Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და საუდის არაბეთი აცხადებენ, რომ იარაღის ემბარგოს მოხსნა ირანს უფრო აგრესიულს გახდის


აშშ-ისა და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანისთვის იარაღზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგო, რომელსაც ვადა გასდის, უნდა გახანგრძლივდეს, რათა თეირანმა ვერ შეძლოს იარაღის მოპოვება და მისი გავრცელება ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.

რიადში 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც საუდის არაბეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ადელ ალ-ჯუბეირი მონაწილეობდა, ირანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, ბრაიან ჰუკმა განაცხადა, აკრძალვის მოხსნა თეირანს "მხოლოდ უფრო აგრესიულს" გახდის, რათა კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია დათესოს და რეგიონში გამალებული შეიარაღება დაიწყოსო.

"ეს მიუღებელი უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის. საბჭოს მანდატი მკაფიოა: საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება", - დასძინა ჰუკმა. მის გამოსვლას თან ერთვოდა იმ იარაღის დემონსტრირება, დრონების და რაკეტების ჩათვლით, რომელსაც, ორი ქვეყნის განცხადებით, ირანი აწვდის იემენში ჰუთიტ მეამბოხეებს, რათა ისინი თავს დაესხან საუდის არაბეთის ქალაქებს.

გაეროს იარაღის ემბარგო ირანს უკრძალავს კონვენციური იარაღის ყიდვას და გაყიდვას. ემბარგოს ვადა ოქტომბერში ეწურება, 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების პირობებით.

აშშ, რომელიც ბირთვულ ხელშეკრულებას 2018 წელს გამოეთიშა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა, ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ემბარგოსთვის ვადის გასახანგრძლივებლად. ჩინეთი და რუსეთი, სავარაუდოდ, ვეტოს უფლებას გამოიყენებენ უშიშროების საბჭოში და ამ ნაბიჯს შეეწინააღმდეგებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG