Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქმედითი ნაბიჯები და ხარვეზები - TI კორონავირუსთან ბრძოლის დროს ხელისუფლების საქმიანობას აფასებს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯებით ქვეყანამ თავიდან აიცილა კორონავირუსის მასობრივი გავრცელება და ადამიანის უფლებები მასობრივად არ დარღვეულა, თუმცა იყო ხარვეზები. ორგანიზაციამ ხელისისუფლების გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და სუსტ და ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.

დადებითად შეფასებული გადაწყვეტილებები:

  • ხელისუფლებამ ვირუსის წინააღმდეგ ზომები დროულად მიიღო და შეზღუდვები ეტაპობრივად გაამკაცრა. არსებული სიტუაციის შესაბამისად შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა;
  • განსაკუთრებულად მკაცრი ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტული ტერიტორიის მიხედვით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღებოდა;
  • ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შეზღუდვების გამკაცრების ან შერბილების შესახებ ჟურნალისტებისა და საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ხდებოდა;
  • ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა შესაბამის პროფესიონალებთან;
  • ქვეყანაში შიდა გავრცელებას არ ჰქონია მასშტაბური ხასიათი.

უარყოფითად შეფასებული გადაწყვეტილებები:

  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათის იყო;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები გაიზარდა;
  • ხელისუფლების გარკვეული ქმედებები შერჩევითი იყო, ხოლო ზოგიერთი შეზღუდვა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული;
  • საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის მკაცრად განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა და ადეკვატური სანქციის შეფარდებას შეუძლებელს ხდიდა;
  • არ არსებობდა პირის საკარანტინო სივრცეში მოთავსების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები;
  • ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან და უცხოელებთან კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა;
  • საგანგებო მდგომარეობის მიწურულს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG