Accessibility links

კოალიციის შეფასებით, "მთავარის" სიუჟეტზე გამოძიება მედიის თავისუფლებაში ჩარევის პრეცედენტია


„მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ეხმაურება კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. როგორც კოალიცია მიუთითებს, სუს-ი განცხადებაში სიუჟეტს დეზინფორმაციულს უწოდებს, ხოლო ქმედებას - საბოტაჟს.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებით, „მთავარი არხის“ სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება, წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცულია ნებისმიერი მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა ის ინფორმაციის ობიექტურ გამავრცელებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, დღეს, ინტერნეტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადია დეზინფორმაციის წინაშე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, შესაბამისი საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება, საზოგადოებაში დეზინფორმაციის ამოცნობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ჟურნალისტთა შიდა რეგულირების მექანიზმების, მაგალითად, როგორიც არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფექტური ფუნქციონირება, დეზინფორმაციის ყველა შესაძლო ფაქტის გარემოებების დეტალური შესწავლა და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება შიდა რეგულირების ფარგლებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ სიუჟეტით გაშუქებული ფაქტები ნამდვილად სიცრუეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების ავტორთა აზრით, ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი.

„ხელისუფლებას, ბუნებრივია, გააჩნია საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გავრცელების უფრო დიდი რესურსი და მეტი პლატფორმა. შესაბამისად, ხელისუფლების რეაგირება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, თუნდაც ის იყოს უსაფუძვლო, უნდა მოექცეს ზემოთ აღნიშნული ზომების ფარგლებში.

იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია „მთავარის” მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ „მთავარ” არხზე გასული სიუჟეტის „საბოტაჟად” შეფასება. აღნიშნული ქმედება, რეპრესიული მექანიზმის შერჩევითად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.

ვფიქრობთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა”, - აცხადებს კოალიცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ გამოიძიეს და გამოიკვეთა, რომ „მთავარმა არხმა“ 20 ივნისს დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა. უწყებაში აცხადებენ, რომ მასალა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით ინფიცირების სანაცვლოდ 10 ათას ლარამდე თანხის მიცემაზე იყო საუბარი, სიცრუეზე იყო აგებული.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა". არასწორად თარგმნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გამორიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG