Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა გერმანიიდან 9500 ამერიკელი სამხედროს გაყვანის გეგმა


ამერიკელი სამხედროები გერმანიაში
ამერიკელი სამხედროები გერმანიაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 9500-ით შემცირების გეგმა. ამჟამად გერმანიაში იმყოფება 34 500 ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გადაყვანა ნატოს განამტკიცებს და რუსეთის შეკავებას გააძლიერებს.

პენტაგონში ჯერჯერობით არ ასახელებენ კონტინგენტის შემცირების თარიღს და არც იმას ამბობენ, გერმანიიდან გაყვანილი სამხედროები გადავლენ თუ არა ნატოს წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში. თავდაცვის სამინისტრო შემდგომი მოქმედების გეგმას ჯერ კონგრესს გააცნობს, შემდეგ კი კონსულტაციებს გამართავს მოკავშირეებთან.

ივნისის ბოლოს, ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ გერმანიიდან გაყვანილ სამხედროებს პოლონეთში გაგზავნიან.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გერმანია ნატოს დაფინანსების ვალდებულებას არ ასრულებს. ტრამპი უკმაყოფილოა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებითაც.

29 ივნისს, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა წარმოადგინა ბიუჯეტის კანონის შესწორება, რომელიც ზღუდავს ამერიკელი სამხედროების გაყვანისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყენებას. შესწორების თანახმად, თავდაცვის მინისტრი ვალდებულია კონგრესს აუხსნას, რამდენად შეესაბამება ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საფრთხეს ხომ არ უქმნის ნატოს ევროპელი წევრების უსაფრთხოებას.

რესპუბლიკელი სენატორის, მიტ რომნის განცხადებით, გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება.

XS
SM
MD
LG