Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

45 არასამთავრობო ორგანიზაცია ჰუბერტ კნირშის განცხადებით გაკვირვებულია


სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიული პროცესის განვითარებაში გერმანიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, 45 ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აკვირვებთ საქართველოში გერმანიის ელჩის შეფასებები. კერძოდ, საუბარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის მიმართ ელჩის განცხადებაზე.

„ბატონი ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას სოფიო კილაძეზე პერსონალურ თავდასხმად აფასებს და პარალელს ავლებს პოლიტიკურ პარტიებს შორის არაჯანსაღ დაპირისპირებასთან. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულ საქმიანობას და არა ამ ორგანიზაციების „ამ დონემდე დაშვებას?”, - ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერების განმარტებით, სოფიო კილაძის მიმართ სამოქალაქო სექტორის დამოკიდებულება პერსონალური თავდასხმა კი არა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრინციპების უგულებელყოფის ხაზგასმაა.

„გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს. მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევას", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

გასულ კვირაში საქართველოს 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, რომელიც, მათი თქმით, არ აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის აუცილებელ პირობებს.

სოფიო კილაძემ სამოქალაქო სექტორის მიმართვის შეფასებისას განაცხადა, რომ მას ებრძვიან, ამიტომ გააგრძელებს „სწორი გზით სვლას და ბავშვების უფლების დაცვას“.

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში, 26 ივნისს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის დაპირისპირების თემას.

მისი წერილი მიემართებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის ერთ-ერთ ორგანიზატორს ანა აბაშიძეს („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“).

გერმანიის ელჩი შეშფოთებას გამოხატავდა სოფიო კილაძის მისამართით კრიტიკის გამო.

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მიუღებლად პოლარიზებულია პოლიტიკური ლანდშაფტი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე. მენდეთ, მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ და სხვა საელჩოებისგან, რათა აზრი შეიქმნან ყოველ წარდგენილ კანდიდატზე“, წერდა ჰუბერტ კნირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG