Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს როლი თანამედროვე პოლიტეკონომიაში


ავტორი: შალვა ბერიანიძე

ტრადიციული გაგებით, პოლიტოლოგია იკვლევდა ადამიანის ქცევას საჯარო სფეროში, ეკონომიკა - ადამიანის ქცევას ბაზარზე. პოლიტოლოგია უშვებდა, რომ პოლიტიკური ადამიანი მისდევს საზოგადოებრივ ინტერესებს, ეკონომიკა კი განმარტავდა, რომ ყველა ადამიანს კერძო ინტერესები ამოძრავებს.[1]

ერთი შეხედვით, ასეთი რეალობა მნიშვნელოვან ცვლადებსა და პოსტულატებს გამოყოფს, რაც ,,პოლიტიკურ“ და ,,ეკონომიკურ“ ადამიანს ერთმანეთისგან აშკარად მიჯნავს. წინამდებარე ესეში წარმოდგენილია სახელმწიფოს როლი ,,თანამედროვე პოლიტეკონომიაში“, რომელიც შედარებით განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს ,,პოლიტიკური“ და ,,ეკონომიკური“ ადამიანის შესახებ.

ახალი (თანამედროვე) პოლიტიკური ეკონომია შეიძლება განისაზღვროს, როგორც არასაბაზრო გადაწყვეტილებათა მიღების ეკონომიკური კვლევა ან, უბრალოდ, როგორც ეკონომიკური თეორიის გამოყენება პოლიტიკურ მეცნიერებაში. ახალი პოლიტიკური ეკონომიის ძირითადი ქცევითი პოსტულატის მიხედვით, ადამიანი წარმოადგენს სარგებლიანობის ეგოისტურ და რაციონალურ მაქსიმიზატორს.[2] შესაბამისად ახალი პოლიტიკური ეკონომია ვარაუდობს, რომ ,,პოლიტიკური ადამიანი“ და ,,ეკონომიკური ადამიანი“ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი იყოს. თუ ძველი პოლიტეკონომიის ყურადღების ცენტრში იყო ,,მატერიალური სიმდიდრის“ წარმოება, ახალი პოლიტიკური ეკონომიის ყურადღების ცენტრშია - არამატერიალური სიმდიდრე. სახელმწიფოს როლს თანამედროვე პოლიტიკურ ეკონომიაში განსხვავებულად უყურებს და ნსაზღვრავს სხვადასხვა ეკონომიკური თეორია:

  • კლასიკური პოლიტეკონომია

ადამ სმითმა თავის ნაშრომში „კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“[3] კლასიკური პოლიტეკონომიის თეორია ჩამოაყალიბა. ადამ სმითი ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა შეზღუდოს ვაჭრების ინტერესები. უმჯობესია, პარლამენტში ვაჭრები და მრწეველები არ ისხდნენ, რადგანაც ისინი კანონების თავიანთ სასარგებლოდ მიღებას დაიწყებენ. შესაბამისად, ადამ სმითს კლასიკურ პოლიტეკონომიაში სახელმწიფოს როლი მინიმუმამდე დაჰყავს. იგი ემხრობოდა შრომის დანაწილების ეფექტურობას, რომლის სისტემატიზაციაშიც სახელწმიფოს თავისი წვლილი უნდა შეეტანა.

სმითის აზრით, მთავრობის საჭიროების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ,,უხილავი ხელი“ მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის კანონების განხორციელებას და ინსტიტუტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.[4]

  • მარქსისტული პოლიტეკონომია

მარქსისტულ პოლიტეკონომიის თეორიასთან არის დაკავშირებული მიწასა და წარმოების სხვა საშუალებებზე კერძო საკუთრების გაუქმება. მეტიც, საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარი უფლებებით, საზოგადოებრივი საკუთრების ცენტრალიზებული მართვის საფუძველზე, სახელმწიფო ტიპის ეკონომიკის შექმნა.[5]

მარქსისტული პოლიტეკონომიის ჰეგელიანური ვერსია ამბობს, რომ კაპიტალისტური საზოგადოება დამყარებულია ექსპლუატაციაზე, შედეგად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დოვლათის შექმნა და მისი წარმოება. მარქსი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ზედნაშენი ნაწილი, რომელიც იცავს გაბატონებულ კლასების ინტერესებს. იგი ქმნის და იცავს კანონებს და წარმოადგენს ბურჟუაზიული აზრის კომიტეტს.

  • ნეოკლასიკური პოლიტეკონომია

მარქსისტულ პოლიტეკონომიას ეწინააღმდეგებოდა ნეოკლასიკური ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს. მის ძირითად საფუძველს უტილიტარული ხედვა წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ადამიანი არის არსება, რომელიც ცდილობს, გაზარდოს სარგებელი და შეამციროს დანაკარგი. ნეოკლასიკურმა თეორიამ აღიარა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლოდა, თუმცა იგი მხოლოდ ფულად-საკრედიტო სისტემის რეგულირებით შემოიფარგლა.[6]

  • კეინზიანული პოლიტეკონომია

ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა თავისი ეკონომიკური შეხედულებები ასახა ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936 წ.), სადაც მან პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. მისი აზრით, სახელმწიფომ ინვესტიციები უნდა გაზარდოს, რადგანაც კეინზის ,,განსაზღვრებებისა და კონცეპტების (წიგნი მეორე)“ მიხედვით თუკი ინვესტიციები იზრდება და ჭარბობს დანაზოგები, მაშინ იზრდება წარმოება და შესაბამისად, შემოსავალი. აგრეთვე იზრდება მოხმარება, რაც სტიმულს აძლევს წარმოებას, შემოსავლების, მოხმარებისა და დანაზოგების შემდგომ ზრდას.[7]

  • ნეოლიბერალური პოლიტეკონომია

ნეოკლასიკური პოლიტეკონომიის ერთ-ერთი გავლენიან მიმართულებად იქცა მონეტარიზმი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მილტონ ფრიდმენი ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას. მონეტარიზმმა შემდგომში ნეოლიბერალურ პოლიტეკონომიაში მნიშვნელოვან ადგილი დაიკავა.

ნეოლიბერალების მიზანია არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება ზომიერი მონეტარული რეგულირების ფუნქცია. ამას გარდა, სახელმწიფო წარმოადგენს საგარეო ბაზრებზე გაღწევის ინსტრუმენტს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ქვეყნები ხელს უშლიან თავისუფალ ვაჭრობას.[8]

ზემოაღნიშნული პოლიტეკონომიის თეორიები სახელმწიფოს როლის კონტურებს ეკონომიკის პროცესებში განსხვავებულად ხატავს, რაც კამათს არსებული პრობლემისა და გამოწვევის ირგვლივ კიდევ უფრო ართულებს. თანამედროვე პოლიტეკონომია ამბობს, რომ შეიძლება განისაზღვროს, როგორც არასაბაზრო გადაწყვეტილებათა მიღების ეკონომიკური კვლევა ან, უბრალოდ, როგორც ეკონომიკური თეორიის გამოყენება პოლიტიკურ მეცნიერებაში.

ესეში განხილული სახელმწიფოს როლი თანამედროვე პოლიტეკონომიაში არის მცდელობა, რომ სახელმწიფოს როლი და უფლებები კიდევ ერთხელ გადაისინჯოს და სახელმწიფოს, როგორც პროგრესული განვითარების ფაქტორის დამკვიდრების რეფორმა გაჩნდეს ეკონომიკაში, რაც ნამდვილად არ გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხშირშემთხვევაში გამოხატულია ფულადი-საკრედიტო, ფისკალური და სხვა ქმედებებით. იგი მოიცავს ისეთ საკანონმდებლო საქმიანობას, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების პირობების შესრულება, მინიმალური ხელფასის რეგულირება, სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტა და სხვა.

[1] ბალარჯიშვილი. ი.; ახალი პოლიტიკური ეკონომია (ლექციების კურსი); თბ. 2017; გვ.7

[2] იქვე.

[3] სმითი. ა.; გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ; წიგნი მესამე; თავი I; სიმდიდრის ბუნებრივი განვითარება; გვ. 4 - https://bit.ly/2YifvsP

[4] Mankiw N. Gregory; Principles of Economics; Sixth edition; HARVARD UNIVERSITY; Electronic version; U.S 2011; Chapter 1: Ten Principles of Economics; pp. 12

[5] Rethinking Economics; An Introduction to Pluralist Economics; NY 2018; Chapter 2; Marxist economics By Ben Fine and Alfredo Saad-Filho; pp. 19

[6] მექვაბიშვილი. ე.; თანამედროვე ეკონომიკური თეორიები; (ლექციების კურსი); თბ. 2016; თავი 3; ნეოკლასიკური ეოკონომიკური თეორიები; გვ. 47

[7] იქვე; გვ. 12

[8] Mills. J.; A Critical History of Economics; NY 2002; Chapter 8: Hard Money; The Contribution of the Right to Economics; pp. 171

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG