Accessibility links

site logo site logo

ქვათა ცვენა არჩევნების წინ, როლებშეცვლილი პარტიები, ქვასროლიები წინათ და ახლა


შუახნის კაცი გარსევანიშვილის ქუჩაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დილით ადრე მივიდა. ქვებით ოფისის მინები ჩაამსხვრია, შემდეგ შენობაში შევიდა და ავეჯისა და ელექტროტექნიკის დამტვრევა დაიწყო. კომპიუტერის მონიტორი და პატარა ტელევიზორი ქუჩაში გაიტანა და იქ დალეწა. ამ დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ოფისში არ იმყოფებოდნენ. გვერდით მდებარე სავაჭრო ობიექტის თანამშრომელმა, მარიამ ლელაშვილმა, ხმაურზე გარეთ გაიხედა და ყველაფერი თავისი თვალით ნახა. მისი თქმით, შუახნის მამაკაცს პარტია “ქართული ოცნების” სიმბოლოიანი მაისური ეცვა. აგრესიულად იქცეოდა, ტექნიკას ლეწავდა და ყვიროდა, გადამიღეთ და დარეკეთო.

ოფისში მისულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ყველაფერი დამტვრეული დახვდათ. მათ ეს ფაქტი მაშინვე საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირეს და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილი, ამბობს, რომ ბოლო წლებში ეს მათ ოფისზე თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა და ხელისუფლებას არც ერთი საქმე აქამდე არ გამოუძიებია, რაც მათდამი მტრულად განწყობილ პირებს ახალისებს და დაუსჯელობის განცდას უქმნის.

გორის მერი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი, აცხადებს, რომ ბასიშვილის მიერ ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა აბსურდულია, რადგან მმართველი პარტიის მხარდამჭერები ისეთი სუსტი ოპოზიციის მიმართ, როგორიც გორში “ნაციონალური მოძრაობაა”, ასეთ რამეს არ გააკეთებენ.

შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულია 1969 წელს დაბადებული დ. შ.. მას ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რაც ერთიდან სამ წლმდე პატიმრობით ისჯება.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დაამტვრია“.

ეს არ არის გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები იყო ბოლო წლებში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების წინაც.

გორში ქვებს ისროდნენ, ისვრიან და, ალბათ, მომავალშიც გაისვრიან. ქალაქში ქვების სროლა, დიდი ხანია, აღარავის უკვირს. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში დაწყებულ უთანხმოებას და დაპირისპირებას ხშირად ჩხუბით და ქვების სროლით ასრულებენ და მერე ისევ, ახალი საარჩევნო ციკლის დადგომისთანავე, აგრძელებენ ხოლმე. 2012 წლის 12 ივლისს იმ დროს ოპოზიციაში მყოფი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერებს კარალეთის დევნილთა დასახლებაში მმართველი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ხელჯოხებით და ქვების სროლით დახვდნენ. მაშინ ქვათა ცვენაში კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი და სოზარ სუბარი მოყვნენ. დრო გავიდა, მაგრამ ამ ორმა პარტიამ როლები გაცვალა. ახლა მმართველი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ბოლო წლებში ჩატარებული თითქმის ყოველი არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიტინგებს მართავენ, ისვრიან კვერცხებს, პომიდვრებს და ხან - ქვებსაც. ხან დაუდგენელი პირები ტეხენ ოფისს, იპარავენ და ანადგურებენ ტექნიკას. დრო გადის, ქართულ პოლიტიკაში წინასაარჩევნო დაპირისპირება, განსაკუთრებით გორში, ქვასროლიების აქტივობით მძაფრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG