Accessibility links

ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება, ამბობს დავით ზალკალიანი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი 1 ივლისიდან უხსნის საზღვარს, არაოფიციალურია. დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საქართველო მართლაც იქნება ამ სიაში, თუმცა ოფიციალურ დასტურს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, უახლოეს დღეებში ელოდება.

„ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

მისი განმარტებით, მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახული რეგულაციების შესაბამისი იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციებიც.

„ველით, რომ დღეს, მაქსიმუმ ხვალ, უნდა იყოს მიღებული ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, 4 დღეა ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე და დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება”, - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 1 აგვისტომდე რეგულარული ფრენების გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაში იყო ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან და საქართველოსთველოსთვის „არანაირი დამაზიანებელი ეფექტი“ ამას არ ექნება.

„ჩვენ არ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო ეს შეთანხმებული ევროკავშირთან. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავასწრებდით ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოფიციალურად დღეს ან ხვალ უნდა გამოცხადდეს და სხვა სფეროებთან დაკავშირებით დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ევროპული საქართველო“ მთავრობას ბრალს სდებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებაში და მოუწოდებს ხელისუფლებას, რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინოს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მაინც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა.

ევროკომისიამ 27 ივნისს მიიღო სია მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოღებულ იქნა.

1 აგვისტომდე რეგულარული საერთაშორისო ფრენების გადავადების შესახებ ინფორმაცია 25 ივნისს გახდა ცნობილი. ამის მიზეზად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორი მიზეზი დაასახელა - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინი და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG