Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლიერის სილუეტი


მოლიერის სილუეტი
please wait

No media source currently available

0:00 0:30:00 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგზე, თანამედროვე კომედიის მამაზე, განსხვავებით კომედიის ძველი მამისგან, არისტოფანესგან, რომელიც უფრო სიტყვის აბსოლუტური თავისუფლებისა და პოლიტიკური სატირის სფეროში დარჩა.

მეჩვიდმეტე საუკუნის ამ დიდი გენიოსის სრული სახელი გახლავთ ჟან ბატისტ პოკლენი, მოლიერი მისი თეატრალური ფსევდონიმია. დრამატურგის მამა ავეჯის მოფარდაგების შთამომავლობითი დიდოსტატი ყოფილა და ლუი მეცამეტის კარზე მთავარი მომფარდაგებლის ადგილი დაუკავებია. ამ სიმაღლემ საშუალება მისცა შვილისთვის ბრწყინვალე განათლება მიეცა კლერმონის კოლეჟში (ამჟამად ლუი დიდის ლიცეუმი პარიზში). აქ ჟან ბატისტმა საფუძვლიანად შეისწავლა ლათინური, ორიგინალში კითხულობდა რომაელ ავტორებს და ლუკრეციუსის ფილოსოფიური პოემა „საგანთა ბუნებისათვისაც“ კი უთარგმნია. მიუხედავად ამისა, იურისტობამ მაინც ვერ გაიტაცა და თავი თეატრს აჩუქა. ცამეტი წელი იხეტიალა თავის დასთან ერთად მთელ საფრანგეთში, – ეს იყო ფრონდის მღელვარე წლები, - საბოლოოდ კი პარიზში დამკვიდრდა, მეფე-მზის, ლუი XIV კარზე მთავარი დრამატურგი გახდა და თავისი დასით პალე-რუაიალში დაიმკვიდრა ადგილი. მისმა დრამატურგიამ რთული გზა გაიარა ფარსიდან ტრაგიკომედიამდე, სანამ არ მიაღწია იმ წარმოუდგენელ სიმაღლეს, რაც არის „ტარტიუფი“ და „დონ ჟუანი“. თავის დროზე პლატონის „ნადიმში“ სოკრატე აგათონსა და არისტოფანეს უხსნიდა, ნამდვილ შემოქმედს ტრაგედიის წერაც უნდა შეეძლოს და კომედიისაცო. ანტიკურობამ ამ იდეალს ვერ მიაღწია, მხოლოდ შექსპირმა შეძლო სოკრატეს ოცნების ასრულება. იმავე ამოცანას მისწვდა მოლიერიც, ოღონდ იგი ცალ-ცალკე არ წერდა ამ ქმნილებებს, იგი ჰიბრიდული ტრაგიკომედიის (უფრო „კომიტრაგედიის“) ავტორად მოგვევლინა. ყველაზე უკეთ მოლიერის შემოქმედების სულისკვეთება გადმოსცა გენიალურმა მოცარტმა, როდესაც „დონ ჟუანს“, კომედიას, თავისი ყველაზე უფრო პირქუში, ტრაგიკული მუსიკა შეუწყვილა.
XS
SM
MD
LG