემდეგ, 24 ივნისს, პოლონეთის პრეზიდენტმა მოისმინა ის, რაზეც სპეკულაციები არ წყდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 15 ივნისს განაცხადა, რომ აშშ 25,000-მდე შეამცირებს გერმანიაში თავისი სამხედროების რაოდენობას.

აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტები, როგორც 24 ივნისს ითქვა, მოუთმენლად მოელიან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას, რაც, ტრამპის თანახმად, „მძლავრი გზავნილი იქნება რუსეთისთვის“.

ჯერჯერობთ უცნობია, თუ რამდენ ჯარისკაცს გადაისვრის პოლონეთში იმ კონტინგენტიდან, რომლის გაყვანაც გერმანიიდან იგეგმება იმ უთანხმოების გამო, რაც ვაშინგტონსა და ბერლინს შორის წლების განმავლობაში არსებობს, ნატოს ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით.

აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს მუდმივად შეახსენებს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას და აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ ხარჯავენ თავდაცვის სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს.

ამ ფონზე აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის კიდევ უფრო მეტ აღშფოთებას იწვევს ბალტიის ზღვით რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, მშენებლობა, რომლის ბოლომდე მისაყვანად ზღვის ფსკერზე 160 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის გავლაა საჭირო.

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის სამხედრო ხარჯების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიები.

აშშ და ასევე მისი ევროპელი მოკავშირეები, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, შიშობენ, რომ 1230 კილომეტრის სიგრძის მილსადენი, მწყობრში ჩადგომის შემდეგ, გააორმაგებს რუსული გაზის მიწოდებას გერმანიაში და ევროპას უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსულ ენერგომატარებლებზე.

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთისათვის გაგზავნილ უფრო ძლიერ სიგნალს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ გერმანია რუსეთს უხდის მილიარდობით დოლარს, რათა მისგან ამ მილსადენის (იგულისხმება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“) მეშვეობით ბუნებრივი აირი შეიძინოს. მინდა ვიკითხო: რას ნიშნავს ეს? თქვენ მილიარდობით დოლარს ახარჯებთ რუსეთს და ჩვენ კი თქვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაგრამ გერმანიიდან ჯარების გაყვანისა და მისი გარკვეული ნაწილის პოლონეთში გადასროლის პროცესი არ არის ერთი და ორი დღის საქმე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ, განაცხადა, რომ ეს „ძალიან რთული პროცესი“ იქნება, რაც დაკავშირებულია „დაფინანსებასთან, განთავსებასთან და სამართლებრივ მხარესთან, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს აქ ამ ჯარისკაცების ფუნქციონირება“.

რუსეთი მყისიერად გამოეხმაურა 24 ივნისს ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას პოლონეთში დამატებით ამერიკული სამხედრო ძალის გადასროლის შესახებ და „თავისი და მოკავშირეების უსაფრთხოების დასაცავად“ საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა.

მაგრამ უცნობია, თუ „რომელი მოკავშირეები“ ჰყავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ გრუშკოს, მხედველობაში, როცა პოლონეთში აშშ-ის სავარაუდო სამხედრო ძალების ზრდის საფრთხეზე ლაპარაკობდა.

პოლონეთის მოსაზღვრე უკრაინას, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვის მოკავშირე ქვეყნად ითვლებოდა, 2014 წელს რუსეთმა ანექსიის გზით ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა და ამჟამად აგრძელებს დონეცკისა და დონბასის ოკუპაციას.

მოსაზღვრე ქვეყნის პრობლემაზე როცა ლაპარაკობდა, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მას შემდეგ გამოცოცხლდა, რაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს დაესხა თავს.

ანჯეი დუდა
ანჯეი დუდა

„2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე კი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს პოლონეთში ნატოს ჯარების, აშშ-ის ჯარების ყოფნა ცხადყოფს, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი სერიოზულად განიხილება. ეს ცხადყოფს, რომ თუ ვინმეს პოლონეთზე თავდასხმა მოუნდება, ის ამისთვის საკადრის პასუხს მიიღებს, ვინაიდან მსოფლიოს უძლიერესი არმიის ნაწილი აქ არის და ის პოლონელ ჯარისკაცებს საზღვრების დაცვაში დაეხმარება“, - განაცხადა ვაშინგტონში მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა.

