Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია-ს შეფასებით, კომუნიკაციების კომისია მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 30 ივნისის განცხადებას ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც კომისია აღნიშნავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტის მიერ 2013 წლის 12 ივლისს მიღებული კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგება და ქვეყანაში ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.

საია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის შეფასება, რომ ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულებას, სიმართლეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ საია იყო ერთ-ერთი ინიციატორი 2013 წლის 12 ივლისს მიღებული კანონისა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ავტორობით მომზადდა. კანონის მიღებაც არასამთავრობო სექტორის, მათ შორის, საიას აქტიური მონაწილეობით მოხდა და კომისიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ვეწინააღმდეგებით ჩვენი თანაავტორობით მომზადებული კანონის აღსრულებას, ლოგიკას მოკლებულია.

გვსურს განვმარტოთ, რომ განცხადებაში მითითებული სამართლებრივი დავა შეეხებოდა არა კანონის რეგულაციას, არამედ კომისიის მხრიდან ამავე კანონის მოთხოვნათა დარღვევით აღსრულებას. კერძოდ, კანონის მიღების შემდეგ, 2013 წლის 23 სექტემბერს კომისიამ დაამტკიცა ანგარიშგების ფორმები, რომლებიც მაუწყებლებისგან ითხოვდა კანონით გათვალისწინებულზე მეტი ინფორმაციის წარდგენას“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

არასამთავრობო ორგნიზაციის თანახმად, მაუწყებლები მიიჩნევდნენ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება აღემატებოდა კანონის მოთხოვნებს და ზიანს მოუტანდა მათ, როგორც კერძო კომპანიებს. საიას ინფორმაციით, კომისიის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მაუწყებელმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის განჩინებით კომისიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეჩერდა.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ისიც, რომ კომისიას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა მალევე მოუწია და არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან კონსულტაციების შემდეგ, ახალი ფორმები დაამტკიცა .

საია, ამ პროცესში, სამართლებრივ დახმარებას უწევდა რამდენიმე მაუწყებელს და არ ყოფილა მხარე. საგულისხმოა ისიც, რომ კანონის რეგულაციების ადრესატს საია არ წარმოადგენდა და შესაბამისად, კანონის აღსრულებას საია ხელს ვერ შეუშლიდა“, - მიუთითებს ორგანიზაცია.

საია მიიჩნევს, რომ კომისიის განცხადება ემსახურება ორგანიზაციის დისკრედიტაციას. ის კომისიას მოუწოდებს, გაასწოროს არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 30 ივნისის განცხადება მოჰყვა „ფეისბუკის" ადმინისტრაციის მიმართ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ნაწილის წერილს. „კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მიმართვაში, რომელსაც ხელს საქართველოში მოქმედი 50-მდე ორგანიზაცია აწერს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები „ფეისბუქისგან" წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ ქმედებებს ითხოვენ.

მათი განცხადებით, „მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუკის“ ხელთ არსებული მექანიზმები".

XS
SM
MD
LG