Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მოქალაქეებს მოუწოდა ხმა მისცენ საკონსტიტუციო შესწორებებს


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მოუწოდა ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელზეც ერთკვირიანი კენჭისყრა ხვალ დღის ბოლოს დასრულდება.

„ხვალ, 1 ივლისს ხმის მიცემის მთავარი დღეა. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, თქვათ თქვენი სიტყვა. თითოეული თქვენგანის ხმა, ძალიან მიშვნელოვანია, ყველაზე მთავარია“, - განაცხადა პუტინმა მიმართვაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

პუტინი ხაზს უსვამს, რომ ხმის მიცემით რუსები აირჩევენ ცხოვრებას ქვეყანაში, სადაც იქნება თანამედროვე განათლება და ჯანდაცვა, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საიმედო სოციალური დაცვა და ეყოლებათ ანგარიშვალდებული, ეფექტიანი ხელისუფლება.

16 მარტს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ 16 წლით მისცემს ძალაუფლებაში დარჩენის საშუალებას მას შემდეგ, რაც 2024 წელს ამოიწურება მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა.

სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, ამ საკამათო ცვლილებებს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა და რუსეთის ყველა რეგიონის მუნიციპალური ორგანოები მიემხრნენ.

თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა. მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა, და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლისათვის საჭიროა საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილე უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

ოპონენტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს რეფერენდუმის ფალსიფიცირებისათვის და მოსახლეობას მოუწოდებენ კენჭისყრის ბოიკოტირებისკენ. სხვები კი მიიჩნევენ, რომ საჭიროა საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ცვლილებების წინააღმდეგ.

კენჭისყრის მთავარი და გადამწყვეტი დღეა 1 ივლისი, რომელიც ხელისუფლებამ უქმე დღედ გამოაცხადა.

მანამდე 5 დღის განმავლობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45,7 %-მა, ჯამში 49 მილიონმა მოქალაქემ.

XS
SM
MD
LG