„ფორტ ტრამპი“ პოლონეთში?

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი გახდა, რომელიც კორონავირუსის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ს ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში. თუ აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მხოლოდ ახლა იკრებს ძალებს, პოლონეთის მემარჯვენე პრეზიდენტ ანჯეი დუდას რამდენიმე დღეში, ელის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კანდიდატთა რეიტინგები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

შესაბამისად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ვიზიტი დუდას მმართველ, „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ დამატებით ბიძგს მისცემს პოლონეთის საყოველთაო არჩევნებზე, რომელიც 28 ივნისს იმართება.

ამ „ბიძგში“, პირველ რიგში, იგულისხმება აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებით პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა, რომელსაც პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ, გადატანითი მნიშვნელობით, „ფორტ ტრამპსაც“ უწოდებდნენ.

თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტების წინაშე საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ვარშავასთან შეთანხმების გაფორმებას თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. შარშან აშშ-მა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს ორ ერთობლივ დეკლარაციას უსაფრთხოების სფეროში კავშირების განმტკიცების შესახებ.

რაც შეეხება ამერიკული სამხედრო ყოფნის გაძლიერებას, დონალდ ტრამპის სიტყვებით, დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, გერმანიიდან გაიგზავნება პოლონეთში, რომელიც აშშ-ის ლიდერმა შეაქო მოკავშირეთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

„პოლონეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ასრულებენ ნატოში თავიანთ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ფინანსურ ვალდებულებებს, რაც თავდაცვითი ხარჯების გაღებას შეეხება. პოლონეთის ხელისუფლება გვეკითხება, შეგვიძლია თუ არა დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნა. ისინი მზად არიან გადაიხადონ ფული. ისინი გადაიხდიან ფულს ჩვენ მიერ გაგზავნილი დამატებითი ძალებისთვის და ჩვენ, ალბათ, მათ გერმანიიდან გადავისვრით პოლონეთში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გასულ სექტემბერში, პოლონეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტის დროს, დამატებითი სამხედრო ძალისათვის პოლონეთის ტერიტორიაზე ექვსი ადგილი შეირჩა. მაგრამ პრობლემური საკითხების გარშემო მარტისთვის დანიშნული მაღალი დონის მოლაპარაკება კორონავირუსის გამო გადაიდო.

პოლონეთში ამჟამად პერმანენტულად იმყოფება 175 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ამას ემატება 5 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ როტაციის წესით იმყოფებიან პოლონეთში, როგორც აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე მყოფ ნატოს ერთ-ერთ პირველ საფლანგო ქვეყანაში.

გერმანიის ტერიტორიაზე დღესდღეობით იმყოფება 34 674 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

ევროპაში ამერიკის სამხედრო ძალთა არსებულ ბალანსს თუ გავითვალისწინებთ, გერმანიიდან აშშ-ის ქვედანაყოფის, როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, ამ ბაზის 25 ათას კაცამდე შემცირების შემთხვევაშიც ფედერაციული რესპუბლიკა მაინც პირველ ადგილზე დარჩება, ევროპაში განლაგებული ამერიკული სამხედრო პერსონალის სიდიდის თვალსაზრისით.

ამასთან, აშშ კვლავ ერთგული დარჩება პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა, ისევე როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ვაშინგტონს არათუ არ შეუმცირებია, არამედ კიდევ უფრო გაზარდა თავისი ყოფნა და სამხედრო მანევრების დინამიკა ევროპის კონტინენტზე.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, სინამდვილეში, კვლავ ვხედავთ აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ევროპაში. და ეს შეეხება არამხოლოდ გერმანიას. ჩვენ მხილველი ვართ ახალი ამერიკული სამხედრო ბრიგადების განლაგებისა ევროპაში, ჩვენ მხილველი ვართ როტაციის პრინციპით უფრო ფართო სამხედრო ყოფნისა და ჩვენ მხილველი ვართ იმისა, რომ აშშ-მა წამყვანი როლი იკისრა პოლონეთში ნატოს საბრძოლო დანაყოფის ფუნქციონირებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 17 ივნისს გამართულ მინისტერიალზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG