Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი ეხმაურება საქართველოს შეყვანას უსაფრთხო ქვეყნების სიაში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის წარმატებულ მუშაობას უკავშირებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან და ეფექტიანად მართა COVID-19 პანდემიის გავრცელების აღკვეთა. „საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი, რაც არაერთხელ დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით“, - ამბობს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ზალკალიანის ინფორმაციით, ქართული მხარე გააგრძელებს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს, რათა აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, მათთან კოორდინაციით ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ, მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების მომზადებას, იმისთვის, რომ „ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება ორივე მიმართულებით“.

ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ევროპულმა საბჭომ, 30 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

15 ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, შედის საქართველოც, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ჩამონათვალში საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

XS
SM
MD
LG