Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ევროპის მემარჯვენე რადიკალები მიიწვია რეფერენდუმზე მეთვალყურეებად


რუსეთმა ევროპის მემარჯვენე რადიკალური მოძრაობებისა და პრორუსული პარტიების წარმომადგენლები მიიწვია მეთვალყურეებად საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმზე. ამის შესახებ BBC იტყობინება.

25 ივნისიდან მოყოლებული ევროპელები საარჩევნო უბნებს სტუმრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მეთვალყურეები არ არის კანონით გათვალისწინებული, მათ ვიზიტებს აშუქებენ რუსეთის ცენტრალური მედიასაშუალებები, მათ შორის, სახელმწიფო არხები და საინფორმაციო სააგენტოები.

კენჭისყრაზე მეთვალყურედ იმყოფებოდნენ და ანგარიშში აღნიშნეს, რომ არ ყოფილა დარღვევები: შვედეთის მემარჯვენე რადიკალური ყოველკვირეულის, Nya Tider-ის მთავარი რედაქტორი ვავრინეც სუკი; ბუნდესტაგის დეპუტატი მემარჯვენე პოპულისტური პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შტეფან კოიტერი; მისი თანაპარტიელი ბერლინის საქალაქო პარლამენტიდან ნორბერტ ლინდემანი; „მონტენეგროს უკვდავი პოლკის“ კოორდინატორი იგორ დემიანოვიჩი; იტალიის მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „ლეგა ნორდის“, ლატვიის კონსერვატიული მოძრაობა „მოქმედების“, მემარჯვენე პარტია „ბულგარეთის აღორძინების ალტერნატივის“ წარმომადგენლები, ასევე კრემლის მომხრე რუსულ მედიასაშუალებებში ხშირად ნახსენები ბელგრადის პარლამენტის დეპუტატი დრაგინია ვლკი.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაფართოვდა. ცვლილებების გატარება პუტინს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, პარლამენტს მისცემს უფლებას, პრეზიდენტის წარდგინებით დაითხოვოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, შექმნის ახალ საკონსტიტუციო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტს მისცემს უფლებას, კანონების ძალაში შესვლა დაბლოკოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი მოახერხებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

XS
SM
MD
LG